საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ენკასთან“ გვაქვს მოლაპარაკება, რომ „ნამახვანის“ პროექტი განხორციელდეს - დავითაშვილი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:13 - 06 ოქტომბერი 2022 hits 3674

„ენკამ“ კონტრაქტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს. თუმცა, ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ ამ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს. ჩვენთვის „ნამახვანი“ რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება მეტი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ეკონომიკის მინისტრს ნამოხვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებით კითხვა „ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა: „მოსახლეობის მაღალი ინტერესის გამო მინდა გკითხოთ, რა მდგომარეობაა ნამახვანჰესზე, რას აპირებთ ამ მიმართულებით, როგორია ამჟამად მდგომარეობა სახელმწიფოსა და „ენკას“ შორის“.

ნამოხვანის ჰესების კასკადი, რომლის მშენებლობაც თურქულმა კომპანიამ „ენკა რინიუებლზმა“ დაიწყო, ორ ჰესს მოიცავს - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრია. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

საქართველოს მთავრობამ კომპანიას ჰესების მშენებლობისთვის რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. კომპანიას ხეობის დიდი ნაწილი იქამდე გადაეცა, ვიდრე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, რომელიც თავის წინააღმდეგობას მოსალოდნელი საფრთხეებით და მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებით ხსნიდა.

ჰესების კასკადის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები ადგილობრივ მცხოვრებლებსა და  „მწვანე ალტერნატივას“ სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ორი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია.

„ენკა რინიუებლზმა“ საქართველოს მთავრობას გასული წლის სექტემბერში აცნობა, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებაზე უარს ამბობდა და 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტდა.

2022 წლის აპრილში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ნამახვანჰესი“, „ნენსკრაჰესი“ და „ხუდონჰესიც“ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა აშენდეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში