საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ანა ოჩიაური – არხოტიონთა ტრადიციის გამგრძელებელი

17:05 - 18 მარტი 2017 hits 13802

თავად არხოტიონია. მისი წინაპრები ახიელიდან იყვნენ. მერე მთიელები იძულებით ბარში ჩამოასახლეს და ის უკვე ბარში გაიზარდა, ბაზალეთთან. 1989 წელს უნივერსიტეტი რომ დაასრულა, ბევრი არც უფიქრია, სამუშაოდ მშობლიურ არხოტში წავიდა. პერიოდი იყო ისეთი, ბევრი ცდილობდა, ეროვნული საქმე ეკეთებინა: მთაში და სოფლებში მიდიოდნენ ახალგაზრდები. მაშინ არხოტში დაწყებითი სკოლა იყო და ანა ოჩიაური იმ სკოლის გამგე-მასწავლებელი გახდა. 

„ახლა ძალიან ტკბილად მაგონდება ის წლები, მქონდა ჩემი პატარა სკოლა და მყავდა ძალიან კარგი სამი მოსწავლე“, - ღიმილით იგონებს.

27 წლის წინ იქ, არხოტში შექმნა ოჯახი. მისი მეუღლე არმაზ წიკლაურიც არხოტიონია, არხოტის ყველაზე საზღვრისპირა სოფელ ამღაში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე წელი კავკასიონს გადაღმა, მთაში იცხოვრეს. ეს არ იყო იოლი, რადგან არხოტში დღესაც არ არის სამანქანე გზა (პირველად საქართველოს ისტორიაში შარშანწინ დაიწყეს გზის გაყვანა, უღელტეხილს გადასცდნენ კიდეც, თუმცა ჯერ სოფლებამდე არ ჩასულან), დღემდე ხეობაში არც მობილური ტელეფონი იჭერს.

„ძალიან ლამაზი, რთული და განსაკუთრებული ცხოვრება ჰქონდათ არხოტიონებს. ისინი არასოდეს იყვნენ ვინმეს იმედად, თავად იყვნენ მენაპირენიც, მშობლიური კუთხის მესაზღვრებიც და მცველებიც. ხევსურეთის ეს სოფლები, განსაკუთრებით შატილისა და არხოტის საზღვარი ძალიან რთული შესანარჩუნებელი იყო. ლეგენდები დადის იმ ხალხზე, ურთულეს პირობებში მეურნეობას, ოჯახს და მესაზღვრეობას ერთმანეთს რომ უთავსებდნენ. ეს დიდი გმირობის ფასად უჯდებოდათ. კაცი სოფლიდან რომ გადიოდა, ყველას კარგად ესმოდა, შეიძლება აღარც მობრუნებულიყო. არმაზის სოფელს კიდევ უფრო მეტი მომხდური ჰყავდა, მეტი დაცვა სჭირდებოდა“- გვიამბობს ანა.

რომ დაოჯახდნენ და ბავშვები გაჩნდნენ, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეს ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო და მასთან ერთად საზღვრის დაცვის სამსახური ყალიბდებოდა.

„როდესაც სასაზღვრო სამსახური შეიქმნა, ბუნებრივად დადგა საკითხი, ჩვენი წინაპრების საქმე გაგვეგრძელებინა.

საგანგებოდ არ გვიზრუნია, რომ მესაზღვრეები გავმხდარიყავით. თითქოს რაღაც ორგანულად მოხდა. მთელი ხევსურეთი და არხოტი ასე ცხოვრობდა, ჩვენი პაპა-ბებოები მეურნეობასაც უვლიდნენ და თან ქვეყანასა და საზღვარს იცავდნენ. თითოეული არხოტიონი ამ ტრადიციებზე იზრდებოდა და ჩვენც ასე ვიზრდებოდით

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბავშვობაში არც დამოუკიდებელი ქვეყანა გვქონდა და არც ჩვენი დამოუკიდებელი საზღვრები“, - გვიყვება ანა.

მოკლედ, სასაზღვრო სამსახური რომ შეიქმნა, მესაზღვრეები გახდნენ. მთისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ცხოვრებით გააგრძელეს ცხოვრება, უბრალოდ, ანას თქმით, მხოლოდ ფორმატი იყო ახალი და განსხვავებული.

არმაზმა სასაზღვრო სამსახურში დაიწყო მუშაობა. ანა ცოტა ხანს ბავშვების გამო სახლში იყო. მათ 5 შვილი ჰყავთ, სამი ქალიშვილი: თინათინი, მარიამი, თამარი და ორი ვაჟი-ტყუპები: გიორგი და გაბრიელი.

- რეჟიმი, სასაზღვრო სამსახური, ოჯახი, მეუღლე, ხუთი შვილი... რამდენად რთულია ამ ყველაფრის შეთავსება?

- „დედობა და სამსახური სულ არ უშლის ხელს ერთმანეთს, ჩემი შვილები, ხუთივე, ისეთ გარემოშია გაზრდილი, პრობლემა არ შეგვქმნია. ჩვენი ცხოვრების წესით ცხოვრობენ შვილებიც. სულ თავიდან, სანამ ძალიან პატარები იყვნენ, ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ბავშვები ჩემს მუშაობას აბსოლუტური გაგებით შეხვდნენ, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, დღემდე ასე ვართ. ერთი თვე იქით ვიყავი, თბილისში, ერთი თვე - აქეთ.

მესაზღვრეების ტრადიციებზე იზრდებოდნენ ჩვენი შვილებიც, განსაკუთრებით, ბიჭები, მესაზღვრეებთან ერთად ცხოვრობდნენ ხოლმე საზღვარზე“.

დღეს არმაზ წიკლაური შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N6 სამმართველოს (ბარისახო) უფროსის მოადგილეა.

მისი და სამმართველოს სხვა ხელმძღვანელთა დამსახურებაცაა, რომ ძალიან ბევრი ხევსური დაბრუნდა მთაში. მესაზღვრის ხელფასმა ბევრ ახალგაზრდას საშუალება მისცა, სოფლად სახლი აღედგინა, დასახლებულიყო, მეურნეობა გაეჩინა, ოჯახი შეექმნა.

საზღვრის სექტორებზე მესაზღვრეებად ქალები არ მუშაობენ, სამმართველოში კი რამდენიმე ქალია. ანა ოჩიაური მეკავშირედ მუშაობს. შარშანწინ ქვეყნის პრემიერმა საზღვრის დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა კიდეც.

- რას ნიშნავს იყო მესაზღვრე ქალი?

- „ჩემთვის მესაზღვრეობა უდიდესი პატივია. სიამაყით ვატარებ ამ სტატუსს. განსაკუთრებით მახარებს, რომ ვაკეთებ იმას, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა მეკეთებინა - ოჯახიანად ვყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში“.

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში