საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

7 თებერვალს ნამახვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:51 - 05 თებერვალი 2021 hits 6331
ფოტო © ნაპერწკალი
გარემოს დაცვა
ფოტო © ნაპერწკალი

დატოვოს რიონის ხეობა „ენკა რინიუებლზმა“, შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობა და საქართველოს მთავრობის მიერ თურქული კომპანიისთვის 99 წლით გადაცემული 576 ჰექტარი დაუბრუნდეს სახელმწიფოს - ამ მოთხოვნებით, 7 თებერვალს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციის გამართვა სოფელ ჟონეთში იყო დაგეგმილი, იმ ადგილას, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს კარავი ჰქონდათ დადგმული და 97 დღის განმავლობაში უწყვეტად მორიგეობდნენ, რომ კომპანიას კაშხლის მშენებლობისთვის სამუშაოები არ განეახლებინა. 30 იანვარს, პოლიციამ აქტივისტებს კარვის აღება და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღეს. პოლიციელებმა კარავი თვითონ დაშალეს და აქციის მონაწილეებს საპროტესტო ადგილი იძულებით დაატოვებინეს. გვიან ღამით, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დროს, როცა მოქალაქეებს გადაადგილება შეზღუდული აქვთ, მოთხარეს ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობის ადგილას, 2020 წლის 29 ოქტომბერს აღმართული ჯვარი, რომელიც სასულიერო პირებმა აკურთხეს. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეებმა ჯვარი დადგეს, კერძო საკუთრებაა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ ეკუთვნის.

საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რიონის ხეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 576 ჰექტარი, 2019 წელს, 99 წლით გადასცა (ამ თემაზე „მთის ამბები“ ვრცელ მასალას ამზადებს). კომპანიის ინფორმაციით, მიწები გადაცემულია ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებისთვის და კომპანიას ეკრძალება გადაცემული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის ან გაასხვისოს მესამე პირზე, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე. ასევე, კომპანია ვალდებულია ააშენოს ქუთაისი-ალპანა-მამისონის და ნამოხვანი-ალპანას გზის მონაკვეთები, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს უსასყიდლოდ  გადაეცემა.

პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით 2020 წლის 14 ნოემბერსაც დაშალა.

„ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ამ ადამიანების დარბევა. ვცდილობდი, ნამახვანის ჰესების საკითხზე ღიად არ მესაუბრა, მაგრამ დღეს სხვა გზა არ დამრჩა. იმ დარბევის შემდეგ, ჩემი საქციელი იქნება ყოვლად უღირსი, თუ ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. მოსახლეობას უფლება აქვს იცოდეს, რა საფრთხის წინაშე დგას ეს კუთხე. თუ სიმართლე ხელისუფლების მხარეზეა, ის შეგიძლია არგუმენტებით დაიცვა, არ არის საჭირო ხალხის ცემა. ამით მეც თავში ჩამარტყეს“, - აქციის დაშლას ასე გამოეხმაურა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე. მღვდელმთავრის თქმით, ვერც ყოფილი და ვერც ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ ასაბუთებს, რომ ნამახვანის ჰესების კასკადი რეგიონისთვის უსაფრთხოა და მომგებიანია ქვეყნისთვის.

ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის სოფლების მცხოვრებლები სასამართლოშიც დავობენ. 10 თვის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ დაუწყია. ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვების ბათილად ცნობას ითხოვს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაც“.

ნამახვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამახვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ამ თემაზე:

რატომ ითხოვს „მწვანე ალტერნატივა“ ნამოხვანის ჰესების მშენებლობაზე ნებართვის გაუქმებას

რა საფრთხეს უქმნის ნამოხვანის კასკადი ტვიშის მიკროზონას - ინტერვიუ ლევან ხმელიძესთან

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში