საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

დავით ხიდაშელი ამბობს, რომ რაჭის ტყეებზე მიღებული ლიცენზია გაყიდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:32 - 15 ნოემბერი 2023 hits 3090

სანქცირებული რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის, თუმცა გაყიდა კომპანია - შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ და შესაბამისად, რაჭასა და ქვემო სვანეთის ტყეებზე მიღებული ლიცენზიაც.

ხიდაშელმა სხვადასხვა მედიასაშუალებას განცხადება თავად მიაწოდა:

„ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.

გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის.

დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც „ქართულ ოცნებასთან“ არ ვარ დაახლოებული“, - უთხრა ხიდაშელმა მედიას.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში ჯერ რაიმე ცვლილება ასახული არ არის.

სანქცირებული რუსი ოლიგარქის პარტნიორისთვის რაჭასა და ქვემო სვანეთში, 49 წლით, 104 712 ჰექტარი ტყის გადაცემის ამბავი „მთის ამბებმა“ პირველად 2022 წლის 22 აპრილს გაახმაურა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმება მოითხოვეს.

2023 წლის 17 ივლისს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი კანონდარღვევა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეები რუსეთ-საქართველოს საზღვარს და რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ეკვრის.

19 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელის კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს. ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ ხიდაშელის კომპანიის დაჯარიმებაზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

24 ივლისს, „მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურას მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. პროკურატურამ საქმეზე წინასწარი შესწავლა დაიწყო. 

26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრებმა თამარ კორძაიამ, თეონა აქუბარდიამ და ხათუნა სამნიძემ პრესკონფერენცია გამართეს და პროკურატურისგან დარღვევების გამოძიება მოითხოვეს. დეპუტატებმა ისაუბრეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზეც. პრესკონფერენციის გამართვამდე ისინი საქმის დეტალებს რაჭაში გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საშემოდგომო სესიაზე პასუხისმგებელ მინისტრებს პარლამენტში დაიბარებდნენ. 

აგვისტოში რაჭის სოფლების მცხოვრებლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ორგანიზებით საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს და მთავრობისგან უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.

13 სექტემბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხიდაშელის კომპანიისთვის რაჭის ტყეების გადაცემა შეჩერებულია.

22 ოქტომბერს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ხელისუფლება რაჭაში განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის მქონე ტერიტორიის შექმნას გეგმავს, რომელიც რაჭის ტყეებს და სოფლების მიმდებარე ტერიტორიებსაც მოიცავს. მისივე თქმით, ამგვარი სტატუსის დაცული ტერიტორიის შექმნა ვერ იქნება თანხვედრაში რაჭის ტყეებთან დაკავშირებით უკვე გაცემულ ლიცენზიასთან და სამინისტრო მის გასაუქმებლად შესაბამის ზომებს იღებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში