საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ხელისუფლება შოვში მემორიალს ააგებს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:10 - 03 მაისი 2024 hits 1169

ონის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალს აღმართავს. მერიამ მემორიალის ესკიზზე ღია კონკურსი გამოაცხადა. მემორიალს შოვში ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარედ განათავსებენ. „ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ“, - აცხადებს ონის მერი სერგი ხიდეშელი. მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ ამავე ადგილზე დაგეგმილია ეკლესიის მშენებლობაც.

საკონკურსო დოკუმენტაციას თან ერთვის გეოლოგიური დასკვნა, რომლის თანახმადაც, მემორიალისა და ეკლესიისთვის შერჩეული ადგილი უსაფრთხოა და გასული წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ღვარცოფულ ნაკადს ამ ტერიტორიამდე არ მიუღწევია.

დაინტერესებულ პირებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ონის მერიაში პროექტების წარდგენა მაისის ბოლომდე შეუძლიათ. მერიის მოთხოვნით, მემორიალი უნდა პასუხობდეს როგორც გარემო პირობებს და საპროექტო იდეას, ასევე, თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან.

გამარჯვებული საკონკურსო წინადადების სავარაუდო ფასი 9800 ლარია, მემორიალის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება კი 200 ათასი ლარი. პროექტს სპეციალური კომისია შეარჩევს. მერია ირწმუნება, რომ კომისიის შემადგენლობაში არიან დარგის სპეციალისტები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც.

კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტს არც 2022 და არც 2023 წელს მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი არ ჰქონია. ეს არის წინასწარ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციის რისკის ხარისხს, მოსალოდნელ შედეგებს, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების მიზნით ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების წესს. კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისთვის საგამოძიებო ორგანოებს არ დაუსვამთ ონის მუნიციპალიტეტის მერის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი.

შოვში ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. პროკურატურა 9 თვეა საქმეს იძიებს. პასუხისგებაში არცერთი ჩინოვნიკი არ არის მიცემული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში