საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხულოში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისი ისე დაახურინეს, გახსნაც ვერ მოასწრო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:43 - 08 მარტი 2022 hits 7355

„ალტ-ინფოს“ დაფუძნებულ „კონსერვატიულ მოძრაობას“ ხულოში დაქირავებული და მოწყობილი ოფისი გახსნის დღესვე დაატოვებინეს. პრორუსული პარტიის წარმომადგენლებს ფართის დაცლა მეპატრონემ, დათო სოლომონიძემ მოსთხოვა.

„ასე გამაცნეს თავი, კონსერვატიული პარტია ვართო, ევროპისკენ ხედვებითო და დავჯერდი, მეტი კითხვა არ დამისვამს. ბევრი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, ბევრი არც გამიგია. პლაკატები რომ გააკრეს, არც ვიყავი ადგილზე. რომ გავარკვიე, ვინც იყვნენ, იმავე საღამოს დავურეკე, ჩემს ტერიტორიაზე არ დავუშვებ ოკუპანტისთვის სასარგებლო ქმედებებს-მეთქი. ცუდად მიიღეს, საქმის გარჩევები დაიწყეს, ველოდები ახლა, შეიძლება მომადგნენ. გაიგო ხალხმაც, ბრაზობენ, ვთხოვე და დავაშოშმინე. თუ ჭკუა აქვთ, არ უნდა მოვიდნენ. თუ მოვლენ და შესაბამის პასუხსაც გავცემთ“, - ეუბნება „მთის ამბებს“ დათო სოლომონიძე, შენობის მესაკუთრე, სადაც „ალტ-ინფო“ საკუთარი პარტიისთვის ოფისის მოწყობას გეგმავდა.

„ტყუილით შემაცდინეს, თორემ არც დავფიქრდებოდი. მირჩევნია სულ არ მქონდეს შემოსავალი და მაგათ აქ ფეხის მოკიდებას ხელს არ შევუწყობ“.

დათო სოლომონიძემ „კონსერვატიული მოძრაობის“ იდეოლოგიის შესახებ „სოლიდარობის თემის“ წარმომადგენლისგან, ედო ჯავახაძისგან შეიტყო. „სოლიდარობის თემი“ აერთიანებს ხულოელ ახალგაზრდებს, რომელთა უმეტესობა ამ დროისთვის თბილისში სწავლობს. ორგანიზაციის მიზანი ქართველი მუსლიმების თვითორგანიზება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზება და ადამიანის უფლებების დაცვაა. ახალგაზრდებმა სოციალური ქსელიდან გაიგეს, რომ „ალტ-ინფოს“ პარტია ხულოში ოფისს ხსნიდა.

„მაშინვე დავურეკე შენობის მეპატრონეს“ - გვეუბნება ედო, - „მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, შეეცდებიან, რომ სხვა ფართი იქირაონ. გარწმუნებთ, რომ ხულოელი მოსახლეობა ამას არ დაუშვებს. სადაც არ უნდა გახსნან, იქ მივაკითხავთ და იქიდანაც გავუშვებთ. ჩვენ გვიცხოვრია ტოლერანტულ გარემოში და ვიცით, ეს რას ნიშნავს. არც აჭარაშია მაგათი ადგილი და არც სადმე საქართველოში. რუსეთშია მაგათი ადგილი მხოლოდ“.

ახალგაზრდები ვარაუდობენ, რომ „ალტ-ინფოს“ მიზანი მაღალმთიან აჭარაში პროვოკაციის მოწყობა შეიძლება იყოს. ამ ვარაუდის საფუძველს იმ ისლამოფობიურ განცხადებებში ხედავენ, რაც „ალტ-ინფოსგან“ ქართველი მუსლიმების მისამართით არაერთხელ მოუსმენიათ.

ედო ჯავახიძეც და დათო სოლომონიძეც გვიხსნიან, რომ კონსერვატორული ღირებულებები სულაც არაა უცხო ხულოელთა ნაწილისთვის, მაგრამ „ეს არასდროს ნიშნავდა ვინმეს შეურაცხყოფას და მითუმეტეს არასდროს მისულა ფიზიკურ თავდასხმებამდე, ძალადობამდე, რასაც არ ერიდება და მეტიც, ქადაგებს „ალტ-ინფო““.

„ვინც არ იცის, რას წარმოადგენენ, შეიძლება დროებით მოატყუონ, მაგრამ არ დავანებებთ. მარტო ახალგაზრდებიც რომ დავორგანიზდეთ და არავინ მხარი არ დაგვიჭიროს, ჩვენც ვეყოფით, რომ მაგათ ხულოში ფეხი ვერ მოიკიდონ".

მაგრამ ჩვენს უფროსებსაც ავუხსნით, ვინ არიან და რა არიან და ეჭვიც არ შეეპაროს „ალტ-ინფოს“, რომ მარტო ახალგაზრდობა არ იქნება მათი წინააღმდეგი“, - ამბობს ედო ჯავახიძე.

ხულომდე „კონსერვატიული მოძრაობისგან“ ოფისის დატოვება მესტიაში მოითხოვეს. 1 მარტს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისს კვერცხები ესროლეს, უკრაინის დროშა დაკიდეს და ფართის მეპატრონეს პარტიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის პირობა დაადებინეს. 3 მარტს მესტიაში ორი დაპირისპირება მოხდა ახალგაზრდებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, მაშინ ადგილობრივები „მთის ამბებს“ უყვებოდნენ, რომ „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ თავისი მომხრეების და წევრები ჯანდარიდან და დმანისიდან ოფისის დასაცლელად ჩამოიყვანა, თუმცა „ალტი-ინფოს“ პარტიას, ოფისი მომხდარიდან ხუთი დღის შემდეგაც არ დაუტოვებია. „მთის ამბებმა“ ფართის მეპატრონესთან, იური რატიანთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, მესტიელებმა კი გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, პარტიას ოფისის დასატოვებლად ერთი თვე აქვს მიცემული.

„კონსერვატიული პარტიის“ ოფისების გახსნას პროტესტი მოჰყვა ახალციხესა და გორში, სადაც ოფისის კედლებს წითელი საღებავი შეასხეს და წარწერები გააკეთეს. ოფისის დახურვა მოითხოვეს მარნეულში. პრორუსული ძალების წინააღმდეგ აქციისთვის ემზადება რაჭის სათემო ორგანიზაციაც, რასაც ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი, ეთო არსანიძე ადასტურებს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დააანონსა, რომ პარტიას აპრილის ბოლოს 77 ოფისი ექნებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

23 თებერვალს პარტიამ ოფისები გახსნა დუშეთში, ქარელსა და გორში; 25 თებერვალს - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში; 26 თებერვალს - ცაგერსა და ლენტეხში; 27 თებერვალს ონსა და ამბროლაურში.

უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 18 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 36 675 ლარი იყო.

პარტია გასული 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა და ოფიციალურად 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა.

მოძრაობის გაცხადებული მიზანი საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნაა. ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, მასთან პირდაპირი, უპირობო დიალოგისა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირების გზით.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 2021 წლის 5 ივლისს გამართული ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი სწორედ „ალტ-ინფო“ იყო, რა დროსაც თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები, დაარბიეს არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისები. დანაშაულის ორგანიზება 5 ივლისამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო - „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხიდან მაყურებელს ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოუწოდებდნენ. დაზარალებულთა ჩვენებების და ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურას „ალტ ინფოს“ არცერთი ხელმძღვანელი პირი არ დაუკავებია.

ამ თემაზე:

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

ჩხუბი მესტიაში „ალტ-ინფოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის - ნაცემია 10-მდე ადამიანი

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

 

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში