საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ლენტეხში „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ-ს ანგარიშის განხილვა 22 მარტს გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:43 - 08 მარტი 2019 hits 7207

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ აპირებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „მწვანე ალტერნატივას“ მოთხოვნის შესრულებას და უარს ამბობს, გადადოს, 22 მარტს, ლენტეხში, „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების საჯარო განხილვა.

სამინისტროს განცხადებით, „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, 2018 წლის 7 აგვისტოდან არის გამოქვეყნებული. ლენტეხის მერიის შენობაში საჯარო განხილვა ჩანიშნული იყო 2018 წლის 19 სექტემბერს, თუმცა, საჯარო განხილვა არ ჩატარებულა.

„2018 წლის 27 ნოემბერს, შპს „ხელედულა ენერჯიმ“ წერილით კვლავ მომართა სამინისტროს საჯარო განხილვის დანიშვნასთან დაკავშირებით. 6 დეკემბერს ჩანიშნული იყო საჯარო განხილვა, თუმცა, დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მაღალი ინტერესის, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამინისტროსადმი მომართვის საფუძველზე, სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო განხილვის გადადების შესახებ.

2019 წლის 18 თებერვალს, შპს „ხელედულა ენერჯიმ“ წერილით მომართა სამინისტროს საჯარო განხილვის დანიშვნასთან დაკავშირებით. კომპანია გვწერს, რომ ვალდებულებები აქვს როგორც სახელმწიფოსთან, ასევე ინვესტორებთან, მათ შორის EBRD-ისთან, შესაბამისად, ითხოვა საჯარო განხილვის უმოკლეს ვადაში დანიშვნა. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და კომპანიის მომართვის საფუძველზე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას 2018 წლის 7 აგვისტოდან, ამავდროულად საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებები არ განხორციელებულა, „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათზე, ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სპორტული კომპლექსის შენობაში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც ლენტეხში მცხოვრებთა ინტერესებს სასამართლოში იცავს, სამინისტროს მოუწოდა საჯარო განხილვა გადადოს, ვიდრე ამ საკითხზე სასამართლოში საქმის განხილვა არ დასრულდება.

საია „ხელედულა 3 ჰესთან“ დაკავშირებით, მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლითაც სკოპინგის ანგარიში დამტკიცდა. საიას და „მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნიათ, რომ „ხელედულა 3 ჰესის“ გზშ ანგარიში უხეშად არღვევს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მოთხოვნებს. კომპანია ჰესის მშენებლობას გეგმავს პრაქტიკულად ორი გზშ ანგარიშის (როგორც 2017, ისე 2018 წლის) მიხედვით, რაც ეწინააღმდეგება გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საია-ს განმარტებით, 2018 წლის 6 დეკემბერს სამინისტრომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით საჯარო დაპირება გასცა, რომ დაინტერესებულ პირებთან ჩაატარებდა შეხვედრას, განიხილავდა ამ პროექტთან დაკავშირებულ ყველა გარემოსდაცვით საკითხს და მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავდა გზშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვას, თუმცა, დაპირება არ შეასრულა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს იმ ტერიტორიაზე, სადაც გეოლოგების დასკვნით მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება. ჰესის მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება. მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში