საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შოვის ტრაგედიაზე „მთის ამბების“ ფილმმა წლის საუკეთესო გამოძიების ჯილდო მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:44 - 09 დეკემბერი 2023 hits 4643

„მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმმა - დანაშაული შოვში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან წლის ყველაზე საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების ჯილდო მიიღო. ჯილდო ფილმის ავტორსა და „მთის ამბების“ რედაქტორს გელა მთივლიშვილს, დღეს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე გადაეცა.

ფილმი რაჭაში, კურორტ შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას ეხება, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა. ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა სასტუმრო „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. თავისი უმწეობისა და უუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების დაფარვა ხელისუფლებამ გათენებისთანავე დაიწყო.

არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები მატყუარებს უწოდებდნენ განსაცდელში მიტოვებულ ადამიანებს, თვითონ კი საპარლამენტო ტრიბუნიდან არ ერიდებოდნენ ტყუილებს, როგორიც არის - 3 აგვისტოს უამინდობა მთელ საქართველოში; წინასწარი შეტყობინების სისტემების არაეფექტურობა სხვა ქვეყნებში.

მთელი სახელმწიფო მანქანა მწყობრად მუშაობდა სამძებრო ოპერაციის დღეებში, რათა ტრაგედიის ადგილიდან მათთვის არასასურველ ინფორმაციას არ გამოეჟონა; ახლა კი მწყობრად მუშაობს იმისთვის, რომ კრიტიკული მედიისა და დამოუკიდებელი მეცნიერებისთვის, ყველა საჯარო უწყება დახურული იყოს, საჯარო ინფორმაცია - ხელმიუწვდომელი.

ჟურნალისტური გამოძიების ნომინაციაში ჟიურის წევრები იყვნენ: სოფო მეგრელიძე - Associated Press-ის კავკასიის ბიუროს პროდიუსერი; ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, მედიაექსპერტი; რუსუდან ცხომელიძე - USAID-ის მედია პროგრამის მრჩეველი მედიის საკითხებში; მაია წიკლაური - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი.

სხვა კატეგორიებში ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გახდნენ:

გამარჯვებული ავტორები სასწავლო ვიზიტით და გამოცდილების გასაზიარებლად ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაემგზავრებიან. ქარტიის პრიზი USAID/Georgia-ს მედია პროგრამის მიერ გაიცა. პროგრამა ხელს უწყობს მაღალი ხარისხის, ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ჟურნალისტიკის განვითარებას.

დღესვე მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად მესამედ აირჩიეს სამი წლის ვადით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში