საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას - გელა მთივლიშვილი, ჟურნალისტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:55 - 13 აპრილი 2024 hits 2686
„პუბლიკას“ ფოტო
ახალი ამბები
„პუბლიკას“ ფოტო

რუსული კანონით ხელისუფლება უცხო ქვეყნის აგენტს მარქმევს, თითქოს მე ამ ქვეყანას და ხალხს კი არ ვემსახურები, სადაც ვცხოვრობ და საიდანაც წასვლას, გაქცევას არსად ვაპირებ, არამედ უცხო ქვეყანას. მოღალატედ უნდათ რომ შემრაცხონ და ამ იარლიყით, სიძულვილი გააღვივონ ჩემს მიმართ, უფრო მეტად მაქციონ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის სამიზნედ.

„ქართული ოცნების“ მიზანი არ არის მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა. თითოეული ჩვენგანი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, დადგენილი ფორმით, ყოველთვიურად აბარებს სამ სახელმწიფო ორგანოს - შემოსავლებს, სტატისტიკას, აუდიტის ზედამხედველობას. საგადასახადო სამსახურს ყოველწლიურად შემაჯამებელ ფინანსურ ანგარიშსაც წარვუდგენთ. ბევრ ორგანიზაციას ეს ანგარიშები საკუთარ ვებგვერდებზეც აქვს გამოქვეყნებული.

მაშ რატომ იღებს ხელისუფლება რუსულ კანონს?

ამ კანონით „ქართული ოცნება“ საქართველოს პოტენციურ მტრებად აცხადებს აშშ-სა და ევროკავშირს, რადგან კანონით ადგენს, რომ ამ ქვეყნების მთავრობების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში გაცემული გრანტები ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას შეიძლება მოხმარდეს.

ჩვენი მედია ორგანიზაციის - „მთის ამბების“, „საქართველოს ამბების“, მანამდე კი კახეთის საინფორმაციო ცენტრის არსებობა თითქმის მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

რომ არა მათი დახმარება, ვერც წინა და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში უბრალოდ ვერ ვიარსებებდით.

ვერ გამოვიძიებდით და ვერ ვამხელდით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, რომ ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად საკუთარი მოქალაქეები მოკლეს, რომლებსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მაშინაც იგივე პროპაგანდისტული მედია უცხო ქვეყნიდან შემოსულ დივერსანტებად გვასაღებდა. ვერ ვიტყოდით და ვერ გაჩვენებდით, როგორ ვაჭრობდნენ ცხედრებით მოკლული ახალგაზრდების ოჯახებთან; ჯერ როგორ შექმნეს უკანონო შეიარაღებული ჯგუფი და მერე როგორ გააპარეს ჯგუფის ცოცხლად დარჩენილი წევრები ქვეყნიდან.

ვერ გიამბობდით „ცოცხალი მკვდრის“ საქმეზე, ადამიანზე, რომელიც თელავის პოლიციაში სასტიკად აწამეს და აღიარებინეს, თითქოს კაცი მოკლა, წამებით მიღებული ჩვენებით კი ოთხი პირი დააპატიმრეს.

საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხელისუფლებისგან სრულად დამოუკიდებლები რომ არ ვყოფილიყავით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ვერ ვამხელდით კონტრაბანდაში, ადამიანების გატაცებასა და დასჯაში, კორუფციაში, მრავალ დანაშაულში. სწორედ კრიტიკული საქმიანობის გამო ამიფეთქეს საცხოვრებელ სახლში ორჯერ ხელყუმბარა, მესამედ კი მესროლეს. ამ დანაშაულებით მიღებული ტრავმები ჩემი ოჯახის წევრებს დღემდე მოჰყვებათ. არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ გამოუძიებია ჟურნალისტის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით სამჯერ აღძრული სხვადასხვა საქმე.

რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება, სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შევინარჩუნებდით. ივანიშვილის პარტიის მთავარი დაპირება მედიის თავისუფლება იყო, 2015 წელს კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი კლანის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ვიქეცით. რამდენიმე უშედეგო თხოვნის შემდეგ, მოსყიდვით სცადეს, რომ უარი გვეთქვა ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებაზე. გამოძიება კახეთის იმჟამინდელ გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ამხელდა, ქალაქის დასუფთავების შემდეგ, როგორ აიძულებდნენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მისი ოჯახის ნაკვეთებში უფასოდ ემუშავათ, ისე, რომ საჭმელსაც კი არ აჭმევდნენ, როგორ მოკვდა ერთ-ერთი მუშა და როგორ ჩაფარცხეს მისი სიკვდილის საქმე. ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გუბერნატორმა კორუფციაში დაგვადანაშაულა. უზენაესმა სასამართლომ, ჩვენს მიერ დაწყებული დავის შედეგად, ოთხის წლის თავზე დაადგინა, რომ გუბერნატორმა ცილი დაგვწამა და მას ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა დაავალა. 

„მთის ამბებმა“ ამხილა, როგორ გადასცა „ქართულმა ოცნებამ“ რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე, ნახევარი საუკუნით, სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორს, დავით ხიდაშელს (რაჭის ტყეების ოკუპაცია). მთელი წელი ვმუშაობდით, რაჭის 100-ზე მეტი სოფელი კარდაკარ მოვიარეთ, არაერთი სასამართლო დავა დაგვჭირდა დოკუმენტების მოსაპოვებლად, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. საბოლოოდ, მთავრობა იძულებული გახდა პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორისთვის ტყეები აღარ გადაეცა.

მზარდი კორუფცია - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობა რუსული კანონის მიღებას ცდილობს.

ქვეყანაში არ არსებობს არცერთი უწყება, რომელიც მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების მასშტაბური კორუფციის საქმეებს გამოიძიებს. ერთადერთი ვინც ამას ააშკარავებს, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვართ.

რამდენჯერ გავხდი შოვის ტრაგედიის კრიტიკულად გაშუქებისა და დანაშაულებრივ გულგრილობაში ხელისუფლების მხილების შემდეგ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების სამიზნე? ბევრჯერ. პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ მოუწოდა ჩვენს დონორებს არ დაეფინანსებინათ „მთის ამბები“. იგივე პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტება მოითხოვა, რატომ მოხვდა შოვის ტრაგედიაზე ჩვენს მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფინალისტებში.

მამხილებელი საქმიანობის გარდა, ადვოკატირების იმ კამპანიებით, რომელსაც „მთის ამბები“ უძღვება, უამრავ ადამიანს ვეხმარებით - მაგალითად, დიალიზის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში, სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგში, ჯავახეთში, ხულოში, თიანეთში და სხვაგან, პირველად მხოლოდ ჩვენი ადვოკატირების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი. ათობით სოფელში ათასობით ბავშვს მხოლოდ ჩვენი ადვოკატირების შემდეგ მიეცა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა; ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ასზე მეტი სოფლის ინტერნეტიზაციაც ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ინიციატივა და პროექტი იყო; უსახლკარო ადამიანებზე, ხანდაზმულებსა და მარტოკაცებზე, საზღვრისპირა სოფლებში შემორჩენილ ხალზე ზრუნვაც ჩვენი საქმიანობის ნაწილია.

არც მედიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს რუსული კანონით თავდაპირველად არ აკრძალავენ, მაგრამ ჩვენ არ დავირქმევთ უცხო ქვეყნის აგენტებს! ამის შემდეგ, რუსული კანონის მიხედვით, მთავრობა ჯერ დაგვაჯარიმებს, მერე საურავებს დაგვარიცხავს და ბოლოს დაგვხურავს! „ოცნების“ რუსული გეგმით ამ ქვეყანაში ასე გაქრება თავისუფალი მედია. აღარავინ დარჩება, ვინც დაჩაგრულთა პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ; ვინც მათ ხელს შეუშლით, უფრო მეტი ვერ მოიპარონ, მაგრამ საქართველო არასდროს გახდება რუსეთი.

ამ ბრძოლას ჩვენს მკითხველთან და მაყურებელთან ერთად კიდევ ერთხელ მოვიგებთ.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში