საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშეთის სოფლებში ნარჩენების შეგროვება და გატანა მოხდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:10 - 13 ივნისი 2017 hits 5981

2017 წლის ივლისიდან თუშეთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი „მიცუბიშის“ მარკის 2 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ნარჩენებს თუშეთის სოფლებიდან კვირაში ერთხელ გაიტანენ.

ამასთან, ტურისტებით დატვირთულ სოფლებში - ომალოში, შენაქოში, დართლოსა და დიკლოში 100 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდება.

რეკლამა

ბექა ბაიდაურის ინფორმაციით, გზის გახსნის შემდეგ თუშეთში მყარი ნარჩენების დროებითი ტერმინალი მოეწყობა, საიდანაც ნარჩენები თელავის რაიონის სოფელ გულგულაში მდებარე ნაგავსაყრელზე გადმოიტვირთება.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ახმეტის მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების კომპანიამ გადასცა. 2 ნაგავმზიდი მანქანისა (5მ3 - დან 7მ3 -მდე მოცულობის) და 100 ერთეული (120 ლიტრი მოცულობის - 50 ც და 240 ლიტრი მოცულობის- 50ც) მყარი ნარჩენების კონტეინერის შესაძენად ბიუჯეტიდან 446 ათასი ლარი გამოიყო.

თუშეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისის დანერგვის მოთხოვნით, ახალგაზრდებმა ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოს პეტიციით 2016 წლის ივლისში მიმართეს. პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით მომზადდა და ხელმოწერილი იყო 314 მოქალაქის მიერ.

თუშეთის მცხოვრებლები და პეტიციაზე ხელმომწერი პირები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნარჩენების შეგროვებისა და გატანის საკითხის მოწესრიგების გარდა, თუშეთის გზის პირას, 4 სხვადასხვა ადგილზე საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების მოწყობასაც ითხოვდნენ. ეს მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ბიუჯეტში საკმარისი თანხების არქონის მიზეზით არ დაკმაყოფილდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში