საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„კუკუშკა“ თუშეთამდე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:47 - 02 მარტი 2019 hits 36649
ფოტოზე ვიწროლიანდიანი რკინიგზა ალპებში
საზოგადოება
ფოტოზე ვიწროლიანდიანი რკინიგზა ალპებში

ალვანიდან თუშეთის სოფელ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობას თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა ითვალისწინებს, რომელიც თუშეთის განვითარებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. პროექტის ავტორი, არქიტექტორი გია აბულაძე „მთის ამბებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ომალომდე ვიწროლიანდიანი რკინიგზის მშენებლობის საპროექტო იდეას, თუშეთში მთელი წლის განმავლობაში გარანტირებული მიმოსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

რატომ „კუკუშკა“

გია აბულაძის თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზა ტექნიკური ნორმატივებით ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„ეს ულამაზესი და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, სრულყოფილად უნდა ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრებაში. სეზონური ან დროებითი სამშობლო არ არსებობს. გულისმომკვლელია ის ფაქტი, რომ ზაფხულის დასაწყისში თუშები იკრიბებიან, მთელი ოჯახობით ადიან ზემოთ, იქ იწყებენ საქმიანობას, რომელიც 5-6 თვე იყო მიტოვებული, მიგდებული და ისევ უნდა მოამზადონ ეს სასტუმრო სახლები, უნდა გაასწორონ ყველაფერი. ეს ძალიან რთული პროცესია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის. 50 ლარი ღირს ერთი ადამიანის ასვლა კერძო, მაღალი გამავლობის მანქანით. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში გაკეთდეს გზა, არსებული გზის რეკონსტრუქციას ვგულისხმობ.

ვერცერთი ნორმალური კრიტერიუმით ვერ შეაფასებ იმ გზას, რაც დღეს არის. ვერც უსაფრთხოების, ვერც საფარის, ვერც დახრილობისა თუ რადიუსების თვალსაზრისით და ა.შ. გზა არის გასაკეთებელი სწორად და კარგად, ხარისხიანად. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ეს გზა გაკეთდეს ეტაპობრივად. როგორ მოვუაროთ ამ გზას? ბევრი საშუალება არსებობს.

მთავარია, თუშეთის სამანქანო გზა მოქმედი იყოს წლის ნებისმიერ დროს, 365 დღის განმავლობაში. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია“.

თუშეთის განვითარების გენერალური გეგმის პროექტში შემუშავებულია განსახორციელებელი ღონისძიებებიც. გია აბულაძე ვარაუდობს, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა ინვესტიციებს გაააქტიურებს, გაიზრდება ტურისტული ნაკადებიც, რაც სტიმულს მისცემს მოსახლეობას ე.წ. „დეპრესიულ სოფლებში“ დასაბრუნებლად (გზის შესახებ მეტ ინფორმაციას ინტერვიუს სრულ ვერსიაში გაეცნობით, რომელსაც „მთის ამბები“ ორშაბათს გამოაქვეყნებს).

გეგმა თვალისწინებს პანკისი-თუშეთის გზის (ბირკიანი - კოკლათა) მშენებლობასაც. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ გზის მშენებლობით შეიკვრება წრე ახმეტა - ფშაველი - აბანოს უღელტეხილი - ომალო - კოკლათა - ბირკიანი - ახმეტა.

„ეს 20-ზე მეტ სოფელს შეუმცირებს მანძილს ახმეტამდე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ამ რეგიონის განვითარებისთვის. არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული რეგიონი მხოლოდ ერთი ჩიხური გზით იყოს მიბმული ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი.  

სპეციალისტთა ჯგუფმა თუშეთის სოფელ ომალოში შეუძლებლად მიიჩნია აეროდრომის მშენებლობა, რომლის მოწყობის თაობაზეც 2016 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„პირველადი შესწავლიდან გამომდინარე, ომალოს აეროდრომზე, ფრენების შეუზღუდავად განხორციელება, საფრენი ზოლის სავარაუდო განთავსების ორთავე კურსით შეუძლებელია, რადგან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით დაბრკოლებას წარმოადგენს მთის ქედი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აეროდრომზე საჰაერო მისადგომების უსაფრთხო გამოყენებისათვის საჭიროა განხორციელდეს დამატებით დეტალური კვლევა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაღალმთიან და რთული რელიეფის პირობებში ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მეტად ეფექტური საშუალებაა ვიწროლიანდიანი რკინიგზების ქსელის შექმნა. საავტომობილო გზის სრულყოფის ღონისძიებათა გარდა, ჩვენს მიერ შემოთავაზებულია ალტერნატიული სატრანსპორტო კომუნიკაცია, ვიწროლიანდიანი რკინიგზა“, - გია აბულაძე ე.წ. „კუკუშკის“ უპირატესობებსაც გვაცნობს:

ასეთი რკინიგზის მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მოცულობა 4-5-ჯერ მცირეა, ვიდრე იმავე უნარის მქონე საავტომობილო გზისა. ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სამანქანო გზები;

მოეწყობა ვიწრო ლიანდაგზე (1067 მმ).

ამ გზისთვის მოძრავი შემადგენლობა, როგორც ალპებში, შედგება 4-6 სამგზავრო ვაგონისგან, თითოეული 45-75 სამგზავრო ადგილით;

გამტარიანობა აქვს ძალიან მაღალი. დღეში შეუძლია შეასრულოს 2 რეისი, ორი ზემოთ, ორი ქვემოთ;

ასეთი გზები ძალიან ვითარდება მაგალითად იაპონიაში. ხელსაყრელია როგორც ტურისტული, ასევე სამგზავრო მიზნით;

იაფია და დიდი ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობებიც აქვს.

თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, შპს „სტუდია 21“-მა შეადგინა. სპეციალისტთა ჯგუფი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის გარდა, პროექტი მოიცავს თუშეთის 10 სოფლის და ქვემო და ზემო ალვანების განაშენიანების რეგულირების გეგმებს.

დოკუმენტი არის სივრცესა და დროში გაწერილი ათწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იხელმძღვანელონ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში