საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი – სეთურიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:38 - 30 სექტემბერი 2016 hits 4973

პანკისის ხეობის გავლით თუშეთში ავტომობილით ასვლა ზამთარშიც გახდება შესაძლებელი. მთავრობა სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ფშაველის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტს, ახალ, 15 კილომეტრიან მონაკვეთს ამატებს, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გზის გაჭრას და პანკისიდან თუშეთამდე გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, გიორგი სეთურიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რამ გამოიწვია ახალი მონაკვეთის დამატება? ჩვენ ბევრს ვმუშაობდით იმაზე, რომ თუშეთში მოსახვედრად უფრო უსაფრთხო და მოკლე გზა შეგვეთავაზებინა როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. აბანოს უღელტეხილთან შედარებით,

ხადორის უღელტეხილი უფრო დაბალია და შესაძლებელია მისი მოვლა ზამთარშიც. ეს საშუალებას მოგვცემს, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ზამთარშიც ღია იყოს.

ეს გზა დიდი ხნის წინ არის დამუშავებული. ამაზე ფიქრი განვაახლეთ და დავამატეთ ტექნიკურ დავალებას. დაახლოებით 15 კილომეტრი, ან შეიძლება ცოტა მეტი იყოს ახალი მონაკვეთი“, – ციტირებს პანკისის სათემო რადიო გიორგი სეთურიძის კომენტარს.

მისივე თქმით, ახალი გზა, რომელიც პანკისიდან დაიწყება და ხადორის უღელტეხილზე გაივლის, ხევსურეთიდან თუშეთისკენ მომავალ გზას შეუერთდება.

ამჟამად თუშეთს დანარჩენ საქართველოსთან ერთადერთი საავტომობილო გზა აკავშირებს, რომელიც თელავის რაიონის სოფელ ფშაველიდან იწყება. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე, სოფელ ომალომდე 72 კილომეტრია. ფშაველიდან მდინარე სტორის ხეობამდე გზა მოასფალტებულია. სტორის ხეობიდან აბანოს უღელტეხილამდე საავტომობილო გზის დიდი ნაწილი კლდეებზე და მთებზეა გაჭრილი. სახიფათო პირობების გამო ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. თუშეთის გზა ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება ხოლმე და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC–მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

თუშეთის გზა თავისი ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე რეგიონში ტურისტების მიზიდვის ერთ–ერთ ძირითადად საშუალებადაც ითვლება, თუმცა ამავე დროს, ტურისტებსაც აფრთხობს. გზის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე წელს თუშეთი ტურისტული სეზონის ჩავარდნის საფრთხის წინაშეც კი დადგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განმარტებით, ახალი 15 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ხადორის უღელტეხილზე გაივლის, ზღვის დონიდან მაქსიმუმ 2600 მეტრზე იქნება, მაშინ როცა აბანოს უღელტეხილი ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა.

სეთურიძის ინფორმაციით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობით ბევრი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული: „ძალიან ბევრს მუშაობენ, ექსპედიციები წინასწარ გაგზავნილია ამ მიმართულებებზე, რომ თავიანთი წინადადებები რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბონ“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო და საკონკურსო კომისიის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეწყდა ელექტრონული კონკურსი, რომელიც ყაზბეგი-თუშეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით იყო გამოცხადებული. „საკონკურსო კომისიაზე წარმოდგენილ იქნა დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საპროექტო მონაკვეთზე ტრასის ტექნიკური მახასიათებლების შესაძლო გაუმჯობესების მიზნით, დამატებით მინდინარეობს ალტერნატიული მიმართულებების იდენტიფიცირება, რაც შესაბამისად, გამოიწვევს არსებული საპროექტო დავალების ცვლილებას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ალტერნატიული ვარიანტების დამატებით დაზუსტებამდე შეწყდეს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული CNT160000119 კონკურსი“, - ნათქვამია სატენდერო და საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.

ყაზბეგი – თუშეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 11 აგვისტოს, თუშეთში ყოფნისას დაანონსა.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ და მივაქცევთ თუშეთის განვითარებას. თუშეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ტურიზმის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტენდერი გზის პროექტირებაზე, რომელიც აუცილებლად აშენდება და იქნება საქართველოს დედაქალაქიდან თუშეთამდე მიმავალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების გზა იმისათვის, რომ ყველა ტურისტმა უსაფრთხოდ და რაც შეიძლება მოკლე დროში მოახერხოს თუშეთში ამოსვლა“, –განაცხადა პრემიერმა.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის გზის პროექტირებაზე კონკურსი პრემიერის თუშეთში ვიზიტამდე ორი დღით ადრე, 9 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების წარდგენის ვადად 21-26 აგვისტო განისაზღვრა, თუმცა ამის შემდეგ კონკურსის ვადა ორჯერ შეიცვალა - ჯერ 16 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ კი 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განმარტებით, ახალი მონაკვეთის დამატების თაობაზე დოკუმენტაციაში ტექნიკური ცვლილება რამდენიმე დღეში შევა და კონკურსი განახლდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში