საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შს მინისტრმა დაადასტურა, რომ გუდაურში 8 ადამიანი დაიღუპა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:29 - 29 ივლისი 2022 hits 4736

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და აფეთქების შედეგად, 8 ადამიანია გარდაცვლილი.

„პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს. 6 ადამიანი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორნი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები იყვნენ. ძალიან ცუდი, უბედური შემთხვევა მოხდა. ვიდეოკადრიც გავრცელდა, რომ ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხდა მისი ვარდნა. მეტი ჯერ-ჯერობით არაფერი ვიცით. ექსპერტები იმუშავებენ, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა. აქედან გამომდინარე, უკვე პასუხი გვეცოდინება სავარაუდოდ. სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი, ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით დაფრინავდა. მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა და ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. დაშავებული ვინც არის, ის უკვე ამოიყვანეს.

რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ სამაშველო ოპერაცია არ გახდეს საჭირო. არის გარდაცვალების ფაქტებიც. უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს.

პარაპლანების ჩამოვარდნა აქ ხშირად ხდება. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები. ეს ლიცენზია როგორ გაიცემა, საინტერესოა ყველაფერი და ამას აუცილებლად ჩავყვებით. სანამ დამთავრდება, ამ დღეების განმავლობაში, ჩემი აზრით, ყველანაირი პარაპლანებით ფრენა უნდა გაჩერდეს და შესწავლის შემდეგ ლიცენზია იმ ადამიანებზე გაიცეს, ვინც ნამდვილად პროფესიონალია“, - განაცხადა გომელაურმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება.

გუდაურში სამაშველო ოპერაციისთვის თბილისიდან გაფრენილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი „მი 8“, 29 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი. სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტისა და მისი თანმხლები პირის სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ვერტმფრენიდან გადმოხტომა ვერცერთმა პირმა ვერ მოასწრო. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს!

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში