საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

საკრებულომ სასამართლოში საქმის წაგების შემდეგ „მთის ამბების“ ჯგუფი სხდომაზე არ დაუშვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:49 - 26 იანვარი 2023 hits 4015

რამდენიმე დღის წინ, „მთის ამბებმა“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას რაიონულ სასამართლოში საქმე მოუგო - ადგილობრივი ხელისუფლებისგან ხუთი თვეა ვითხოვთ, მოგვაწოდოს საჯარო ინფორმაცია, 2013 წლიდან დღემდე, რამდენი ათასი ან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა ჩინოვნიკების პრემია-დანამატებზე. ხელისუფლება ამ ინფორმაციას გვიმალავს. არადა, მთელი 10 წლის განმავლობაში, ადგილობრივ ბიუჯეტში საკმარისი თანხების არქონით ახსნეს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში საბავშვო ბაღების არარსებობა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი განათლების დაწესებულება თითქმის ყველა ქართულ სოფელს აქვს, გარდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებისა, სადაც მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 33% ცხოვრობს (17 ათასამდე ადამიანი).

უმცირესობით დასახლებულ 9 სოფელში გამონაკლისი მხოლოდ დუზაგრამაა, 30-მდე ბავშვზე გათვლილი ერთადერთი ბაღით.

სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა მისი სკოლამდელი განათლების საფეხურიდან დაწყებაა, მაგრამ წლების განმავლობაში სახელმწიფო არაფერს აკეთებს ქართული ენის სწავლების ხელშეწყობისთვის.

კახეთის რეგიონში 32 183 ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, საიდანაც 67%-ზე მეტი, 21 672 ადამიანი სახელმწიფო ენას არ ფლობს.

ასეთივე, კრიტიკულად უთანასწორო მდგომარეობაა ქვემო ქართლში. რეგიონში 5 ათასზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღების მიღმაა დარჩენილი.

დმანისის მუნიციპალიტეტის 57 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ შვიდშია. რაიონში მოსახლეობის 65% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

ბოლნისის რაიონშიც, 48 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ხუთშია. რაიონში მოსახლეობის 63% ეთნიკური აზერბაიჯანელია. საბავშვო ბაღი უმცირესობით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის.

წალკის მუნიციპალიტეტის 43 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ ექვსშია. მოსახლეობის დაახლოებით 53% ეთნიკური უმცირესობებია. აქედან - 39% სომეხია, თითქმის 7% აზერბაიჯანელი და ამდენივე ბერძენი. საბავშვო ბაღი სომხებით და ბერძნებით დასახლებულ არცერთ სოფელში არ არის. სკოლამდელი განათლება სომხებით დასახლებულ მხოლოდ ერთადერთ სოფელში - კიზილ-კილისაშია ხელმისაწვდომი.

კანონმდებლობა თვითმმართველობებს პირდაპირ ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება. განათლების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული.

2022 წლის 23 დეკემბერს, „მთის ამბების“ მხარდაჭერით, ქეშალოში, კაზლარსა და მუღანლოში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საგარეჯოს საკრებულოს პეტიციით მიმართეს და სოფელ ლამბალოში საბავშვო ბაღის მოწყობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მოითხოვეს. მხოლოდ ლამბალოში 300-ზე მეტ ბავშვს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდება. ეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პეტიციის მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევაა, არადა, პეტიცია, როგორც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა თვითმმართველობის განხორციელებაში, კოდექსით 7 წლის წინ განისაზღვრა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, 23 დეკემბერს წარდგენილი პეტიციის საკითხზე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 86-ე მუხლით დადგენილი ვადის უხეში დარღვევით, მხოლოდ დღეს იმსჯელა და განსახილველად მერიას გადაუგზავნა.

საგარეჯოს საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის შესაბამისი წესები. კანონმდებლობით საკრებულოს სხდომა ღიაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს. ამის მიუხედავად, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „მთის ამბების“ ჟურნალისტი და ადვოკატირების ჯგუფის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

საკრებულოს და მერიის შენობის შესასვლელში, საგანგებოდ იყვნენ მობილიზებული დაცვის პოლიციის თანამშრომლები. თქვეს, რომ დავალება ჰქონდათ საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარისგან, ალექსი გილაშვილისგან, ჟურნალისტები საკრებულოს შენობაში არ შეეშვათ.

დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიერ ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევით, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რეაგირებისათვის, „მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112) ერთი საათის განმავლობაში 4-ჯერ მიმართა. ყოველ ჯერზე ოპერატორებმა თქვეს, რომ შეტყობინება საგარეჯოს პოლიციას გადასცეს. პოლიციის რაიონული სამმართველოდან საკრებულო-მერიის შენობამდე ავტომობილით მაქსიმუმ 2-3 წუთის მანძილია, სამართალდამცავები კი საერთოდ არ გამოჩდნენ.

„მთის ამბები“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში