საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„ხელისუფლებაში მოვალთ, აღარ გაგაჭაჭანებთ“ – „ალტ-ინფო“ ხულოს ოფისის დახურვაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:36 - 09 მარტი 2022 hits 6974

„მე ამ ადამიანებს ვაფრთხილებ: ჩვენ ოდესღაც ხელისუფლებაში მოვალთ და შესაბამის პასუხს გაგცემთ”- პრორუსული „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ხულოში პარტიის ოფისის დახურვას მორიგი ისლამოფობიური განცხადებებითა და მუქარებით გამოეხმაურნენ, ხულოელ ახალგაზრდებს კი „რადიკალი ისლამისტები“ უწოდეს.

„ალტ-ინფოს“ პარტიას ხულოს ოფისი გუშინ ისე დაახურინეს, რომ მისი გახსნაც ვერ მოასწრო. პროტესტის ინიციატორები ადგილობრივი ახალგაზრდები იყვნენ, ოფისის დატოვება კი „კონსერვატიულ მოძრაობას“ ფართის მეპატრონემ მოსთხოვა. „ასე გამაცნეს თავი, კონსერვატიული პარტია ვართო, ევროპისკენ ხედვებითო. ტყუილით შემაცდინეს, თორემ არც დავფიქრდებოდი. მირჩევნია სულ არ მქონდეს შემოსავალი და მაგათ აქ ფეხის მოკიდებას ხელს არ შევუწყობ“, - უთხრა „მთის ამბებს“ ფართის მფლობელმა, დათო სოლომონიძემ.

„ჩვენ ხულოში არც გაგვიხსნია ოფისი. უბრალოდ ფართის მეპატრონესთან, რომელიც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი აღმოჩნდა, იყო მოლაპარაკება. ზღაპრებს ჰყვება, თითქოს, ეგონა, რომ პროდასავლური, ლიბერალური პარტია ვიყავით და მერე გაიგო, თურმე, რომ არ ვყოფილვართ და ამიტომ გვითხრა უარი. რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, მათშიც არიან ის ისლამისტი რადიკალები. ის, ვინც ჯვარს ეხება, ვინც ჩვენს სარწმუნოებას ეხება, მათ შორის, ვიღაც ტერორისტებთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ გვექნება უმკაცრესი ზომები მიღებული“.

„თქვენ უბრალოდ აღარ გაგაჭაჭანებთ საქართველოში და მით უმეტეს, აჭარაში. თქვენ, თურქეთის სპეცსამსახურებთან ერთად, იქიდან უბრალოდ გაგაქრობთ

„ეგ არის ჩვენი პასუხი“, - განაცხადა „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის ეთერში, გიორგი ქარდავამ, ორგანიზაციის დამფუძნებელმა, რომელიც თავის გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მოძრაობის ოფისს ხულოში მაინც გახსნიან, რომ „უკვე 70 ოფისია და ჩვეულებრივ რიტმში აგრძელებენ პარტიის მშენებლობას.

„სოლიდარობის თემში“, რომელიც ხულოს პროტესტის ერთ-ერთი მოთავე იყო, დარწმუნებულები არიან, რომ „ალტ-ინფო“ ოფისის გახსნას კვლავ შეეცდება. „სოლიდარობის თემი“ აერთიანებს ხულოელ ახალგაზრდებს, რომელთა უმეტესობა ამ დროისთვის თბილისში სწავლობს. ორგანიზაციის მიზანი ქართველი მუსლიმების თვითორგანიზება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზება და ადამიანის უფლებების დაცვაა.

ადგილობრივი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „ალტ-ინფო“ წლების განმავლობაში ისლამოფობიას აღვივებს და მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციის წევრების მიზანი ხულოში პროვოკაციის მოწყობა და გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან დაპირისპირებაა.

„სოლიდარობის თემის“ წარმომადგენელი ედო ჯავახაძე „მთის ამბებთან“ საუბარში ამბობს, რომ „კონსერვატიული მოძრაობის“ მოწინააღმდეგეთა რიგებში მხოლოდ ახალგაზრდები არ იქნებიან, - „უფროსებსაც ავუხსნით ვინ არიან და რა არიან".

„რა თქმა უნდა, შეეცდებიან, რომ სხვა ფართი იქირაონ. გარწმუნებთ, რომ ხულოელი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს".

"სადაც არ უნდა გახსნან, იქ მივაკითხავთ და იქიდანაც გავუშვებთ. ჩვენ გვიცხოვრია ტოლერანტულ გარემოში და ვიცით, ეს რას ნიშნავს. არც აჭარაშია მაგათი ადგილი და არც სადმე საქართველოში. რუსეთშია მაგათი ადგილი მხოლოდ“.

ქარდავამაც და მარტინენკომაც კატეგორიულად უარყვეს, რომ „კონსერვატიულ მოძრაობას“ მესტიის ოფისსაც ატოვებინებენ. „მესტიაში ვერავინ ვერაფერს დაგვატოვებინებს. ვიღაც „ენჯეოშნიკები“ რომ მივიდნენ, ადგილობრივებმა საკადრისი პასუხი გასცეს და მეორედ არავის აღარ მოაფიქრდება იქ ასე მისვლა. სვანეთში დიდი მხარდაჭერა გვაქვს. არცერთ რეგიონში, ვერსად ვერაფერი დაგვატოვებინეს. ერთადერთი, სადაც პრობლემა შეიქმნა, ხულოა“, – აღნიშნა „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, შოთა მარტინენკომ.

ხულომდე „კონსერვატიული მოძრაობისგან“ ოფისის დატოვება მესტიაში მოითხოვეს. 1 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს, უკრაინის დროშა დაკიდეს და ფართის მეპატრონეს პარტიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პირობა დაადებინეს. 3 მარტს მესტიაში ორი დაპირისპირება მოხდა ახალგაზრდებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, მაშინ ადგილობრივები „მთის ამბებს“ უყვებოდნენ, რომ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თავისი მომხრეების და წევრები ჯანდარიდან და დმანისიდან ოფისის დასაცლელად ჩამოიყვანა, თუმცა „ალტი-ინფოს“ პარტიას, ჯერ არ დაუტოვებია.

„მთის ამბები“ დაუკავშირდა ოფისის მეპატრონეს, იური რატიანს, რომელმაც გვითხრა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ მის ფართს თვის ბოლომდე დატოვებს. 

„სხვა ოფისს ეძებენ რომ ავეჯი და ნივთები გადაიტანონ და მარტის ბოლომდე გავლენ“.

„კონსერვატიული პარტიის“ ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა ახალციხესა და გორში, სადაც ოფისის კედლებს წითელი საღებავი შეასხეს და წარწერები გააკეთეს. ოფისის დახურვა მოითხოვეს მარნეულში. პრორუსული ძალების წინააღმდეგ აქციისთვის ემზადება რაჭის სათემო ორგანიზაციაც.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დააანონსა, რომ პარტიას აპრილის ბოლოს 77 ოფისი ექნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

23 თებერვალს პარტიამ ოფისები გახსნა დუშეთში, ქარელსა და გორში; 25 თებერვალს - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში; 26 თებერვალს - ცაგერსა და ლენტეხში; 27 თებერვალს ონსა და ამბროლაურში.

პარტია გასული 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა და ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

მოძრაობის გაცხადებული მიზანი საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაა. ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგისა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირების გზით.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი სწორედ „ალტ-ინფო“ იყო, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

ამავე თემაზე:

ხულოში "ალტ-ინფოს" პარტიას ოფისი ისე დაახურინეს, გახსნაც ვერ მოასწრო

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

ჩხუბი მესტიაში „ალტ-ინფოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის - ნაცემია 10-მდე ადამიანი 

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს



Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში