საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობაზე სკოპინგის დასკვნა ძალადაკარგულად გამოცხადდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:20 - 19 ივნისი 2020 hits 14238

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააუქმა 2018 წლის 13 ივნისის ბრძანება, რომლითაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების სკოპინგის დასკვნა იყო გაცემული.

ნიშნავს თუ არა მინისტრის ახალი, 2020 წლის 17 ივნისის ბრძანება იმას, რომ „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის პროექტი გაუქმდა?

მინისტრის ბრძანებაში განმარტებულია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ საქმიანობის განმახორციელებელი სკოპინგის დასკვნის დამტკიცებიდან 2 წლის ვადაში ვერ მიიღებს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ამ კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ მინისტრის ბრძანება ძალადაკარგულად ცხადდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის პროექტი გაუქმდა.

„ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობაზე, მინისტრს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, 2017 წლის 24 მაისს აქვს დამტკიცებული. სამინისტრომ დაგვიდასტურა, რომ აღნიშნული დასკვნა ძალაშია.

დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება. ჰესის მშენებლობისთვის მდინარე ხელედულაზე გათვალისწინებულია 8 მეტრიანი დამბის მოწყობა (დამბა 1), მდინარე დევაშის კალაპოტში მდინარე ხელედულას გადაგდების მიზნით კი 3816 მეტრი სიგრძის უდაწნეო გვირაბის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 4.25 მეტრი იქნება, სიგანე კი 4.85 მეტრი. 11 მეტრიანი დამბის (დამბა 2) მოწყობაა გათვალისწინებული მდინარე დევაშის ხეობაში, წყალმიმღებიდან წყალი გადავა სადაწნეო აუზში და შემდგომ მიეწოდება 2300 მეტრი სიგრძის სადაწნეო გვირაბს. სადაწნეო გვირაბის შემდეგ წყალი მიეწოდება სადაწნეო მილსადენს, რომლის დიამეტრი 2.60 მეტრია.

2018 წელს ჰესის მშენებლობით დაინტერესებულმა კომპანიამ პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, კერძოდ: მდინარე დევაშზე დაგეგმილი დამბა 2-დან ჰესის სააგრეგატო შენობამდე გათვალისწინებული სადაწნეო გვირაბის ნაცვლად, გადაწყდა კომბინირებული სადერივაციო სადაწნეო სისტემის მოწყობა 2368 მ სიგრძის მილსადენისა და 454 მ სიგრძის სადაწნეო გვირაბის გამოყენებით.

ამ ცვლილებას გარემოსდაცვითი შეფასება და ახალი გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა, რაც კომპანიამ 2 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

„მთის ამბები“ დაუკავშირდა შპს „ხელედულა ენერჯის“. კომპანიაში არ განმარტეს, აპირებენ თუ არა ჰესის მშენებლობას 2017 წელს დამტკიცებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

„ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი.

2019 წლის 22 მარტს, ხელედის თემის სოფლების - ლესემას, წანაშისა და ხელედის მცხოვრებლებმა ჩაკეტეს სპორტული კომპლექსის შესასვლელი, სადაც „ხელედულა 3 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა მომხდარიყო. განხილვა ვერ შედგა. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლები სოზარ სუბარი, ნათია თურნავა, მაია ბერაძე, ალვერდ ჩანქსელიანი, მერაბ გაფრინდაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძე და სხვები შენობაში არ შეუშვეს და იქიდან გააძევეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში