საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭის ტყეების საქმეზე დავით ხიდაშელის კომპანიას სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:05 - 19 ივლისი 2023 hits 4976

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დავით ხიდაშელის კომპანიას შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი, მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად.

„მთის ამბებმა“ 17 ივლისს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - რაჭის ტყეების ოკუპაცია. 18 ივლისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან წერილობით გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, კერძოდ, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ მიერ, სამინისტროში წარდგენილი - სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი.

დღეს, 19 ივლისს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ხიდაშელის კომპანიას სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი სამინისტროში არ წარუდგენია, რითაც ლიცენზიით დადგენილი პირობები დაარღვია. დეპარტამენტმა კომპანიას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ ასევე ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე, სამინისტროში წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. კომპანიამ ეს ვალდებულებაც არ შეასრულა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამაზე შეადგინა.

ადმინისტრაციული სამარალდარღვევა სახდელის სახით, პირველ ჯერზე 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის 22-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის.

კანონი ლიცენზიის გაუქმებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ ხიდაშელის კომპანიას სამჯერ დააჯარიმებენ და ლიცენზიის პირობებს არ შეასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და რაჭის სათემო ორგანიზაცია ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართეს, თუმცა საქმის განხილვა ჯერ დაწყებული არ არის.

დავით ხიდაშელი პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენია. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით, ნახევარი საუკუნით მისთვის გადაცემული ფართობი რაჭის 81 და ქვემო სვანეთის 2 სოფლის გარშემო მდებარე ტყეებს მთლიანად მოიცავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში