საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

არ იყო საჭირო, რომ [ღამით ფრენა] გაერისკათ პილოტებს - შს მინისტრი შოვის ტრაგედიაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:55 - 14 აგვისტო 2023 hits 8947

„უსაფრთხო ადგილას იყვნენ [ჩარჩენილი მოქალაქეები] და არ იყო საჭირო, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო“, - ასე ახსნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვში, სტიქიური უბედურების პირველ ღამეს, სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართულობის შეჩერება. შს მინისტრი სტიქიური უბედურებიდან მხოლოდ მე-11 დღეს გამოჩნდა რაჭაში, სადაც დამანგრეველი ღვარცოფის შედეგად 24 ცხედარია ნაპოვნი, 9 ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ.

თითქმის 60%, ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის, უკვე შემოწმებულია, პირველად დონეზეა დასული. ალბათ, რამდენიმე დღე დასჭირდებათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს. შემდეგ გადაერთვება ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე, მდინარის 50 კილომეტრიან მონაკვეთს ამუშავებენ, კონტროლდება, ამბროლაურამდე თითქმის. მერე უკვე დაბლა უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება ამბროლაურის ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, - აღნიშნა მინისტრმა ძებნის სამუშაოებთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რატომ დასჭირდათ ვერტმფრენებს თბილისიდან შოვში ჩასაღწევად 3 საათი და დაიწყო თუ არა სამაშველო ოპერაცია დაგვიანებით, შს მინისტრმა თქვა:

ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით სამ საათში. ვერტმფრენი არ არის არც ველოსიპედი და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე, ამას მომზადება სჭირდება.

ამინდი იყო ძალიან ცუდი, თითქმის ორი საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში, მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი. იმუშავეს, შუაში, სადაც კუნძულზე 70 ადამიანი იყო, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. მეორე მხარეს, სადაც ფერდობზე, იქ ჩვენი პოლიციელებიც ადგილზე იყვნენ, საკვებიც, უსაფრთხო ადგილი იყო, დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ, მეორე დღეს დანარჩენი ადამიანები გამოვიყვანეთ.

რაც შეეხება რატომ არ დაფრინავდნენ ღამე, ამაზე ასჯერ მაქვს ახსნილი, ვინც ავიაციაში ერკვევა, ყველას კარგად ესმის,

ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები გვაქვს, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ, თუმცა არის ძალიან დიდი რისკი, ასე რომ ვთქვათ, თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, რომ პილოტებმა გარისკონ, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული“.

მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს სამი ახალი ვერტმფრენი უკვე ნაყიდი აქვს, პირველ ვერტმფრენს სამინისტრო 2024 წლის მარტში მიიღებს და დანარჩენ ორსაც წლის ბოლომდე.

„ვერტმფრენი მანქანა ხომ არ არის, გახვიდე ბაზრობაზე და იყიდო?! რიგებია და სადღაც ერთი წელი ვმუშაობდით თითქმის, უკვე ნაყიდი გვაქვს და სწავლება უნდათ პილოტებს, გადამზადება და ა.შ.

რაც შეეხება - „მერე აღარ მოხდება?!“ - მაგაზე ვერავინ ვერ გაზღვევს, ამასაც (არსებულ ვერტმფრენებს) შეუძლია იგივე, რაც იმას შეუძლია, უბრალოდ ისინი ახლებია. ისინი ევროპულია და უფრო დახვეწილია, ესენი კი საბჭოთა კავშირის დროინდელი ვერტმფრენებია. ორი გვყავს ახალი, პატარა, რომელშიც ბევრი ხალხი ვერ ეტევა. ტექნიკურად აბსოლუტურად გამართულია. არცერთი პილოტი არ აფრინდება, თუ ვერტმფრენი გამართული არ არის. უტარდება ტექდათვალიერება ყოველ წელს და ჩათვალეთ, რომ ახალი ვერტმფრენია, უბრალოდ ძველი გამოშვებაა და ძველს ხომ არ ვიყიდით ისევ? ვიყიდეთ ახლები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს ამ დროისთვის არცერთი სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავს, რის გამოც სამაშველო ოპერაციებში სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების ვერტმფრენები ერთვებიან. ღამით ვერტმფრენების ფრენასთან დაკავშირებით მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა: „რისკია, რისკია, ღამე არ არის ისეთი ხედვა, ხეობაა, მთა არის და შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ, გუდაურში. გამოძიება მიმდინარეობს კიდევ. იქაც გარისკეს პილოტებმა. ადამიანი ცოცხალი იყო, თუმცა მოხდა უბედურება. იგივე შეიძლება განმეორდეს და როცა უსაფრთხოდ არიან მთაზე, სადაც არ შეიძლება მეწყერი მოხდეს, ან მდინარე ადიდდეს, რატომ უნდა გარისკოს“.

შს მინისტრს ჰკითხეს წინასწარი მონიტორინგის სისტემებთან დაკავშირებითაც - რომ ყოფილიყო ასეთი სისტემა მდინარე ბუბას ხეობაში, ავიცილებდით თუ არა ტრაგედიას თავიდან და მსხვერპლი უფრო მცირე თუ იქნებოდა.

„არვიცი, სიჩქარე, რა სიჩქარით მოძრაობდა მეწყერი. თუ ჩამოვიდა დაახლოებით ერთ წუთში, ვერაფერს ვერ აიცილებდი და ვთქვათ, თუ მოუნდა 10-12 წუთი, ეს უკვე ექსპერტებმა უნდა თქვან. მე მაგას ვერ გეტყვით, რამდენ წუთში ჩამოვიდა მეწყერი“, - მინისტრის თქმით, რა მოწყობილობებიც არ უნდა დავაყენოთ, „კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი ვართ და ბუნებრივი კატასტროფები წამების თემაა [წამებში ხდება]:

„არის ათასობით სოფელი, ათასობით ოჯახი, რომლებიც უნდა გავასახლოთ მაშინ, პირდაპირ გეუბნებით, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ იქით, ყაზბეგამდე. სულ ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, მაგას ვერ გავექცევით სამწუხაროდ. მსოფლიოშია მასე.

რაც მოხდა ჰავაიზე, აგერ, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. ხდება ხო, ამერიკაა ხო, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანაა, ვერტმფრენებიც ჰყავთ ჩვენზე მაგარი, ავიაციაც, მაგრამ მოხდა, ხდება, ნუ ბუნებაა, რა ვქნათ, სამწუხაროა, დიდი უბედურებაა“.

„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 აგვისტოს, წერილობით მიმართა კითხვით, სად იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის უწყებაც შოვში სამაშველო/საძიებო ოპერაციას ატარებს. პასუხი ვერ მივიღეთ. გომელაურმა, რომელიც სტიქიური უბედურების შემდეგ, რაჭაში, 13 აგვისტოს პირველად გამოჩნდა, თქვა, რომ ის გუშინ დაბრუნდა საქართველოში თურქეთიდან, სადაც სამკურნალოდ მძიმედ ავადმყოფი მამა ჰყავთ გადაყვანილი.

„გუშინ ჩამოვფრინდი. მგონი, ყველამ კარგად იცის, სადაც ვიყავი. სამწუხაროდ, თითოეული ნაბიჯი, სადმე რომ მივდივარ, ყველაფერი იციან და ეს რატომღაც ვერ გაიგეს, სად ვიყავი. თურქეთში, საავადმყოფოში ვიყავი ორი კვირა, მამა მყავს ცუდად და თავზე ვედექი. ახლაც იქ არის და ძალიან მძიმედ არის. სამწუხაროდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და ზოგი ჰავაიზე მასვენებდა, ზოგი სხვაგან. მგონი, ეს ძალიან მძიმეა და ცუდი. არ შეიძლება ასეთი რაღაც. იგივე, რაც კახა კალაძეზე გააკეთეს, ოჯახზე, ეს არის სიბინძურე, ეს პოლიტიკა აღარ არის. იგივე, როგორც ჩემზე, ვითომ ვისვენებ და არ ჩამოვედი, ასე დაისვენონ ჩვენმა მტრებმა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში