საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა სპეციალური ჯილდო „მთის შვილი“ მიიღო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:40 - 12 დეკემბერი 2018 hits 7671

ინტერნეტგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჯილდო „მთის შვილი“ მიიღო. ჯილდო მას 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ხევსურმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გადასცა.

„ჩემთვის ეს დღე მეტად მნიშვნელოვანია. პირველ რიგში იმიტომ, რომ

ჩვენ აქამდე ერთმანეთის ენა არ გვესმოდა. მთა იყო თავის თავში ჩაკეტილი, ბარი თავისთვის ცხოვრობდა. ჩემთვის ეს დღე იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მინდა გელა მთივლიშვილს მივულოცო ეს დღე, რომელიც მთის ენით გვესაუბრება და რომ ამ ენით მხოლოდ გელა არ საუბრობდეს“

- მიმართა ტარიელ ხარხელაურმა დიდუბის საგამოფენო სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას.

Mtisambebi.ge საქართველოში ერთადერთი მედია რესურსია, რომელიც მაღალმთიან რეგიონებზე მუშაობს. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

„პირველ რიგში მინდა ბატონ ტარიელს 72 წლის იუბილე მივულოცო. ის მისაბაძი ადამიანია ჩემთვის. პოეზიის ხევისბერი თავის ლექსებში ისე აღწერს მთაში არსებულ მდგომარეობას, ძნელია მძიმე რეალობა მასზე ზუსტად გადმოსცე.

სიმართლე გითხრათ, მთავრობისგან ჯილდოს მიღებას არ ველოდი. მადლობა მათ, ვინც ეს გადაწყვიტა და მეორე მხრივ, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას: მიხარია, რომ ძვრა არის. ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების განვითარებას, დამაგრებასა და გაძლიერებას. მეც მომისმენია კომენტარები, რომ თუ მთაში არ იცხოვრებენ, ამით არაფერი დაშავდებაო. არადა, პირიქით. საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის გამაგრებაზე განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მივმართოთ.

აქვე, მინდა გთხოვოთ საჯარო უწყებებს, მთავრობის წევრებს, როდესაც მთის საკითხებზე მუშაობთ, მოქალაქეები, რომლებიც მთაში მუდმივად ცხოვრობენ, სათემო ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და მთის მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ, ამგვარი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში უფრო მეტად ჩართოთ“, - აღნიშნა გელა მთივლიშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ. ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

დღეს სახელმწიფოს წინაშე დიდი ამოცანა დგას - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დავაბრუნოთ, ეს უნდა შევძლოთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით და ეს პროცესი დაწყებულია“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, 2019 წლიდან, ზაფხულში იგეგმება მთის კვირეულის აღნიშვნა.

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, „მთის შვილის“ ჯილდოთი მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ.

გიორგი ქოჩქიანი - 13 წლის გიდი / სვანეთი;

ბელა მუთოშვილი - მეწარმე ქალი / პანკისი;

როსტომ კობახიძე - ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი / რაჭა;

რევაზ ბერიძე - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დერცელის ნობათის“ თავმჯდომარე / სამცხე-ჯავახეთი;

სპირიდონ ნიჟარაძე - უშგულის მუზეუმის მცველი / სვანეთი;

ჯემალ საღინაძე - ჭადრაკის ყველაზე ხანდაზმული, მოქმედი ლიცენზირებული მწვრთნელი / ცაგერი;

ფიქრია ჩაბაიძე - სოფელ ყანობის საჯარო სკოლის მასწავლებელი / ყაზბეგი;

სალომე იდოიძე - თუშეთის ეროვნული პარკის რეინჯერი;

ელისო (ელისაბედ) ზურებიანი - ექიმი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მესტიის რაიონული სამსახურის მენეჯერი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში