საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ხატზე დავიფიცეთ, არცერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ“ - ხაიშის თემი „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:59 - 18 მარტი 2019 hits 17611

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფლების მცხოვრებლებმა „ხუდონჰესის“ წინააღმდეგ მიმართვა გაავრცელეს. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, სამუდამოდ შეწყდეს „ხუდონჰესის“ პროექტი და ხაიშელებს დაუბრუნდეს კერძო და სათემო მიწები, რომელიც 2011 წელს მთავრობამ ჰესის მშენებელ კომპანიას 1 დოლარად გადასცა.

მიმართვას, რომელიც ადგილობრივმა მასწავლებელმა ზურაბ ნიჟარაძემ გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

„ოთხ ათეულ წელზე მეტია ერთგვარ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ხაიშის თემის თავზე ხუდონჰესის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის დროს დაიწყო, მაგრამ 1988 წელს შეჩერდა, ეროვნული მოძრაობის აზვირთების ჟამს.

2006-2007 წლებში, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კვლავ დაიწყეს ფიქრი მის განხორციელებაზე. 2008 წლის აგვისტოს სამწუხარო მოვლენებმა ეს პროექტი მცირე ხნით გააჩერა. ჩვენზე შეტევა, დაშინება და დევნა ისევ განახლდა 2010 წელს, ხოლო 2011 წელს, ხელისუფლებამ კანონის გვერდის ავლით, ჯერ გაიფორმა ხაიშის ტერიტორიაზე მდებარე როგორც კერძო, ასევე სათემო საკუთრების 1400 ჰექტარი მიწა, შემდეგ კი სიმბოლურ 1 დოლარად გადასცა სადღაც ოფშორში რეგისტრირებულ ინგლისურ-ინდური კომპანიის „ტრანსელექტრიკა ლიმიტედის“ შვილობილს „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“, რომლის მეპატრონეთა ვინაობა დღემდე დაუდგენელია და ბურუსითაა მოცული.

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ გამოვიდა ასპარეზზე, საღად მოაზროვნე ყველა ქართველს ერთგვარი იმედი მიეცა, რომ ასეთი, დროში ჩარჩენილი პროექტები აღარ განხორციელდებოდა. ამ იმედის საფუძველი იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამა, სადაც შავით თეთრზე წერია: სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი და ატომური ელექტროსადგურების აკრძალვა. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ, 2012 წლის 27 ივლისს, ხაიშში, ადგილობრივ ამომრჩევლებთან წარმოთქმული სიტყვები - „როგორ შეიძლება ჰიდროენერგეტიკის განვითარება მოსახლეობის აყრისა და გასახლების ხარჯზე“.

ეს რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ არ შევიცვალეთ ჩვენ, ხაიშის თემის მკვიდრნი და ჩვენი პროტესტი დღემდე გრძელდება.

ჩვენ აღვასრულეთ წინაპართა წესი, ხატზე დავიფიცეთ, რომ არ დავთმობთ არცერთ გოჯ მიწას. ჩვენს ფიცს უამრავი ადამიანი შეუერთდა როგორც ზემო და ქვემო სვანეთიდან, ასევე დანარჩენი საქართველოდან.

სამწუხაროდ, ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ ფიქრს - სულ ცოტა ხნის წინ, ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ქობულიამ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლება აუცილებლად ააშენებს როგორც ნენსკრა ჰესს, ასევე ნამახვანი ჰესს და ხუდონჰესსაც.

ათიოდე დღის წინ შემოვიდა მუშა ჯგუფი. დაგვარწმუნეს, რომ თითქოს ეს კეთდებოდა ალტერნატიული ვარიანტების მოძიების გამო, ასევე, უნდა დაკონსერვებულიყო ხუდონჰესზე უკვე შესრულებული სამუშაოები. მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს აღმოჩნდა მორიგი ფარსი და ტყუილი, რადგან ამ ჯგუფმა განახორციელა არა ალტერნატიული გზების შესწავლა და ძიება, არამედ ბეტონის კაშხლის მდგრადობა შეამოწმეს.

მივმართავთ საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე მცხოვრებთ, ასევე, მათ, ვისაც კიდევ მიაჩნიათ, რომ ასეთი ტიპის პროექტები მომგებიანია ქვეყნისთვის:

სპეციალისტების მიერ მრავალგზისაა გაკეთებული დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რომლითაც მტკიცდება, რომ ხუდონჰესი და მსგავსი ტიპის დროში ჩარჩენილი პროექტები აბსოლუტურად წამგებიანია ქვეყნისთვის, ქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, როგორც ხაიშის თემში, ასევე მთლიანად ზემო სვანეთში; შლის და ანადგურებს ათასწლეულებს გამოვლილ სოციუმს, საფრთხის შემცველია როგორც სტრატეგიული, ასევე, სეისმური მიმართულებით. სწორედ ამიტომ აღვნიშნეთ კოლხეთის მოსახლეობა, რომ კაშხლის დარღვევის შემთხვევაში პირდაპირი დარტყმის ქვეშ ხვდება ამ ტერიტორიების 70 %.

მივმართავთ საქართველოს ყველა კუთხეს, ხუდონჰესი მომგებიანიც რომ იყოს, ნუთუ თითოეული ანთებული ნათურა ღირს იმად, რომ სვანეთი გაქრეს როგორც ისტორიულად თვითმყოფადი კუთხე. სვანეთში ჩვენ ვცხოვრობთ, თქვენი ძმები, მაგრამ ის თქვენც გეკუთვნით, როგორც ჩვენ. დაფიქრდით და გაითავისეთ ჩვენი პრობლემები.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საპატრიარქოს, დიპლომატიურ კორპუსს, პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო სექტორს:

  1. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს (შეწყდეს) ხუდონჰესის პროექტი და ეს მოხდეს კანონის ძალით.
  2. კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნას როგორც სვანეთში, ასევე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში დაგეგმილი მეგა, საშუალო და მცირე ჰესების ავკარგიანობა და თითოეული მათგანისთვის გაკეთდეს დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი.
  3. დაუბრუნდეს ხაიშელებს, სახელმწიფოს მიერ, 2011 წელს, კანონის ავლით გასხვისებული კერძო და სათემო მიწები, რომელიც გადაეცა „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“.
  4. მიეცეს საქართველოს მოსახლეობას უფლება, ძირითადი და მტკივნეული საკითხები გადაიჭრას მისი უშუალო ჩარევით ანუ საერთო სახალხო რეფერენდუმის გზით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს. ეს არ არის ულტიმატუმი, ეს გახლავთ კუთვნილი უფლებების დაცვა მოსახლეობის მხრიდან, ამ შემთხვევაში ხაიშის თემის მოსახლეობის მხრიდან“.

ათწლეულების წინ დაკონსერვებული ხუდონჰესის პროექტის მშენებლობის აუცილებლობას ხელისუფლება საქართველოში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნით ხსნის. პროექტის მიხედვით, 650 მეგავატიანი ხუდონჰესი, 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლითა და 230 მილიონი კუბ. მ. მოცულობის რეზერვუარით, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში, მდინარე ენგურზე აშენდება. 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება.

ხუდონჰესის წყალსაცავი 528 ჰექტარს დატბორავს. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 600-მდე საფლავი.

მოსახლეობის პროტესტის გამო ხუდონჰესის მშენებლობა შეჩერებულია. რამდენიმე კვირის წინ, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ხუდონჰესი“ აუცილებლად აშენდება. საპრეზენტაციო სლაიდზე „ხუდონჰესის“ ამოქმედების ვადად 2027 წელი იყო მითითებული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში