საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„13 ჰესი და მაღალი ძაბვის ხაზები როგორ შეიძლება იყოს ხევის მომავალი?“ - პროტესტი ყაზბეგში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:31 - 08 დეკემბერი 2023 hits 6095

ადგილობრივი მოსახლეობის უარისა და რამდენიმე შეხვედრის ჩაშლის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 20-21 დეკემბერს, ყაზბეგის სოფლებში მაინც გეგმავს „კამარა ჰესის“ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების ჩატარებას - 20 დეკემბერს, 16:00 საათზე გორისციხის, 21 დეკემბერს, 11:00 საათზე კი სიონის რიტუალების სახლის შენობაში.

16.62 მგვტ-ზე გათვლილი „კამარა ჰესის“ ასაშენებლად მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მოაქციონ. ყაზბეგში უკვე მოქმედი ჰესების გამო, თერგის და ხდის ხეობები ზაფხულობით ისედაც დამშრალია, რის გამოც მოხევეები კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან.

„13 ჰესი და მაღალი ძაბვის ხაზები როგორ შეიძლება ხევის მომავალი და ხევისთვის სიკეთე იყოს?

ხალხის პოზიცია რაც ორი წლის წინ იყო, იგივეა, ორი წლის წინ ჩვენ ამ კომპანიას უარი ვუთხარით. „კამარა ჰესის“ პროექტი არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც 13 ჰესი უნდა აშენდეს ყაზბეგში. თუ ეს გავიდა, მერე რა რას ვეტყვით, შემდეგი რატომ არა?

აქ ხალხი ვეღარ იცხოვრებს და სამმა კაცმა რომ მილიონები იშოვოს, ამიტომ აქედან ხალხი ვერ აიყრება.

ისიც არ ვიცით, ვის აძლევენ ხევის მიწა-წყალს. იმასაც არ კადრულობენ, რომ სახელი და გვარები თქვან, ვინ დგას ამ კომპანიის უკან. ოფშორში რეგისტრირებული... იქნებ მტრები არიან? სასაზღვრო რეგიონში მიწა-წყალს აძლევ კომპანიას, ნებისმიერ ასეთ პროექტში პირველი არის სახელმწიფო უსაფრთხოება. რაც ბოლოს პატარა ჰესები აშენდა ამ ქვეყანაში, სულ ყველგან მაინერების ფერმებია ჩადგმული და ფულს აკეთებენ. ამის მაგალითია ხევსურეთი“, - ამბობს შოთა ბუჩუკური, ყაზბეგის მკვიდრი.

„დარიალის ხეობაში აშენებული სამი ჰესიდან მეპატრონეებმა 108 მილიონი გაიტანეს. ჩვენ, მოხევეებმა რა ვიხეირეთ? არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც კობიდან საზღვრამდე თერგი მილში უნდა იყოს მოქცეული.

როგორ უნდა ვიცხოვროთ მერე აქ?“- აღნიშნავს ადგილობრივი შავლეგ საბაური.

შპს „კამარა ენერჯის“ რუსული კავშირების შესახებ „მთის ამბებმა“ რეპორტაჟი სექტემბერში მოამზადა. ყაზბეგში ბოლოს აშენებული „ლარსი ჰესისა“ და „დარიალი ჰესის“ მსხვილი მესაკუთრეც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, „კამარა ჰესის“ პროექტი განხორციელდება, თუ მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება.

„როგორც ვიცი, დიალოგის პროცესია, რომელიც უნდა შედგეს მოსახლეობასთან. თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა. ინვესტორმა თავის დროზე გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში. როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, არის სოციალური საკითხები, კომპენსაციის საკითხები, ეკონომიკური საკითხები და ა.შ. თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა ჰქონდეს, ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ადგილობრივი აქტივისტების ცნობით, „კამარა ჰესის“ პროექტს აქტიურად ლობირებს ყაზბეგის მერი და მისი დავალებით ამ პროცესში სხვა საჯარო მოხელეებიც არიან ჩართულნი. 21 ნოემბერს „მთის ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა სცემა ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც „კამარა ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებს. ინციდენტი სოფელ არშაში, სამგლოვიარო ცერემონიაზე მოხდა.

მოსახლეობის პროტესტსა და „მთის ამბების“ რეპორტაჟს სხვადასხვა სააგენტოს საშუალებით, ფასიანი განცხადებით გამოეხმაურა შპს „კამარა ენერჯი“.

„გარემოზე ზრუნვის კეთილშობილური მიზნით შენიღბული ეს მავნე, დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც ორგანიზებულია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, მათი მედიის და მათთანვე აფილირებული „ექსპერტებისა“ თუ ე.წ. „ეკო-აქტივისტების“ მიერ, სინამდვილეში, მიზნად ისახავს საქართველოს და, განსაკუთრებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, წინასწარ შეცნობით ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გზით ხალხის დაზაფვრას და საბოლოო ჯამში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგის - ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის ხელის შეშლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია ხაზს უსვამს, რომ „მოსახლეობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის“ შედეგად პროექტი შეიცვალა და ჰესი, რომლის გვირაბი მთელ ხეობას ფარავდა გადაკეთდა 16,5 მგვტ-იან ფოლადის მილსადენიან, შედარებით მარტივ პროექტად; ჰესის დაგეგმარების ფარგლებში არაერთი გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევა ჩატარდა უმწიკვლო რეპუტაციის მქონე, მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო კომპანიებისა და ქართველი სპეციალისტების მიერ. „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ „კამარა ენერჯის“ დაკვეთით მომზადებული პროექტის გეოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია გეოლოგის პროფესორი არჩილ მაღალაშვილი. იგი რაჭაში, კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეოლოგიური ნაწილის ავტორიცაა. გეგმა ონის საკრებულომ 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებმა 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლება მიიღეს. 7 თვეში, 2023 წლის 3 აგვისტოს, ზუსტად ეს ტერიტორია ბუბის მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მთლიანად დაფარა და ყველაფერი გაანადგურა, დაიღუპა 33 ადამიანი.

„კამარა ენერჯი“ ფასიანი განცხადებით ასევე უარყოფს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში მდინარეს დაშრობა ემუქრება. კომპანია პირობას დებს, რომ წყალმცირობის ყველაზე კრიტიკულ და მგრძნობიარე პერიოდშიც კი, მდინარე თერგში ეკოლოგიური ხარჯი დაცული იქნება „საუკეთესო საერთშორისო პრაქტიკის შესაბამისად“.

„კამარა ენერჯი“ მოსახლეობას ჰპირდება, რომ ისინი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტო სოციალურ მხარდაჭერას მიიღებენ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გარკვეული შეთანხმებებიც მიღწეულია.

ინვესტორის რუსულ კავშირებს კომპანია კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ერთადერთი აქციონერი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. „არც უჩა მამაცაშვილს (ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი) და ვინმე კარიჭაშვილს, რომელთა სახელებს განზრახ ტირაჟირებენ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები და აღმსრულებლები, აღნიშნულ პროექტთან არანაირი შეხება არ გააჩნიათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორები: ქრისტინე ქათამაძე, გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში