საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დარიალის ხეობაში ევაკუაცია გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:07 - 06 ივნისი 2024 hits 4063

მდინარე დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან განგაშის სიგნალის მიღების გამო, დარიალის ხეობაში ევაკუირებულია საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომელი, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებულები. სოფელ გველეთთან საავტომობილო გზა გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასიგნალო შეტყობინება 08:36 საათზე მიიღეს. საზომი დეტექტორი ცვლილებას აფიქსირებს დევდორაკის კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში.

„ტერიტორიის დათვალიერების მიზნით, უკვე აფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და გეოლოგები“, - განაცხადეს შსს-ში.

შვეიცარიულმა კომპანიამ ყაზბეგში 2015 წელს დაამონტაჟა და თვითონვე მართავს განგაშის სისტემას. ამას წინ უძღოდა ერთი წლით ადრე, მყინვარ დევდორაკიდან მთის მასის მოწყვეტა. ღვარცოფმა 2014 წლის 17 მაისს 5 ადამიანი მოკლა. სტიქია იმავე წლის აგვისტოში განმეორდა და „დარიალიჰესის“ გვირაბში მყოფი 2 მუშა დაიღუპა, დაანგრია საავტომობილო გზა, გაზსადენი, დაზიანდა საბაჟო პუნქტი და სხვა ნაგებობები.

შვეიცარიელი ექსპერტების შეფასებით, ყაზბეგში კვლავ არის მოსალოდნელი უზარმაზარი ღვარცოფი.

ამიტომაც, ე.წ. RAMMS-ის მოდელირებით, დათვლილია დრო და ვიცით, რომ 5 წუთი გვაქვს განგაშის სისტემის მიერ საფრთხის გამოვლენიდან, საქართველო-რუსეთის გზის კრიტიკულ მონაკვეთზე ადამიანების ევაკუაციისთვის.

მსგავს თემაზე - რას მალავს ხელისუფლება შოვის ტრაგედიაზე საბოლოო დასკვნაში

გარემოს ეროვნული სააგენტო, „მთის ამბებს“, სასამართლო დავის დაწყების მიუხედავად, დღემდე არ აძლევს საჯარო ინფორმაციას, რა თანხები გამოიყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ქვეყანაში ადრეული გაფრთხილებისა და განგაშის სისტემები რომ გვქონოდა.

განახლება - 14:03 სთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია. მუშაობა განაახლა სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში