საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ამბროლაურის აეროპორტიდან ფრენები იანვრიდან შესრულდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:02 - 01 დეკემბერი 2016 hits 24489

ამბროლაურის აეროპორტში ტერმინალის მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება, პარალელურად მიმდინარეობს სერტიფიცირების პროცესი და ფრენები 2017 წლის იანვრიდან დაიწყება, – ამის შესახებ „მთის ამბებს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ფრენების განრიგი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. პირველ ეტაპზე ფრენები დაგეგმილია თბილისიდან, ნატახტარის აეროპორტიდან, ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით. „შემდეგ შესაძლოა სხვა მიმართულებებიც დაემატოს. ფრენებს შეასრულებს 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდი, იგივე თვითმფრინავი, რაც დაფრინავს მესტიაში. ამბროლაურის აეროპორტი ერთ საათში 50 მგზავრზეა გათვლილი“, – აღნიშნა ქეთი ალექსიძემ.

ამბროლაურის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 1 100 მეტრიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის სიგანე 30 მეტრია, შეუძლია შეზღუდვის გარეშე მიიღოს L 410 (19-ადგილიანი) ტიპის საჰაერო ხომალდები.

„აეროდრომი სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის ამ რეგიონისთვის - უპირველეს ყოვლისა აქ მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ იქნება რეგულარული რეისები და რაჭაში, წლის ნებისმიერ დროს, შესაძლებელი იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში ამოსვლა, ასევე - დედაქალაქში ნებისმიერ დროს ჩასვლა. ეს პირველი ნაბიჯია. ჩვენ ძალიან დიდი გეგმები გვაქვს კურორტების განვითარებასთან დაკავშირებით - შოვი, უწერა. აუცილებლად აშენდება გზა, რადგან რეგიონის განვითარებას მხოლოდ აეროპორტი არ ეყოფა. გომი-საჩხერე-რაჭა აუცილებლად აშენდება. ძალიან დიდი რამ იწყება - რაჭა-ლეჩხუმის განვითარების ახალი ეტაპი. ამ აეროდრომის გარდა, ჩვენ მომავალ წელს ვიწყებთ ახალი აეროდრომის მშენებლობას ომალოში; ასეთივე ტურისტულ აეროდრომს ავაშენებთ ახალქალაქში, ზუგდიდში და კიდევ არაერთ რაიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამბროლაურის აეროპორტი თანამედროვე სისტემებით და საჭირო სპეცავტოტექნიკით აღიჭურვება და 30-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებს. რეგიონის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, შესწავლის სტადიაშია ასაფრენი ზოლის დაგრძელების პერსპექტივა, რათა აეროპორტმა 50-ადგილიანი საჰაერო ხომალდების მიღება შეძლოს.

საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, სივრცითი მოწყობის მიმართულების ნაწილია.

ნატახტარი – მესტიის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია „სერვისეარი“ 17 ადგილიანი საჰაერო ხომალდით ასრულებს. ფრენები შაბათის გარდა ყოველდღე სრულდება. 3 წლამდე ბავშვებისთვის ბილეთი უფასოა, 3 დან -12 წლამდე 45.50 ღირს, 12 წლიდან კი 65 ლარი.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ახალი შიდა ავიამიმართულებები დაამატა. ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს ავიარეისები ნატახტარი - ქუთაისისა და ქუთაისი - ნატახტარის მიმართულებით სრულდება. ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი ზრდასრულთათვის 40 ლარი, ბავშვებისთვის კი 28 ლარია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში