საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბოჭორნა – ყველაზე მაღალი სოფელი ევროპაში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:43 - 17 დეკემბერი 2014 hits 39651

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე – ეს სოფელი ბოჭორნაა, თუშეთში, გომეწრის ხეობაში. ბოჭორნა ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სოფელი მას შემდეგ გახდა, რაც მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, იქ ერთადერთი მუდმივი მცხოვრები დაფიქსირდა. სოფელი 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძემ გააცოცხლა და მასშტაბური აღიარებაც მოუტანა.

1989 წლის ჩათვლით, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ყაზბეგის მუნიცალიტეტში, თრუსოს ხეობაში მდებარე სოფელი რესი იყო მიჩნეული. რესი ზღვის დონიდან 2405 მეტრზეა. მას შემდეგ, რაც რესი მოსახლეობისგან დაიცალა,

ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებად სვანეთის სოფელ უშგულს მოიხსენიებდნენ (მესტიის მუნიციპალიტეტი). ზღვის დონიდან უშგულის სიმაღლე 2060–დან 2200 მეტრამდე მერყეობს.

„ამჟამად უშგულში ზღვის დონიდან 2160 მეტრზე ცხოვრობს ადამიანი. ცოტა მაღალზეა ლამარიას ეკლესია, მაგრამ ეკლესია დასახლებულ პუნქტად არ ითვლება. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, მაგალითად, ხევსურეთში არის სოფელი ბაცალიგო, რომელიც თითქმის უშგულს უტოლდება, მაგრამ იქ შვიდი წელია მოსახლეობა აღარ არის. ასევე არის სოფელი ფარავანი – ჯავახეთში, რომელიც სულ რაღაც ათიოდე მეტრით ჩამოუვარდება უშგულის სიმაღლეს“, – ამბობს გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი.

ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა თუშეთში, გომეწრის ხეობაში მდებარე სოფელი ბოჭორნა, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად აღარავინ ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბოჭორნაში მუდმივ მცხოვრებად დაფიქსირდა 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, თუშეთის ექიმი და იმავე წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც ხმა ბოჭორნაში მისცა.

„მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის დროს ბოჭორნას არც სოფლის სტატუსი ჰქონდა და იქ აღარავინ ცხოვრობდა. 2014 წელს კი ვითარება შეიცვალა. ბოჭორნაში დაფიქსირდა მუდმივად მცხოვრები პირი, ბატონი ირაკლი, რომელიც სოფელ უშგულის სიმაღლიდან დაახლოებით 150 მეტრით მაღლა ცხოვრობს. სოფლის რეალური სიმაღლის ნახვა შესაძლებელია როგორც ტოპოგრაფიული რუკების საშუალებით, აგრეთვე ჯიპიესის მონაცემებით“, – აღნიშნავს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, სოფელ ბოჭორნას სიმაღლე დაახლოებით 117 მეტრით აღემატება ავსტრალიის კონტინენტის ყველაზე მაღალ მწვერვალს კოსციუშკოს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2 228 მეტრია.

„როგორც იქნა ეჟვანი შეება ამ საქმეს და ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალ სოფლად გამოცხადდა. შესაბამისი ბანერიც დაიდგა გიორგი დვალაშვილის და თქვენი მხარდაჭერით. ეს აღიარება გაზრდის სოფელ ბოჭორნას ცნობადობას, გომეწრის ხეობის მიმართ ინტერესს, შესაძლებლობას მოგვცემს თუშეთში უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, სოფელი გაძლიერდეს, ხალხი დაბრუნდეს“, – ამბობს ირაკლი ხვედაგურიძე.

სოფელ ბოჭორნაში ორენოვანი საინფორმაციო დაფის დადგმა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი აღმოსავლეთ – დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მაღალმთიან დასახლებებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში