საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ლევან ბერძენიშვილი ► გაბრიელ ჯაბუშანური | გადაცემა „მთა და ლიტერატურა“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:00 - 23 ნოემბერი 2017 hits 27197

გაბრიელ ჯაბუშანური უზარმაზარი პოტენციალის ქართველი პოეტია, უაღრესად მოკრძალებული კაცი. ამ მოკრძალებულობის მიუხედავად, მან დიდი კვალი დატოვა და ვფიქრობ, ის და მისი პოეზია მომავლის კუთვნილება უფროა, ვიდრე წარსულისა.

გაბრიელ ჯაბუშანური იმ პოეზიის ნასხლეტია, რომლის სათავე დიდი ვაჟა-ფშაველაა. ვაჟამ ერთდროულად რამდენიმე ქართული მიმართულება წარმოშვა. ერთი მხრივ მან წარმოშვა ფრთა ქართველი „ცისფერყანწელებისა“, მეორე მხრივ კი არსებობს მისი პოეზიის სხვა გაგრძელებაც, რომლის სათავეშიც ტრაგიკული პოეტი - გაბრიელ ჯაბუშანური დგას.

ჯაბუშანურის პოეზია სავსეა ტრაგიკული სახეებით, ეს განსაკუთრებით ეხება მის სატრფიალო ლირიკას, აკრძალულ და წარმოუდგენელ სიყვარულს.

ვფიქრობ, მისი ბრწყინვალე ლექსი - „ქარაფებთან გავლა“, თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს. ამ ლექსის უკან დიდი პოეტი, დიდი პიროვნება და საოცრად საინტერესო პოეზია დგას:

დელგმის დარად დარიალში ვიჭრები,
მივქრი ჯიქურ და პირქარიც მჭექარობს,
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები,
შენს მიმოხვრას მაგონებენ, მზექალო!

თერგის დენას დაღვრემილი დავცქერი,
ჩემი გული განა მისებრ კისკასობს.
ქარაფიდან მოჩქრიალებს ჩანჩქერი,
მყის შენს სიცილს მომაგონებს, ძვირფასო!

მივქრი ჯიქურ და ფიფქისგან მოვერცხლილს-
შორ მწვერვალებს ჩემს ტრფობაზე შევგალობ.
ქუფრ ქარაფში ქუჩი ქოჩორს ივარცხნის,
შენი თმები მაგონდება, მზექალო!

„ქარაფებთან გავლა“ ლიტერატურათმცოდნეების საყვარელი ლექსია, მასში უამრავი ხერხია გამოყენებული, რომლის საფუძველზეც მთელი ლიტერატურის თეორიის გავლაა შესაძლებელი. თუმცა, ამაში როდი მდგომარეობს ავტორის ოსტატობა.

გაბრიელ ჯაბუშანურის ოსტატობა იმ უზარმაზარ ტრადიციაში ვლინდება, რომელიც ბარათაშვილიდან დაწყებული, ვაჟა-ფშაველათი გაძლიერებული, ბუნებასა და ადამიანს ისე აახლოებს, თითქოს ბუნება მხოლოდ შენი საყვარელი ადამიანი გასამეორებლად არსებობს.  

 

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა - „მთა და ლიტერატურა“

ყოველკვირეული გადაცემა, მთასთან დაკავშირებული ავტორების, მათი ნაწარმოებების და პერსონაჟების შესახებ. გადაცემის ყოველი ახალი ჩანაწერი ხუთშაბათობით, ვებგვერდ - Mtisambebi.ge-ზე გამოქვეყნდება. მისი მოსმენა პანკისის სათემო რადიო WAY-ის მსმენელებსაც შეეძლებათ ყოველ შაბათს, 18:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში