საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:02 - 21 მაისი 2019 hits 5854

პირიქითა ხევსურეთში გვიანი შუა საუკუნეების ციხე-სოფლის, მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების - ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას 2019 წლის ჯილდო მოიპოვა.

წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტის ჯილდოს მინიჭებისას კონკურსის ჟიურიმ აღნიშნა, რომ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას. მუცოს რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ, რამაც თავის მხრივ წაახალისა მემკვიდრეობასთან მათი ურთიერთობის აღდგენა. ჟიურიმ პრიორიტეტად მიიჩნია ტრადიციული ხელოსნობის გაგრძელება, რამაც სამომავლოდ მისი შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. ჟიურის წევრებისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა რეაბილიტაციის პროცესში მრავალი გამოწვევის, მათ შორის რთული რელიეფისა და ინფრასტრუქტურის სიმწირის დაძლევის ფაქტორი.

მუცოს არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი გამარჯვებულად 34 ქვეყნიდან წარდგენილი 149 განაცხადიდან შეირჩა. დაჯილდოვების ცერემონია 2019 წლის 29 ოქტომბერს, პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის კონგრესის ფარგლებში გაიმართება. ცერემონიის მიმდინარეობისას დასახელდება გრან პრის შვიდი ლაურეატი, რომელთაც პრიზის სახით 10 ათასი ევრო გადაეცემათ.

2019 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტებიდან ცერემონიაზე გამოვლინდებიან პრიზი „საზოგადოების რჩეულის“ მფლობელებიც. დღეიდან, 15 სექტემბრის ჩათვლით, „საზოგადოების რჩეულის“ პრიზის მოსაპოვებლად, საშუალება გეძლევათ ხმა მისცეთ ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტს. ხმის მიცემის პროცედურა და წესები იხილეთ ბმულზე

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 2 665 000 ლარია. 2018 წელს დასრულდა რეაბილიტაციის მე-4 ეტაპი. აღდგა 20-მდე ციხე-კოშკი. პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებმაც ფიქალის მშრალი წყობის მივიწყებული ტრადიციული ტექნიკა მეზობელი რეგიონის ქისტი ოსტატებისგან აითვისეს. რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელია კომპლექსის ათვისება საცხოვრებლად. მუცოში ამოქმედდა მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ტერიტორიის ყოველდღიურ მართვას განახორციელებს.

კონსერვაციის კატეგორიის ნომინაციაში ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / ევროპა ნოსტრას ჯილდო მუცოს კომპლექსთან ერთად მოიპოვეს შემდეგმა სარეაბილიტაციო პროექტებმა:

  1. მონტრეი ბონის სასახლე - საფრანგეთი;
  2. ქრისტეს სუდარის ტურინის კაპელა - იტალია;
  3. წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი - ჰაარლემი, ჰოლანდია;
  4. დედოფალ ლუიზ ედიტის კომპლექსი - ზაბჟე, პოლონეთი;
  5. არქეოლოგიური ნაშთების გამოსაფენი პავილიონი - სელჟე, სლოვენია;
  6. ს’ჰოსტალის ქვის კარიერი - მენორკა, ესპანეთი;
  7. პარტალის სასახლის სამლოცველო - ალჰამბრა, გრენადა - ესპანეთი;
  8. დიდების კარიბჭე - სანტიაგო დე კომპოსტელა - ესპანეთი;
  9. შუა საუკუნეების ბეღელი - ინგატორფი - შვედეთი;
  10. ირ ისგვრინი, თრაუსფინიდი - უელსი, გაერთიანებული სამეფო.

ევროპა ნოსტრა აერთიანებს ევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას. ევროპა ნოსტრა დაარსდა 1963 წელს და დღეისთვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ორგანიზაციის პრეზიდენტია მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში