საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ამბროლაურის აეროპორტი გაიხსნა, ფრენის ღირებულება 50 ლარია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:38 - 15 იანვარი 2017 hits 33497

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 იანვარს ამბროლაურში ახალი აეროპორტი და სამგზავრო ტერმინალი გახსნა. ნატახტარის აეროპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება. ბილეთის ღირებულება 50 ლარია.

„დღეს ჩვენ რაჭაში გავხსენით საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტი, რომელიც არის რაჭა-ლეჩხუმის ჭიშკარი. უამრავი ტურისტი ჩამოვა აქ. ეს იქნება კეთილდღეობა მიტანილი თითოეული ოჯახის, თითოეული ადამიანის ბიუჯეტში, რომელიც აქ ცხოვრობს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამბროლაურის აეროპორტი ჯამში 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს.

ფრენების დაწყებამდე თბილისიდან ამბროლაურის მიმართულებით მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. მგზავრობის ღირებულება 20 ლარია, მანძილი 270 კილომეტრი და მის დაფარვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება.

„რაჭაში, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის მოდელი, როგორიც იქნება ჩვენი საქართველო, სულ რამდენიმე წლის შემდეგ. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი სხვა მიმართულებებიც - ადგილობრივი ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერა; ოჯახური და მოზრდილი სასტუმროების მხარდაჭერა და მიკროგრანტების პროგრამა, რომელიც მიკრომეწარმეებს ოჯახური მეურნეობების გამართვაში ეხმარება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონი, რამდენიმე წლის წინ, დაცლის საფრთხის წინაშე იყო, თუმცა დღეს უკვე ახალგაზრდები ბრუნდებიან და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში ერთვებიან.

„ჩვენ არა მხოლოდ ავიცილეთ რეგიონის დაცლის საფრთხე, არამედ, მას სრულიად ახალი სუნთქვა ჩავბერეთ და ეს ძალიან დიდი დასაწყისია. მჯერა, სულ რამდენიმე წელში, ჩვენ აქ ვნახავთ წელგამართულ, თავაწეულ, ამაყ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი პროფესიონალიზმით, მარიფათით, ბიზნესის კეთების შესაძლებლობით, არჩენენ საკუთარ ოჯახებს და დაასაქმებენ სხვებსაც. რაც ძალიან მახარებს, არის ის, რომ აქ რეგიონის მკვიდრი უამრავი ახალგაზრდა ბრუნდება და ახალ საქმეს იწყებს“, - განაცხადა პრემიერმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში