საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაპატიმრებულია პოლიტიკური ნიშნით - ინდიკო ბჟალავა, ბალდის კანიონის მცველი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:23 - 23 ივლისი 2024 hits 6414
დაპატიმრებული ინდიკო ბჟალავა
ახალი ამბები
დაპატიმრებული ინდიკო ბჟალავა

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ბალდის კანიონის მცველი, 30 წლის ინდიკო ბჟალავა პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში ერთადერთი მოწმის გაყალბებული ჩვენებაა.

ინდიკო ბჟალავა ბალდის პროტესტის აქტიური მონაწილე იყო. მარტვილის პოლიციამ ის 12 ივნისს, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა და ამით პროტესტს ჩამოაცილა.

საქმეს ისევ მარტვილის პოლიციის გამომძიებელი ელისო ზარქუა უძღვება, რომელიც მოწმემ ჩვენების გაყალბებაში ამხილა. პროკურატურამ ჩვენების გაყალბების ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო.

„მთის ამბებთან“ ინტერვიუში შემთხვევის თვითმხილველებმა პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ქალი სოფიო შაყულაშვილი ცრუ დასმენაში ამხილეს. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ინდიკო ბჟალავას მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურას აღნიშნული მოწმეები ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ქალი, რომელიც ინდიკო ბჟალავას სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ადანაშაულებს, გელა ხურცილავას მეუღლეა. გელა ხურცილავა აპრილში იმ კომპანიაში დაასაქმეს, რომელსაც ბალდის კანიონი, 40 წლით, მრავალი კანონდარღვევით აქვს გადაცემული. შეიარაღებული გელა ხურცილავა, 11 ივნისს, ძმასთან ერთად, თავს დაესხა ბალდის კანიონის მცველებს და მინდია ბჟალავას დანით 7 ჭრილობა მიაყენა. პროკურატურამ მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დასდო.

ინდიკო ბჟალავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა სენაკის რაიონულ სასამართლოში 24 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება. ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრიცაა საქართველო, 2012 წლის 3 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია და განსაზღვრა ის კრიტერიუმები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს პირის პოლიტპატიმრად ცნობას.

  1. თუ დაპატიმრება დაკავშირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევით, განსაკუთრებით აზრის, სინდისისა და რელიგიის, გამოხატვისა და ინფორმაციის მიღების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების ხელყოფით;
  2. თუ დაპატიმრებას საფუძვლად დაედო მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი და ადგილი არ ჰქონია დანაშაულის ჩადენას;
  3. თუ დაპატიმრება, როგორც ღონისძიება, აშკარად არ შეესაბამება იმ დანაშაულის სიმძიმეს, რომლის ჩადენაშიც იქნა პირი ბრალდებული ან მსჯავრდებული და დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული;
  4. პოლიტიკური მიზეზით, პირს დაპატიმრება შეეფარდა დისკრიმინაციულად, სხვებისაგან განსხვავებით;
  5. დაპატიმრება აშკარად უსამართლო და უკანონო სამართალწარმოების შედეგია, რაც ხელისუფლების მოქმედების პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება.

სამეგრელოში, მარტვილის სოფელ ბალდაში ცხრა თვეა კარავი აქვთ გაშლილი და უწყვეტად დარაჯობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ განაახლოს კომპანიამ, რომელიც ბალდის კანიონზე ფულის საშოვნელად ბუნების უნიკალური ძეგლის დაბეტონებას, როლერის ატრაქციის, კიდული ბილიკის, ხიდებისა და გადასახედების მოწყობას აპირებს, რაც კანიონს პირვანდელ სახეს მთლიანად უკარგავს. სოფლის შუაგულში მდებარე კანიონი ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის, რადგან ე.წ. ინვესტორმა ის მთლიანად შეღობა და დაცვის პოლიცია დააყენა. კომპანიის მსხვილი მესაკუთრეები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის ვალერიან მჭედლიძის დედა ანი გიუნაშვილი, რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან,  5-5% კი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის დაფინანსებული მრავალმილიონიანი პროგრამის თანამშრომელი ლევან ციცქიშვილი და ვალერიან მჭედლიძის ბიზნესპარტნიორის, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ჯონი კაპანაძის ცოლის, ანი მოწონელიძის და ინაწილებენ. ბალდის კანიონის მცველებს კომპანია და ხელისუფლება მაქსიმალურად ავიწროებენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში