საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„სველი შეშისა და უხარისხო ღუმელების გამო ენერგიის 40% იკარგება“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:18 - 18 ოქტომბერი 2017 hits 9126

როგორია სატყეო პოლიტიკა საქართველოში? რა პრობლემები და გამოწვევები დგას დღის წესრიგში? რა ტიპის რესურსი უნდა გამოიყენებოდეს საშეშედ და რატომ არ შეიძლება მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით ჭრიდეს ხეებს? რატომ უნდა ზრუნავდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სახლების ენერგოეფექტურობაზე? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ სველი შეშა გასათბობად და რა ზარალი მოაქვს არასწორად შერჩეულ ღუმელს? ამ და სხვა საკითხებზე Mtisambebi.ge ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს - კარლო ამირგულაშვილს ესაუბრა.

ზამთრის სეზონზე საქართველოს მოსახლეობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 600-დან 700 ათას კუბურ მეტრამდე მერქანი გამოიყოფა. ბარში თითო კომლზე 7 კუბური მეტრი შეშაა გათვალისწინებული, მაღალ მთაში - 15.

ამ პროცესს არა ერთი პრობლემაც ახლავს თან. მაგალითად, ალტერნატიული საწვავის საშუალებების (გაზი, ელექტროენერგია) არ ქონის გამო, მაღალმთიანი რეგიონების სოფლების მოსახლეობა ზამთარ-ზაფხულ შეშას იყენებს, თანაც, არა მხოლოდ გათბობის მიზნით.

„მაღალი ხარჯების გამო, მაღალმთიანი რეგიონების ზოგიერთი სოფლის გაზიფიცირება შეიძლება არც იყოს რენტაბელური. ტყე განახლებადი რესურსია და ასეთ ადგილებში, თუკი მოსახლეობა სწორად მოიხმარს შეშას, თავისუფლად შეიძლება მათი საჭიროებების დაკმაყოფილება“.

საშეშე მერქნის სწორად მოპოვება ტყიდან იმ ხეების გამოტანას გულისხმობს, რომელსაც მეტყევეები ინვენტარიზაციაზე დაყრდნობით ნიშნავენ. ხეების საკუთარი ინიციატივით მოჭრის შემთხვევაში შეიძლება გამოვიწვიოთ ეროზია, ან მოიჭრას/დაზიანდეს ის ჯიში, რომელიც წითელი ნუსხის სახეობაა, ან/და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

„მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ხშირად აქვს პრეტენზია - „ჩვენ უკეთ ვიცით, რა მოვჭრათ და რა არა!“ ეს არ არის სწორი მიდგომა. უნდა მივეჩვიოთ, რომ პროფესიონალებს დავუჯეროთ და ტყიდან მათ მიერ მონიშნული მერქანი და ძირნაყარი გამოვიტანოთ“.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ საწვავი შეშის ნაცვლად, რაც ტყის ფართობებზე რჩება და იწვევს ჩახერგილობას, ხანძარსაშიშ მდგომარეობას, ასევე, ზრდის მავნებლების გავრცელების საფრთხეს - ტყიდან სამასალე მერქანი გამოდის და ღუმელში ხვდება. ანუ, იწვის რესურსი, რომლითაც მოქალაქეებმა და სატყეო მეურნეობებმა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ნახონ.

კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც მოსახლეობა დგას, ღუმელებისა და სახლების ენერგოეფექტურობის საკითხია. მისი თქმით, ღუმელებში, რომელსაც მოსახლეობა მასობრივად იყენებს, ენერგიის დაახლოებით 40% იკარგება. ამას ემატება არაენერგოეფექტური შენობა-ნაგებობი და სველი მერქნის გამოყენების სტერეოტიპული, არასწორი პრაქტიკა.

„მოსახლეობაში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ სველი შეშა უფრო დიდხანს იწვის და ეს კარგია. სველი შეშის გამოყენებით, ენერგიის 35-40% იკარგება. დაკარგული ენერგია ნიშნავს დაკარგულ ფულს, ეკონომიკურ ზარალს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ტყეების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მდგომარეობაზე.“

მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით მზადდება „შეშისა და ალტერნატიული ხელმისაწვდომი საწვავი საშუალებების სახელმწიფო პროგრამა.“ საწყის ეტაპზე, საბიუჯეტო ორგანიზაციების უმეტესობა, რომლებიც გასათბობად შეშას იყენებენ, ეტაპობრივად გადავლენ შეშის სწორ, მდგრად და ენერგოეფექტურ მოხმარებაზე. ნელ-ნელა კი ამ პროგრამით სარგებელი მოსახლეობამაც უნდა ნახოს.

„სწორი პოლიტიკით, სუბსიდირებითა და ცნობიერების ამაღლებით, მაღალმთიან რეგიონებში, იქ, სადაც, ძირითადად, მცირეკომლიანი სოფლები გვაქვს, მაღალ ენერგოეფექტურობას შეიძლება მივაღწიოთ“. 

კარლო ამირგულაშვილი სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გამკაცრდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების კონტროლი, რამდენიმე ტყის მცველი მოკლეს -  „სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ საქართველოში ადამიანებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო კლავენ! კანონი მკაცრია, მაგრამ კანონი ყველასთვის და ყველგან კანონია, როგორც მთაში, ასევე ბარში.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლინდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის 1410 და ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის - 1488 ფაქტი.

ასევე, 2010-დან 2015 წლის ჩათვლით, ტყის ჭრით მიღებული ხე-ტყის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2010 წელს ფიქსირდება - 876,749 კუბური მეტრი, ყველაზე მცირე კი 2012 წელს - 518,792 კუბური მეტრი.

P.S. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ბრაკონიერებმა სამი რეინჯერი მოკლეს, 6 გარემოსდამცველი კი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა.

გიორგი ჭეიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. ბლოგერი, ძველი თბილისის მკვლევარი. აშუქებს მთის, ქალაქის, კონფლიქტებისა და კულტურის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში