საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გარემოს დაცვის მინისტრმა ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა გასცა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:15 - 01 აპრილი 2020 hits 23691

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა გასცა. მინისტრის ბრძანება 17 მარტით თარიღდება. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა უკვე დადასტურებულია; ხალხს მოუწოდებენ, რომ სახლში დარჩნენ; მოსახლეობა მასობრივად იმარაგებს სურსათსა და მედიკამენტებს; მაღაზიებსა და აფთიაქებში პროდუქციის დეფიციტია, 4 დღეში კი მთავრობა მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ადამიანების შეკრებას კრძალავს.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მდინარე რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის - „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ) მშენებლობაა დაგეგმილი.

„ონი 1 ჰესის“ სათავე ნაგებობა მოეწყობა მდინარის კალაპოტის 1089 მ-ის ნიშნულზე, მდინარე ჭანჭახის შესართავის ქვემო დინებაში, საიდანაც უახლოესი დასახლებული პუნქტი სოფელი გლოლა დაშორებულია 3.3 კმ-ით. ძალური კვანძის მოწყობა დაგეგმილია მდინარე რიონის და მდინარე საკაურას ზედა დინებაში.

ძალურ კვანძზე წყლის მიწოდება მოხდება 12.5 კილომეტრის სიგრძის მიმყვანი გვირაბის საშუალებით, რომლის ძირითადი ნაწილის (სიგრძე - 11 978 მ. 5.26 მ. დიამეტრი) გაყვანა დაგეგმილია გვირაბგამყვანი მანქანით (TBM), ხოლო 508 მეტრი გაყვანილი იქნება ბურღვა-აფეთქების (D&B) მეთოდით.

„ონი 2 ჰესის“ სათავე ნაგებობა, რომლის სიმაღლე იქნება 9 მეტრი, მოეწყობა მდინარე რიონის კალაპოტის 762 მ-ის ნიშნულზე, ქალაქ ონიდან 1.14 კმ-ით ქვედა დინებაში, სადაც უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფელი კომანდელი (0.64 კმ). წყალმიმყვანი გვირაბის (9.3 კმ) გაყვანა დაგეგმილია რიონის მარჯვენა ფერდში, რომელიც წყალს მიაწვდის სოფელ სორის სიახლოვეს მდებარე საპროექტო ძალურ კვანძს.

გზშ-ის ანგარიშს თან ერთვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება (II) საშუალო სირთულის და (III) რთულ კატეგორიებს, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ჰესების ცალკეული შენობებისა და საინჟინრო ნაგებობებისთვის შერჩეული ადგილები ძირითადად, ხელსაყრელ გეოლოგიურ გარემოშია განთავსებული.

სამინისტრომ სააქციო საზოგადოება „ონის კასკადს“, რომელმაც ორივე ჰესის მშენებლობაზე ნებართვა მიიღო, რამდენიმე პირობა დაუწესა, მათ შორის: კომპანიამ ჰესის მშენებლობის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს მეწყრულ სხეულზე (სოფელი კომანდელი) მდებარე საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის დეტალური შეფასება და ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა და ექსპლუატაციის პერიოდში უარყოფითი გავლენის შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს გავლენის არეალში მოხვედრილი მოსახლეობის განსახლება.

ასევე, სს „ონი კასკადმა“ უწერას მინერალური საბადოს ზონაში არ უნდა დაუშვას ტერიტორიის ისეთი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლის ხარისხობრივი ან რაოდენობრივი გაუარესება ან საბადოს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე უარყოფითი ზემოქმედება.

სს „ონის კასკადი“ რაჭაში, მდინარე რიონზე „ონი 1 ჰესის“ და „ონი 2 ჰესის“ მშენებლობას 2017 წლიდან ითხოვს. გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიას ჰესების მშენებლობის პროექტი 2018 წელს 37 შენიშვნით უკან დაუბრუნა. სამინისტრო ახლა აცხადებს, რომ „ონის კასკადმა“ ყველა შენიშვნა გაითვალისწინა.

ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.

ს/ს „ონის კასკადი“ 2015 წლის 28 აპრილს არის რეგისტრირებული. კომპანიას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის წევრებიც არიან: იოსებ მჭედლიშვილი, კახაბერ შევარდნაძე, ლეონტინა გალდავა. კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია. იგივე პირია შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 % წილის მესაკუთრეც. სწორედ ეს კომპანია ფლობს პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობაზე ნებართვებს. „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივნისიდან პანკისელების პროტესტის გამო შეწყვეტილი იყო. მშენებლობის გაგრძელება იორდანიშვილმა 2019 წლის 21 აპრილს, სპეცრაზმის თანხლებით სცადა, რასაც პანკისში მოსახლეობასა და ძალოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შეტაკების შედეგად დაშავდა 38 პოლიციელი და ამდენივე ადგილობრივი მცხოვრები. მოსახლეობამ გადაწვა ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი ტექნიკა და პოლიციის რამდენიმე მანქანა.

ლაშა იორდანიშვილი შპს „ალაზანი ენერჯის“ გარდა წილებს ფლობს შემდეგ საწარმოებში: შპს „პერი“ – 75%; შპს „თენ“ – 70%; შპს „ყაზბეგი ჰესი“ – 66,67%; შპს „დარიალის ტერმინალი“ – 75%; შპს „სმარტვუდი“ – 40%; შპს „ჰიდროენერჯი“ - 50%.

ამ თემაზე:

ყველა კანონიერი გზით ვეცდებით, ონის ჰესების კასკადი არ აშენდეს - რაჭის სათემო ორგანიზაცია

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში