საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა ღირს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:07 - 29 ივლისი 2022 hits 35050
ვერტმფრენი „S-92“
ახალი ამბები
ვერტმფრენი „S-92“

„S-92“-ს, რომელსაც ამერიკული კომპანია „sikorsky“ აწარმოებს, საგანგებო სიტუაციებისთვის იყენებენ ავსტრალიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩინეთში, მექსიკაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, ინგლისში, ამერიკაში, ირლანდიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში.

თავდაპირველად ვერტმფრენი სამხედრო დავალებებს ასრულებდა, შემდეგ წლებში კი სპეციალური სამაშველო დახმარებისთვის უფრო გამოსადეგი გახდა. „S-92“-ს შეუძლია 22 ადამიანის გადაყვანა. სიჩქარე, სტაბილიზაცია და გამართული მართვა ამ ვერტმფრენის დადებითი მხარეა. მას მოიხსენიებენ როგორც დამყოლ და მარტივად სამართავ ვერტმფრენს, შეუძლია ავტომატურად 15 მეტრამდე მიწაზე დაშვება და სტაბილიზაციის შენარჩუნება, 360 გრადუსზე პატარა პერიმეტრზე მობრუნება. „S-92“ ერთ-ერთი პირველი ვერტმფრენია, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს და ყოფილი გაერთიანებული საავიაციო სამსახურის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„S-92“ აღჭურვილია მექანიზმით, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს შეტაკების შედეგად ბენზინის ავზის აფეთქების შანსი. ის გათვლილია ზღვაზე, მთებში და უდაბნოში საფრენად. მისი ნაწილები უფრო დიდხანს არის მწყობრში, ვიდრე სხვა ვერტმფრენების. გამოიყენება გრძელ დისტანციაზე საფრენადაც. აღჭურვილია რამდენიმე საკაცით, თოკით, რომელზეც საკაცე ებმება, კიბით, გასაბერი ნავით და გათვლილია თითქმის ნებისმიერი სამაშველო ოპერაციისთვის.

„S-92“-მა 2016 წელს ჩაანაცვლა „EC225 Super Puma“, მას შემდეგ, რაც იმავე წლის 29 აპრილს
„Super Puma“, რომელსაც ჩრდილოეთის ზღვიდან ნავთობზე მომუშავე ხელოსნები გადმოჰყავდა, კუნძულ ტუროიასთან (ნორვეგია) ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ცამეტივე ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ე.წ. „კუდის როტერის“ მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ამის გამო, ბევრმა ქვეყანამ და კომპანიამ უარი თქვეს „Super puma“-ს გამოყენებაზე და „S-92“-ით ჩაანაცვლეს.

„Sikorsky“-ის, სპეციალური სამაშველო ჯგუფებისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 6700 ვერტმფრენამდე აქვს გაყიდული. ახალი ვერტმფრენის გასაყიდი ფასი 26 მილიონი აშშ დოლარია.

„S-92“-ზე ბევრად იაფი, 9 მილიონი აშშ დოლარი ღირს MH-65 Dolphin, რომელიც ფრანგული წარმოების Eurocopter AS365 Dauphin-ის ამერიკული ვერსიაა.

2014 წლიდან მას კომპანია Airbus Helicopters აწარმოებს. 

MH-65 არის ორძრავიანი ვერტმფრენი, რომელიც აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ 1980-იანი წლების დასაწყისიდან გამოიყენება სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების დროს, სამედიცინო ევაკუაციისთვის ყველაზე მძიმე კლიმატურ პირობებში, მაღალ სიმაღლეზე ან ცხელ ამინდში.

მისი უნიკალური მახასიათებელია ფრენის მართვის კომპიუტერიზებული სისტემა, რაც უზრუნველყოფს ფრენის ავტომატურ კონტროლს.

პილოტის მითითებით, სისტემა ვერტმფრენს ობიექტამდე 15 მეტრის სიმაღლეზე უსაფრთხოდ გააჩერებს, რაც მნიშვნელოვანია სიბნელეში ან ცუდ ამინდში მუშაობის დროს, ხოლო ავტომატური ძიების სქემები პილოტს და მეორე პილოტს საშუალებას აძლევს, ფოკუსირდნენ  ობიექტის დანახვასა და ძებნაზე.

ვერტმფრენის სიგრძე 13.53 მეტრია, სიმაღლე 4.8 მეტრი, ფიუზელაჟის დიამეტრი 2.38 მეტრი.

საქართველოს არ აქვს არცერთი სამაშველო ვერტმფრენი, არადა მხოლოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2020-2021 წლებში 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

რატომ არ აქვს ქვეყანას ერთი სამაშველო ვერტმფრენი მაინც, „მთის ამბები“ ამ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

გუდაურში სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“, 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი. ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტის და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში