საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ ვერ აყვავდა კურორტი წყალტუბო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:47 - 11 სექტემბერი 2021 hits 31985

კურორტ წყალტუბოს განვითარებას ჯერ პრეზიდენტი სააკაშვილი გვპირდებოდა, მერე ივანიშვილი, ღარიბაშვილი, გახარია და ისევ ღარიბაშვილი. მოქმედი პრემიერ-მინისტრი პირველად 2015 წელს დაგვპირდა, რომ წყალტუბო ტოლს არ დაუდებდა გერმანიისა და ჩეხეთის ცნობილ საკურორტო ქალაქებს ბადენ ბადენსა და კარლოვი-ვარს. დაპირებებში მას ივანიშვილიც შეეშველა და თქვა, რომ წყალტუბო რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქი გახდებოდა, დასაქმდებოდა 20 ათასი ადამიანი, რაც მთელი იმერეთის მხარის ეკონომიკურ აღმავლობას გამოიწვევდა. რა შესრულდა პირველი პირების დაპირებებიდან? როგორ ცხოვრობენ სანატორიუმებში აფხაზეთიდან დევნილები? წყალტუბოს 22 სანატორიუმიდან რამდენი, ვისზე და რა პირობებით არის გაყიდული? რატომ არ ახდენს მთავრობა რეაგირებას ინვესტორების მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაზე?

 ბადენ-ბადენი, კარლოვი-ვარი, ჯანმრთელობის დედაქალაქი - დაპირებები წყალტუბოზე

ვიწყებთ წყალტუბოს დიდი რეაბილიტაციის პროექტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა, რომელიც მე მქონდა და ჩვენ ყველანი ერთად განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას. ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. არც გუშინ დავბადებულვარ და არც შუშის კასრში არ მიცხოვრია. მე ძალიან კარგად ვიცი, დღესაც კი, როგორი გაჭირვებაა აქ. ამიტომ, ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს, უკვე კეთდება რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მათ შორის, წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, აღდგება „შახტიორი“, აღდგება „ივერია“, აღდგა სამხედრო სანატორიუმი და ეს არის მხოლოდ დასაწყისის დასაწყისი. აქ ვაკეთებთ ტექნიკური გადამზადების ძალიან დიდ ცენტრს, კურსდამთავრებულების 90 % პირველივე თვეში პოულობს სამსახურს“, - ასე მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩევლებს წყალტუბოში, 2012 წლის 14 სექტემბერს, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 17 დღით ადრე.

ამ შეხვედრიდან მე-7 დღეს და არჩევნებამდე 10 დღით ადრე, წყალტუბოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა უთხრა, რომ ის ძუნწია დაპირებებში, საქმის გაკეთება და ჩვენება უფრო მეტად უყვარს: „ყველაზე ძირითადი პრობლემა, ყველაზე დიდი უსამართლობა, სამუშაო ადგილების შექმნა იქნება ჩვენი ზრუნვის მუდმივი საგანი. ერთი წელიწადი არ ეყოფა, იცოდეთ, მაგრამ პირველ წელსვე იგრძნობს ამას მოსახლეობა, რომ ეს პროცესი დაიწყება. რამდენიმე წელიწადში ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავასაქმოთ საქართველოს თითოეული მოსახლე, თანაც მივცეთ ღირსეული შემოსავლის საშუალება“.

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო რჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2003 წლის ვარდების რევულიციიდან იყო ხელისუფლებაში, დამარცხდა. მილიარდერი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54.97 % მიიღო, სააკაშვილის პარტიამ 40.34 %. საქართველოს მთავრობა „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა.

2012 წლის 6 ნოემბერს, მსოფლიო ბანკმა წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის 37 მილიონი დოლარი გამოყო. შეთანხმებას წინა ხელისუფლების დროს მიაღწიეს. ამ თანხით დაგეგმილი იყო „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ზომის შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ქალაქის წრიული გზის რეაბილიტაცია, ცენტრალურ პარკში და „ცივ ტბაზე“ გარე განათების, გზების, სავალი ბილიკების და სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ყოფილი პოლიციის, რკინიგზის სადგურის, საკონცერტო დარბაზ - „ივერიის“, გამგეობის შენობის აღდგენა, პარკში მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, წყალტუბოს პარკის და „ცივი ტბის“ ტერიტორიის გამწვანება, კეთილმოწყობა და სარწყავი სისტემის მონტაჟი. დაგეგმილი სამუშაოები რამდენჯერმე შეფეხდა, ზოგიერთი განმახორციელებელი კომპანია გამოცვალეს კიდეც.

2015 წელს, საპარტნიორო ფონდმა, რომელიც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, ავსტრიულ საკონსულტაციო კომპანია „Khol and Partners“-თან ერთად, წყალტუბოს, როგორც სამედიცინო-გამაჯანსაღებელი სპა კურორტის განვითარების გრძელვადიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით, 2015-2021 წლებში უნდა მოეძიებინათ ინვესტორები და დაწყებულიყო განხორციელების პირველი ფაზა.

„წყალტუბო უნიკალური კურორტია. შეგვიძლია, თამამად შევადაროთ ისეთ ცნობილ კურორტებს, როგორიცაა ბადენ-ბადენი და კარლოვი-ვარი. ამ კურორტს სჭირდება დიდი ინვესტიციები. საპარტნიორო ფონდმა შეისწავლა წყალტუბოს განვითარების გეგმა. ფრანგული კომპანია „ვიჩი“ დაინტერესებულია ამ კუთხით. ჩვენი სურვილია, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. დარწმუნებული ვარ, წყალტუბო გახდება ყველაზე საამაყო კურორტი, არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2015 წლის 25 აპრილს წყალტუბოში ყოფნისას, სადაც მსოფლი ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა.

წყალტუბოს განვითარების გეგმა ფაქტობრივად არ განხორციელდა.

 „მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

წყალტუბოს აქვს ყველა და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობისა და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი. საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 - 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას“, - 2019 წლის 29 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, ამ ყინულმჭრელად ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს მიიჩნევდა.

„გრანდიოზული საქველმოქმედო ინიციატივა, რომელმაც წყალტუბოს აღორძინების პროცესს ახალი იმპულსი შესძინა. სამწუხაროდ, ამ გამოწვევას მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდნენ იმიტომ, რომ ძალიან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი. ჩვენ ვცდილობთ, გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების  მანძილზე ოთხზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება“, - ასე შეაფასა იმავე დღეს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ივანიშვილის იდეა.

ივანიშვილის განცხადებას მეორე დღესვე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „2009 წელს მე დავიწყე წყალტუბოს განვითარება, ჩვენ ავუშენეთ დავნილებს ახალი ბინები, გამოვიყვანეთ ისინი სანატორიუმებიდან და შემდეგ დავიწყეთ სანატორიუმების განვითარება, რათა ამავე დევნილებს ჰქონოდათ სამუშაო და შემოსავლის წყარო. მე სპეციალურად ვიმოგზაურე მარაკესში, მაშინ მაროკოში და ავიღეთ ზუსტი ასლი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასტუმროს „მამუნიასი“. ამ ზუსტ ასლს ვაშენებდით სანატორიუმის, ყოფილი „შახტიორის“ ადგილას და ეს უნდა ყოფილიყო წყალტუბოს „ინტერკონტინენტალი“, მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2014 წელს. პარკში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტით გავაკეთეთ, ვდგამდით ბადენ-ბადენის ცნობილი აბანოების ზუსტ ასლს, კარაკალასი, ოღონდ გაუმჯობესებულს, გათანამედროვებულს, მსოფლიოში უნიკალურს. ეს ყველაფერი, ძირითადი ნაწილი უნდა დასრულებულიყო 2013 წლის ბოლომდე, დანარჩენი კი 2 წელიწადში. ივანიშვილი მოვიდა, ყველაფერი გააჩერა. ვერ გააჩერა ერთადერთი პარკი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ იყო დაკონტრაქტებული, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები იყო, რაც უნდა გაკეთებულიყო. რაც მთავარია, მან მოკლა ქუთაისის პარლამენტი. წყალტუბო არის პარლამენტის კომპლექსის გაგრძელება, და საერთოდ, ყველაფერი ერთადაა: აბასთუმანი, საირმე, ქუთაისი, ქუთაისის პარლამენტი, წყალტუბო, შემდეგ გვირაბი სვანეთში და გამავალი გზა. ეს არის ერთი დიდი კომპლექსი და ამის მთავარი აქცენტი წყალტუბოა. ივანიშვილმა ყველაფერი გააჩერა და გაანადგურა. დღეს ივანიშვილი, რომლის გამოც არ განვითარდა წყალტუბო, მოდის და აპირებს, პრაქტიკულად უფასოდ ხელში იგდოს ქონება, რომელიც ღირს მინიმუმ 700 მილიონი დოლარი, საწყისი ფასი“.

11 ნოემბერს, ეკონომიკის მინისტრმა ექვსპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავდა:

  • კურორტ „წყალტუბოს“ განვითარების გენერალური გეგმის მომზადებას;
  • კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას;
  • წყალტუბოს ტერიტორიაზე ყოფილ სანატორიუმებსა თუ სასტუმროებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზებას;
  • კურორტის ერთიან ადმინისტრირებას;
  • მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადებას და განხორციელებას;
  • სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბებას და მართვას.

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების 477 ოჯახი 2020 წლის ბოლომდე სრულად უნდა დაეკმაყოფილებინათ ახალი საცხოვრებელი ბინებით, კურორტი წყალტუბო კი სრული დატვირთვით 2024 წლისთვის უნდა ამუშავებულიყო.

2019 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თურნავამ თქვა, რომ წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდებოდა: „ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში წყალტუბო დაიბრუნებს საერთაშორისო კურორტის სტატუსს, იქცევა საერთაშორისო ტურისტულ ცენტრად, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს იმერეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“.

2020 წლის 5 ივნისს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაგვპირდა, რომ წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი: „წყალტუბო, როგორც ტურისტული ბრენდი უკვე ჩამოყალიბებულია. მას სჭირდება იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება და ეს ყველაფერი იქნება. შეიძლება ჩვენ, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში, დროში სადღაც ჩამოვრჩეთ, მაგრამ  წყალტუბო იქნება საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი და ნახავთ“.

 

კურორტი წყალტუბო

წყალტუბოში კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობის 1931 წლის დადგენილებით, წყალტუბო კურორტად და ბალნეოთერაპიის ცენტრად გამოცხადდა. წყალტუბოს მინერალური წყლებით მკურნალობენ გულისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოების, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, თირკმელების, გინეკოლოგიურ და კანის დაავადებებს. 1953 წელს წყალტუბომ ქალაქისა და საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი მიიღო. სხვადასხვა დროს აშენდა 22 სანატორიუმი.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე წყალტუბო საბჭოთა ელიტისთვის ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო, 5800 საწოლით. მოსკოვიდან წყალტუბოს მიმართულებით პირდაპირი მატარებელი მოძრაობდა.

აფხაზეთის ომის შემდეგ წყალტუბოს სანატორიუმებში დევნილების 560 ოჯახი შეასახლეს. მათი ნაწილი ნახევრადდანგრეულ სანატორიუმებში, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო პირობებში ამ დრომდე ცხოვრობს.

5 აგვისტოს, სანატორიუმ „იმერეთის“ მესამე სართულზე აივანი ჩაინგრა და აფხაზეთიდან დევნილი, 65 წლის რეზო ლობჟანიძე ადგილზე დაიღუპა. ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, შენობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ მასში ცხოვრება დაუშვებელი იყო.

ხელისუფლებამ სანატორიუმ „იმერეთში“ მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს სხვა საცხოვრებელი ამ დრომდე არ მისცა.

„წყალტუბოში, ყველა სანატორიუმი, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში, ნგრევად შენობებში ცხოვრობდნენ დაიხურება და 420 ოჯახს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში, უახლოეს მომავალში გადაეცემა. წლის ბოლომდე, 20 ნგრევადი ობიექტი დაიხურება, მათ შორის 15 წყალტუბოში“, - ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ 14 აგვისტოს გააკეთა.

წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისთვის ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც 8 კორპუსისგან შედგება, ბინები ჯერ არ გადაუციათ.

კულტურული მემკვიდრეობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში 14 ნაგებობის სრული ინვენტარიზაცია 2018 წელს ჩაატარა. წყალტუბოს „სტალინური“ ეპოქის შენობები გამორჩეულია თავისი მონუმენტურობითა, მდიდრული მხატვრული დეკორით და საქართველოში ანალოგი არ აქვს. შენობების მორთულობაში ხშირია ქართული დეკორატიული ელემენტები, უმრავლეს შემთხვევაში შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი დეკორი. ფასადები უხვადაა შემკული კოლონადებითა და კამარებით.

კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი მონაცემთა ბაზის ინტერაქტიული რუკის მიხედვით, კურორტ წყალტუბოში ძეგლის სტატუსი სულ 8 ნაგებობას აქვს მინიჭებული:

სანატორიუმი „მედეა“ - აგებულია 1957-1962 წლებში არქიტექტორების ა. ინწკირველისა და ფ. ფოცხიშვილის პროექტით;

სანატორიუმი „მეტალურგი“ - აგებულია 1957 წელს არქიტექტორების ვ.ა. კედიასა და ნ.ს. სოლოვიოვკას მიერ;

სანატორიუმი „გელათი“ - აშენებულია 1964 წელს არქიტექტორების ნ. ს. პოლიუდოვისა და ა. პ. აბრამოვის პროექტის საფუძველზე;

სანატორიუმი „ივერია“ - აშენებულია 1962 წელს არქიტექტორ მ. მ. ბუზოღლის მიერ; სანატორიუმი „იმერეთი“ - აგებულია 1961 წელს არქიტექტორების ვ. ალექსი-მესხიშვილისა და ლ. ჯანელიძის მიერ;

წყალტუბოს №8 აბაზანა - აგებულია 1959 წელს არქიტექტორ ი. ზაალიშვილის პროექტით. აქვს რვაფურცელა გვირილის ფორმა. გადახურულია კამარით, რომლისთვისაც გამოყენებულია 42 ტონა რკინა-ბეტონი. შუაში კამარა წრიულადაა გახსნილი. ამ დეტალით ის პირველი ნაგებობაა საქართველოში, სადაც ასეთი კონსტრუქცია იქნა გამოყენებული. შემდგომში იგივე განმეორდა თბილისის სპორტის სასახლეზე;

წყალტუბოს №6 წყაროს შენობა - აგებულია 1951 წელს არქიტექტორების მ.ვ. ტარასოვისა და გ.მ. ხიმშიაშვილის მიერ. ის სპეციალურად სტალინისთვის გაკეთდა 9 თვეში. შენობა ორსართულიანია - პირველ სართულზე განლაგებულია 50 აბაზანა და 3 აუზი, ხოლო მეორე სართულზე საპროცედურო ოთახებია. მარჯვენა ფლიგელში განთავსებულია სტალინის აბაზანა. შენობის წინ სკვერია, რომელშიც მოწყობილია ლომის თავებისა და ტარიელის ლომთან ბრძოლის კომპოზიციის ბრინჯაოს ქანდაკებებით შემკული შადრევანი;

წყალტუბოს რკინიგზის შენობა - ნაგებობა გზის მხრიდან ორსართულიანია, რკინიგზის ხაზის მხრიდან კი ერთსართულიანი.

 

გაყიდული და გასაყიდი სანატორიუმები

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან, „მთის ამბებმა“ 18 აგვისტოს წერილობით გამოითხოვა ინფორმაცია, კურორტ წყალტუბოში რამდენი სანატორიუმი და სხვა შენობა-ნაგებობაა სახელმწიფო საკუთრებაში; რამდენი სანატორიუმია პრივატიზებული და რა პირობებით; დღეისათვის შესრულებულია თუ არა პრივატიზების შესახებ მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობები; რომელი სანატორიუმების გაყიდვის მცდელობა ჰქონდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2015 წლიდან დღემდე, რა პირობებით და რომელი არ გაიყიდა.

სააგენტოდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს ბალანსზე 14 სანატორიუმია: სანატორიუმი „აია“, სანატორიუმი „ფილიალი“, სანატორიუმი „სავანე“, სანატორიუმი „სამგურალი“, სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „სინათლე“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „გელათი“, სანატორიუმი „წყალტუბო“, სანატორიუმი „მედეა“, სანატორიუმი „მეგობრობა“, სანატორიუმი „უშიშროება“, სანატორიუმი „წყალტუბო“ (ყოფილი ინტურისტი);

გასხვისებულია 7 სანატორიუმი - „მეშახტე“, „ივერია“, „მეტალურგი“, „ცისკარი“, სამხედრო სანატორიუმი, სანატორიუმი „რიონი“, ყოფილი სანატორიუმი „საქართველო“; სანატორიუმ „რკინიგზელს“ სახელმწიფო კომპანია მართავს.

 

ინვესტორების შეუსრულებელი ვალდებულებები

ოთხსართულიანი სანატორიუმი „მეშახტე“ მთავრობამ 2015 წლის 20 ივლისს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა შპს „ქეი ბი ფი თბილისს“ 2,5 მილიონ აშშ დოლარად. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მეპატრონეს 2018 წლის 11 სექტემბრამდე, არანაკლებ 100 ნომრით, ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო უნდა შეექმნა. ინვესტორს ვალდებულებები არ შეუსრულებია. სანატორიუმის შენობა და ეზო თუნუქითაა შემოღობილი. ობიექტს დაცვის სამსახური იცავს და შიგნით არავის უშვებენ, თუმცა, მოვახერხეთ, გვენახა, რომ შენობა რეაბილიტირებული არ არის. შპს  ქეი ბი ფი თბილისი 2015 წლის 30 აპრილს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ზვიად ზვიადაძეა. შპს-ს 100 % წილს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული „ჯი ინთერნეშენალ ჰოლდინგს ლიმითედი“ ფლობს.

2018 წლის 6 მარტს, სანატორიუმი „ივერია“ მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, შპს „ივერია პალასს“ 500 ათას ლარად გადასცა. მესაკუთრეს სამი წლის ვადაში 130 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოეწყო, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტია განეხორციელებინა და 60 ადამიანი დაესაქმებინა.

ინვესტორს ნაკისრი ვალდებულებები არც ამ შემთხვევაში აქვს შესრულებული. შენობა ცარიელია და ოთხივე სართულზე უხვად ნახავთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების კვალს.

შპს ივერია პალასი 2017 წლის 22 მარტს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორები არიან ბიძინა ჩხეიძე და უჩა გელაშვილი. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: თურქეთის მოქალაქე ოქტაი კივანჩ - 40%; შპს ლასკო კაპიტალ ჯორჯია - 30%, რომელიც კვიპროსში რეგისტრირებულ „ლასკო კაპიტალ ლიმიტედს“ ეკუთვნის; შპს თიარჯი ფაუერ - 30%, რომლის დირექტორი და ერთადერთი მფლობელია გიორგი დევაძეა.

ნახევრადდანგრეული სანატორიუმი „ცისკარი“ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 23 ივნისს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით შპს „ნითას“ გადასცა 150 ათას ლარად. კომპანიას სამ წელში სულ მცირე 5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რაც მოიცავს 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა-რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომიც უნდა მოწყობილიყო. ინვესტორმა მხოლოდ საპრივატიზებო ღირებულება გადაიხადა, დანარჩენი ვალდებულებები არ შეუსრულებია. შპს „ნითა“ 1996 წელს არის რეგისტრირებული. მისი 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორი ნინო კუჭავაა.

სანატორიუმი „მეტალურგი“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 07 აგვისტოს განკარგულებით, შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალს“ აქვს გადაცემული. კომპანიას საპრივატიზებო საფასური გადახდილი აქვს. პირობა ასეთია - შენობაში მცხოვრები დევნილების განსახლებიდან  5 წლის ვადაში, შენობა უნდა კეთილმოაწყოს და ამ მიზნით 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალი“ 2012 წლის 9 მარტს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100 % წილს შპს „გლობალ ლაიფსტაილ ელ-ტე-დე“ ფლობს, რომლის 100 % წილის მფლობელი ალექსანდრე მიქაძეა.

სანატორიუმ „მეტალურგში“, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, აფხაზეთიდან დევნილების 20-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ბევრი დევნილი კამერასთან ღია საუბრისგან თავს იკავებს. შიშობენ, მათი ნათქვამი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ არ მოეწონოთ, დაპირებული ბინა არ დაკარგონ, რომელსაც 30 წელია ელოდებიან: „ახლა თუ თქვი რამე საწინააღმდეგო, შენ მიშას კაცი ხარ, თუ მიშას საწინააღმდეგო თქვი, ბიძინას კაცი ხარ. ამოუდით სული ამის ძახილში და ამ დროს ჩვენთვის ცხოვრება დამთავრდა“. „მეტალურგში“ ხშირად ნახავთ ტურისტებს. მათი ყურადღების ძირითადი სამიზნე შესასვლელში დაკიდებული ძველი დიდი ჭაღია.

კურორტის ძველი სანატორიუმებიდან უფრო ადრე, 2006 წელს გაიყიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სანატორიუმი. ის ერთადერთია, რომელშიც 2011 წლიდან, 137 ნომერზე გათვლილი სასტუმრო კომპლექსი „წყალტუბო სპა რესორტი“ ფუნქციონირებს. შენობა 2010 წლიდან სააქციო საზოგადოებას „საქართველოს სასტუმროები და სპა“ ეკუთვნის. კომპანიის მესაკუთრე ანდრო ჯიშკარიანია. „წყალტუბო სპა რესორტი“ 16 ჰექტარზეა გაშლილი. ერთადგილიანი სტანდარტული ნომერი ღამისთევითა და საუზმით 74 დოლარი ღირს, ორადგილიანი 86 $.

სანატორიუმი „რიონი“ 2006 წელს გასხვისდა წყალტუბოს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ. ობიექტის მესაკუთრე ზაზა ბაღდავაძე იყო. 2020 წლის 9 ნოემბერს სანატორიუმ „რიონის“ მესაკუთრე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბადენი“ გახდა, რომელიც 2020 წლის 19 ოქტომბერს არის რეგისტრირებული და რომლის ერთადერთი მესაკუთრეც დემურ ბაღდავაძეა.

ყოფილი სანატორიუმი „საქართველო“ 2004 წელს არის გაყიდული და მესაკუთრე შპს „სანატორიუმი საქართველოა“, რომელსაც თავის მხრივ სს „ჯანმრთელობა“ ფლობს.

ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელის“ მესაკუთრე 2007 წლიდან სააქციო საზოგადოება „სანატორიუმი რკინიგზელია“. საწარმოს შპს „რეაბილიტაცია“ მართავს, რომლის 100 % წილის მესაკუთრე სახელმწიფოა.

2019 წლის მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 5 სანატორიუმის გაყიდვა 21 მილიონ ლარად გადაწყვიტა. ინვესტორს ობიექტებისთვის ფუნქცია უნდა შეენარჩუნებინა და სასტუმროები გაეხსნა. სანატორიუმ „იმერეთის“ საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარი იყო, პანსიონატ „სავანეს“ ღირებულება - 2 058 000, სტალინის აგარაკის, სანატორიუმ „წყალტუბოსი“ - 8 457 000 ლარი, სანატორიუმ „ფილიალის“ - 1 969 100 ლარი, ხოლო სანატორიუმ „მეგობრობის“ – 5 232 300 ლარი. განაცხადების არარსებობის გამო ელექტრონული აუქციონები ჩაიშალა და ქონება არ გაიყიდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა კონკურსი ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შესამუშავებლად.  ტენდერი შპს „ბაუ დიზაინმა“ 1 087 842 ლარად მოიგო.

2021 წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. 4 სექტემბერს, წყალტუბოში მერობის კანდიდატის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამომრჩევლებს ისევ დაპირდა წყალტუბოს აღდგენასა და მასშტაბურ განვითარებას: „მთავრობა ძალიან დიდ ინვესტორებს ესაუბრება, რომლებიც დაინტერესებულები არიან წყალტუბოში სასტუმროების აღდგენით. ყველა ის სასტუმრო, რომელიც ერთ დროს იყო განვითარებული და აღორძინებული, ისევ აღდგება და წყალტუბო გახდება ერთ-ერთი თვალსაჩინო, გამორჩეული კურორტი. მთავრობა ძალიან დიდ ინვესტიციებს ჩადებს ამ კურორტის განსავითარებლად, ინფრასტრუქტურაში, ეს, სამუშაოების განხორციელება იგეგმება 2022 წლიდან“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში