საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:05 - 02 მარტი 2022 hits 30649

მესტიელი ახალგაზრდების ორგანიზებით, მესტიაში, სეტის მოედანზე, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.

„მთავარი გზავნილი იყო საქართველოს მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. ისიც, რომ გვრცხვენია ჩვენი ხელისუფლების ქმედებების და განცხადებების, რომ არ უნდა ვაძლევდეთ რუსეთის პროპაგანდისტულ პარტიებს და მაუწყებლებს არსებობის უფლებას მაშინ, როცა ამდენი რამ დაგვიშავა რუსეთმა“, - უთხრა „მთის ამბებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამთო მაშველმა, ნატა ჯაფარიძემ.

რუსული პროპაგანდის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეებმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს.

„როცა ეს ოფისი გაიხსნა მაშინ ხალხის უმეტესობამ არ ვიცოდით თუ რომელი პარტია იყო. მას შემდეგ, რაც გაირკვა თუ ვინ იყვნენ და ამავდროულად ომი დაიწყო, ახალგაზრდების ნაწილმა გავაპროტესტეთ. შელაპარაკებაც მოგვივიდა ოფისის წარმომადგენლებთან“, - ნატა ჯაფარიძე გვიყვება, რომ ახალგაზრდები პარტიისგან ითხოვდნენ, ბანერი ჩამოეხსნათ და ოფისი დაეკეტათ. მათ ფართის მეპატრონესაც მიმართეს, გაეუქმებინა ქირავნობის ხელშეკრულება.

„აქციის მიმდინარეობისას, გავაკეთე განცხადება რომ უნდა მივსულიყავით ოფისთან და გაგვეპროტესტებინა. ვისაც სურვილი ჰქონდა წამოსულიყო. აქციის ყველა მონაწილე წამოვიდა. იქ ისმოდა შეძახილები, „არა რუსეთს“, „არა რუსულ პროპაგანდას“, „პუტინ ხუილო“ და „სლავა უკრაინა“, ბოლოს მათ ბანერს დავუშინეთ კვერცხები და შესასვლელთან დავკიდეთ უკრაინის დროშა“. ფართის მეპატრონე დაგვპირდა, რომ უმოკლეს ხანში ოფისი დაიცლება“.

ამ თემაზე

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

როგორ ამართლებს „ალტ-ინფო“ პუტინის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს

 ნატა ჯაფარიძე აქციაზე / გიორგი იოსელიანის ფოტო 

მესტიის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩა N16-ში მდებარე შენობა, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაა განთავსებული, იური (ხუტა) რატიანს ეკუთვნის. 2018-2019 წლებში იური რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებშიც იყრიდა, ამავე პარტიიდან სიის მეოთხე ნომრად, მაგრამ საკრებულოს წევრი ვეღარ გახდა.

ამავე შენობაშია მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიაც.

მესტიაში პრორუსული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი რატიანია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი იყო და მესტიის მუნიციპალიტეტს კურირებდა.

ოფიციალურად, გიორგი რატიანი სუს-ის თანამშრომელი აღარ არის 2021 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფმა, გასული წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მესტიის მერობის კანდიდატად წარადგინა.

მესტიის გარდა, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ მოძრაობას საქართველოს რეგიონებში 40-მდე ოფისი აქვს და სულ 77 ოფისის გახსნას გეგმავს. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 18 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 36 675 ლარი იყო.

მესტიაში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა. მაშინ კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან აქციის დასრულებამდე პოლიცია იყო მობილიზებული.

მესტიის მუნიციპალიტეტი, უკვე ოთხი წელია, მეგობრობს უკრაინის ქალაქ სლავსკესთან, უკრაინკას მუნიციპალიტეტთან და ობუხივის ოლქთან. რამდენიმე დღის წინ, მესტიის მერიამ  ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოყო უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, გახსნა სპეციალური საბანკო ანგარიში და მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსაც მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინის მოქალაქეებს.

ამ თემაზე:

ჩხუბი მესტიაში „ალტ-ინფოს“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის - ნაცემია 10-მდე ადამიანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში