საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზურაბ გურიელიძე: „მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:47 - 20 იანვარი 2017 hits 24307

გაიზარდა თუ არა საქართველოში მგლების რაოდენობა და მათი მხრიდან შინაურ საქონელზე თავდასხმის ფაქტები, საჭიროა თუ არა მგლის ამოღებაზე ახალი რეგულაციის შემუშავება და როგორი უნდა იყოს ის? ამ საკითხებზე www.mtisambebi.ge ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

- როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, საქართველოში გაიზარდა მგლების რაოდენობა და გახშირდა შინაურ საქონელზე მათი თავდასხმის ფაქტები. თქვენ 2009 წელს ჩატარებული კვლევის - “ადამიანის და მგლის კონფლიქტი საქართველოში: იქ სადაც მგელი ჯერ კიდევ ბუნებრივი ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია” ერთ-ერთი ავტორი ხართ. არის თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლე?

- მგლის რაოდენობის შეფასება (შეფასებასა და აღრიცხვას შორის არანაირი განსხვავება არ არის - ზ.გ) საქართველოში ჩატარდა ერთხელ, 2012 წელს. აქცენტი ძირითადად იყო მთის ჩლიქოსნებზე და მგელზე. აღრიცხვები საქართველოში არასოდეს ჩატარებულა. ამიტომ, ახლა მგლის ზუსტ რაოდენობას ვერავინ იტყვის.

- მართლაც თუ გახშირდა მგლის თავდასხმები შინაურ საქონელზე და რა არის ამის მიზეზი?

- არ გახშირებულა. ბოლო წლების განმავლობაში შიანურ საქონელზე მგლების თავდასხმის რაოდენობას აქვს სტაბილური სახე. როდესაც ერთ სოფელში ხდება საქონელზე თავდასხმა და შემდეგ ასეთივე თავდასხმა ხდება ახლო მდებარე სოფელში, უხეშად რომ ვთქვათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ორი მგელი “მუშაობს”. ეს შეიძლება ერთი და იგივე მგელი იყოს.

ბოლო წლების განმავლობაში მაღალია მგლების კონცენტრაცია დასახლებულ ადგილებთან. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ადამიანი შეიჭრა მგლის ჰაბიტატში. გარდა ამისა, ტყეში საკვები აღარ არის. საუბარი იმაზე, რომ ჩლიქოსნების შემცირება მგლების ბრალია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ადამიანისგან შექმნილი პრობლემაა.

საქართველოში მგლის საქონელზე თავდასხმის გახშირება გამოწვეულია არა მგლის პოპულაციის რიცხოვნობის ზრდით, არამედ სინანტროპი (შინაურ საქონელზე სპეციალიზებული) მგლების რაოდენობის მომატებით. სინანტროპიზაციასაც ბევრი მიზეზი იწვევს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის სოფლებთან ახლოს ნაგავსაყრელების არსებობა. ნაგავსაყრელი ცხოველისთვის საკვების წყაროა და ის შინაურ ცხოველებთან ერთად მგელსაც იზიდავს.

- მტაცებელთა რეგულაციის საჭიროება არის?

- რა თქმა უნდა, რეგულირება საჭიროა. ის ცხოველები, რომლებიც ადამიანის ხარჯზე ცხოვრობენ, რეგულირებას უნდა დაექვემდებარონ. მთავარია, როგორი იქნება რეგულირების წესი: ის მთელ პოპულაციაზე გავრცელდება თუ გავრცელდება მხოლოდ იმ ინდივიდებზე, რომლებიც რაღაცას აშავებენ. ეს არ უნდა იქცეს მთელი სახეობის წინააღმდეგ ბრძოლად და მგლის დემონიზაცია არ უნდა მოხდეს.

საქართველოში მგელთან ბევრი სტერეოტიპია დაკავშირებული, რასაც ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მედიაც უწყობს ხელს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ საკითხს ინტენსიურად ვიკვლევდი. ხშირად მოდიოდა ჩვენთან ინფორმაცია დასახლებულ პუნქტებში საქონელზე მგლის თავდასხმის შესახებ. მართლაც იყო ორიოდე შემთხვევა, როცა საქონელს ცოფიანი მგელი დაესხა თავს. მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა მედიაში ამ თავდასხმების შესახებ გადაუმოწმებელი და არაზუსტი ინფორმაცია გადიოდა. იყო შემთხვევები, როცა ვატარებდით ექსპერტიზას და ირკვეოდა, რომ რეალური თავდამსხმელი მგელი კი არა, ძაღლი იყო. ასეთი ფაქტი იყო გლდანში, სადაც ცხვრებს მგელი კი არა, ძაღლი დაესხა თავს. იყო საუბარი იმაზეც, რომ კახეთში მგელმა ქალი დაგლიჯა, თუმცა ექსპერტიზამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.

როდესაც სოფლიდან მოშორებით, სადღაც შუაგულ ტყეში, მტაცებელი თავს ესხმის საქონელს, ეს მტაცებლის ბრალი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ საქონელი სათანადოდ არ არის დაცული.

არ შეიძლება მგლის და ზოგადად, მტაცებლის დემონიზება. ცხოველი ცხოველია. ის ბუნების აუცილებელი შემადგენელი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მგელი ბუნებაში უფრო დიდი ხანია არსებობს, ვიდრე ადამიანი.

- რით არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი?

- ამ თემაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს. ყველაზე უფრო ცხადი მაგალითი იელოუსთოუნის შემთხვევაა. მას შემდეგ, რაც იელოუსთოუნის ეროვნულ პარკში მგლები აღადგინეს, პარკის ეკოსისტემამ დაიბრუნა პირვანდელი სახე და მდინარეებმაც კი შეიცვალეს კალაპოტი. ერთი შეხედვით ხომ თითქოს არანაირი კავშირი არ არის მდინარის კალაპოტსა და მგლებს შორის, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდი კავშირია. არსებობს კვებითი ჯაჭვები და პირამიდა, რომლის წვერშიც უმაღლესი მტაცებელია. ამ პირამიდაში უხეშმა და დაუფიქრებელმა ჩარევამ შეიძლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენოს.

ხშირად ამბობენ, რომ "მგელი ბუნების სანიტარია". ეს მართლაც ასეა. მგელი კი არ "ასუფთავებს", არამედ მაქსიმალურად ინარჩუნებს საკუთარი მსხვერპლის ჯანსაღ პოპულაციას.

თუ მგელმა სადმე ერთი ძროხა შეჭამა, ამის გამო მგელი მთლიანად არ უნდა გავწყვიტოთ. თუმცა, ის მგელი, რომელიც ძროხას ჭამს, რა თქმა უნდა, რეგულირებას უნდა დაექვემდებაროს. მაგრამ მთელი სახეობის მიმართ დევნა, არასწორია. რეგულირება უნდა იყოს გონივრული. მტაცებლების რეგულირების წესის შემოღებისას ბევრ ქვეყანაში დაუშვეს შეცდომა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მგელს ასე ტოტალურად მსოფლიოში არსად სდევნიან.

- ველოსიპედი რომ არ გამოვიგონოთ, როგორია გონივრული რეგულირების მექანიზმი?

- მგელს და ზოგადად ველურ ბუნებას არაერთი კონვენცია იცავს. მაგალითად, მგელი არის ბერნის კონვენციით დაცული სახეობა. არაგონივრულმა რეგულაციამ შესაძლოა პრობლემა შექმნას რომელიმე კონვენციასთან ურთიერთობაში. ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იქნება.

აუცილებელია საკუთარი ქონების და პირუტყვის სათანადო დაცვა. ალბათ თქვენც მიგიქცევიათ ყურადღება, რომ სოფლებში ძროხებს ხშირად საძოვარზე მარტო უშვებენ. ამ შემთხვევაში ის მტაცებლისთვის ადვილად მოსაპოვებელი მსხვერპლია და ძნელია, მგელი დაადანაშაულო.

- ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რთულია უშუალოდ “დამნაშავე” მგლის გამოვლენა...

- სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია. ის, ვინც თავს ესხმის შინაურ საქონელს, იქვე ახლოს ცხოვრობს. ამ დროს ხდება ჩასაფრებით ნადირობა. ეს უტყუარი მეთოდია იმ მტაცებლის გამოსავლენად, რომელიც პრობლემას ქმნის. ასე იქცევიან განვითარებულ ქვეყნებში, იქ, სადაც ნადირობის ბიოლოგების რაოდენობაც ბევრია და მონადირეების კვალიფიკაციაც გაცილებით უფრო მაღალია. აუცილებელია ცხოველების აღრიცხვა, შეფასება და ამ საკითხის შესწავლა. თორემ, ისე მონადირეს თუ ვკითხავთ, ის ყოველთვის იმას იტყვის, რომ მგლების რაოდენობა გაიზარდა და მათი შემცირებაა საჭირო.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მონადირეების პოზიციაა?

- რა თქმა უნდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში