საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ცვლილებები ადვოკატირების შემდეგ - 25 მლნ გამოიყო საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:49 - 12 აპრილი 2023 hits 6443

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბორჯომის, ტყიბულის, დმანისის, წალკის, საგარეჯოს, ონის სოფლებში - ტაბაწყურში, მუხურაში, ირგანჩაიში, ამამლოში, ლამბალოში, თრიალეთში, კაბურში, ღარში საბავშვო ბაღების ასაშენებლად ტენდერები გამოაცხადა და დაახლოებით 25 მილიონი ლარი გამოყო. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ამ სოფლებში საბავშვო ბაღების გახსნა პეტიციებით გასული წლის ბოლოს მოითხოვეს.

ბორჯომის სოფელ ტაბაწყურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 732 000 ლარი გამოიყო. ტაბაწყურის თემი სოფელ მოლითსაც მოიცავს. ორივეგან ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, 750-ზე მეტი ადამიანი. ტაბაწყური ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზეა. უახლოესი საბავშვო ბაღი დაბა წაღვერშია, რომელიც 42 კილომეტრით არის დაშორებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც რომ არსებობდეს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ყოველდღიურად 84 კილომეტრის გავლა ძალიან რთულია. ამიტომაც, ბაღში არავის უვლია. ტაბაწყურის მოსახლეობამ, „მთის ამბების“ მხარდაჭერით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პეტიციით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

50 ბავშვზე იქნება გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში. პროექტის სატენდერო ღირებულება 2 582 000 ლარია. მუხურა ტყიბულის რაიონში ერთადერთი მაღალმთიანი სოფელია. უახლოესი საბავშვო ბაღი ქალაქ ტყიბულშია. სოფლის სხვადასხვა უბნიდან ტყიბულამდე 10-14 კილომეტრია, ორივე გზა 20-28 კილომეტრი. მკაცრი კლიმატური პირობების - თოვლის, ლიპყინულის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობის გამო, ტყიბულიდან მუხურასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ნოემბრიდან აპრილამდე, 4-5 თვის განმავლობაში პრობლემურია და გადაადგილება სირთულეებთან არის დაკავშირებული. მუხურაში ამ დროისთვის სკოლამდელი ასაკის 40-მდე ბავშვი ცხოვრობს.

7 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული დმანისის სოფლებში ამამლოსა და ირგანჩაიში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. თითოეული ბაღი 125 ბავშვზე იქნება გათვლილი. სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს სრულდება და მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეში უნდა დამთავრდეს. ორივე სოფელში საბავშვო ბაღების გახსნა მოსახლეობამ პეტიციებით მოითხოვა. დმანისის საკრებულომ არცერთი პეტიცია არ დააკმაყოფილა, რაც „მთის ამბების“ მხარდაჭერით, სასამართლოში გასაჩივრდა. სამოქალაქო აქტივისტების ლაშა ჩხვიმიანისა და რუსლან ომაროვის სარჩელებს, რომლითაც ისინი ირგანჩაისა და ამამლოს თემში საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვენ, ბოლნისის რაიონული სასამართლო განიხილავს. სამოქალაქო აქტივისტებმა დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველსაც. საქმე იმაშია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. ეთნიკურად ქართველებით დასახლებული სოფლებისგან განსხვავებით, საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო.

კრიტიკულად უთანასწორო მდგომარეობაა საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც. რაიონში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა, სადაც მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 33% ცხოვრობს (17 ათასამდე ადამიანი). უმცირესობით დასახლებულ 9 სოფელში გამონაკლისი მხოლოდ დუზაგრამაა, 30-მდე ბავშვზე გათვლილი ერთადერთი ბაღით. სოფელ ლამბალოში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით, ახალგაზრდებმა საგარეჯოს საკრებულოში პეტიცია გასული წლის დეკემბერში წარადგინეს. ლამბალოში სკოლამდელ განათლებაზე ხელი 300 მდე ბავშვს არ მიუწვდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა 10 აპრილს გამოაცხადა ტენდერი სოფელ ლამბალოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 800 000 ლარია. წინადადებების მიღება 10 მაისს მთავრდება და მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს.

3 600 000 ლარი უკვე გამოიყო წალკის ორ სოფელში - თრიალეთსა და კაბურში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. თითოეული ბაღი 75 ბავშვზე უნდა იყოს გათვლილი. წალკის მერია ირწმუნება, რომ სკოლამდელი განათლების დაწესებულების მშენებლობა დაგეგმილია სოფელ ახალშენშიც, რომლის მოსახლეობამაც საკრებულოს პეტიციით გასული წლის ნოემბერში მიმართა. წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის დახმარებით განახორციელეს.

საბავშვო ბაღების გახსნისა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მოთხოვნით, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 11 მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16 პეტიცია წარადგინა. 11 მუნიციპალიტეტიდან 9-ში (ახალქალაქი, წალკა, დმანისი, საგარეჯო, ბორჯომი, საჩხერე, ჭიათურა, ცაგერი, ასპინძა) პეტიციის მექანიზმი პირველად იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ პეტიცია, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა თვითმმართველობის განხორციელებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით 7 წლის წინ განისაზღვრა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ბოლოს მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის ახალი სამთავრობო პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში