საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უვერტმფრენოდ დარჩენილი საქართველო – პირიქითა ხევსურეთიდან ხალხი ვერ გადმოჰყავთ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:48 - 21 დეკემბერი 2017 hits 16604

„6-7 თვეში მოვახერხებთ ვერტმფრენების წესრიგში მოყვანას და ამის შემდეგ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ამ თემას. ახლა უნდა ვიწვალოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტი ვერტმფრენს ვერ შოულობს, რათა პირიქითა ხევსურეთიდან ადამიანები გადმოიყვანოს.

„დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტს აქვს ფული, მაგრამ ვერ შოულობს ვერტმფრენს, რომ გადმოიყვანოს ის მოქალაქეები, ვინც ასას ხეობასა და შატილში დარჩნენ. სამწუხაროდ, კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფს ვერტმფრენით მომსახურებას და ჩვენ იძულებული ვართ, შეგაწუხოთ თქვენ, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით დაგვეხმაროთ“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შატილის და არხოტის მიმართულებით როცა ხდება მესაზღვრეების როტაცია, უწყება ადგილობრივ მცხოვრებლებსაც ეხმარება გადაყვანაში. „თუმცა ის თემა, რომელიც გვაქვს თუშეთში, სადაც საავტომობილო გზის ჩაკეტვის შემდეგ ვერტმფრენი ყოველკვირეულად დაფრინავს, შვეულმფრენების უკმარისობის გამო ამას სხვაგან ჯერ ვერ ვახერხებთ“, - აღნიშნა გახარიამ.

საქმე იმაშია, რომ შატილის სკოლის მასწავლებლები, რომლებიც პირიქითა ხევსურეთის ერთადერთ სკოლაში, განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასწავლიან და სხვა რეგიონებიდან არიან ჩასულები, სახლში შესაძლოა საახალწლოდაც ვერ დაბრუნდნენ. ყოველწლიურად, ნოემბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე, 6 თვის განმავლობაში, როცა შატილის გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო  ჩაკეტილია, ადგილობრივი ხელისუფლება ქირაობდა ვერტმფრენს მასწავლებლებისა და შატილიონების თბილისში გადმოსაყვანად.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ამბობს, რომ წელს ვერტმფრენის დაქირავებას ვერ ახერხებენ, არადა 2 ადამიანი არხოტის სოფლებიდანაც ბარშია გადმოსაყვანი. „გამგეობა ავიაკომპანია „თუშეთის“ ვერტმფრენს ქირაობდა ხოლმე, მაგრამ გვითხრეს, რომ ახლა მომსახურების გაწევას ვერ შეძლებენ. ვერტმფრენი მწყობრიდან ყოფილა გამოსული“, - უთხრა „მთის ამბებს“ ზურაბ სეხნიაშვილმა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხევსურეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზურა არაბულის ინფორმაციით, შატილიდან მასწავლებლების ჩათვლით დაახლოებით 12-15 ადამიანია გადმოსაყვანი და იანვარში, საახალწლო არდადეგების დასრულების შემდეგ, ისევ შატილში იქნებიან დასაბრუნებლები. მისივე თქმით, რაც შეეხება არხოტის სოფლებს, ახიელიდან ერთი ქალია გადმოსაყვანი, ამღადან კი მამაკაცი. ორივე მათგანს ტვირთი აქვს, ძირითადად ყველი, რომელიც შემოდგომაზე დაამზადეს.

არხოტის სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა წელს პირველად გახდა შესაძლებელი, თუმცა არხოტის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო, ზამთარში ეს გზაც 6 თვით იკეტება და არხოტი გარესამყაროს წყდება. არხოტის ხეობაში არც სატელეფონო კავშირია, შუქი კი მხოლოდ ახიელს აქვს. ჭიმღაში, ამღასა და ახიელში თითო-თითო ადამიანი რჩება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში 12 ეროვნული ავიაკომპანია ფუნქციონირებს. საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის გიორგი მაყიშვილის განცხადებით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მგზავრების გადაყვანას და სატვირთო გადაზიდვებს ძირითადად 2 კომპანია ასრულებს, „თუშეთი“ და „ავიასერვისი“.

ავიაკომპანია „თუშეთის“ დირექტორი ზაურ ქორთოშიძე ამბობს, რომ კომპანიის კუთვნილი 2 ვერტმფრენი ავღანეთშია სამუშაოების შესასრულებლად, მესამე ვერტმფრენი, კი რომელიც საქართველოშია ბაზირებული, დაზიანებულია: „ამ ვერტმფრენით ვემსახურებით ხოლმე თუშეთის და ხევსურეთის მიმართულებას. ახლა მწყობრიდან არის გამოსული და ნაწილები უკრაინაშია გაგზავნილი აღსადგენად. თებერვლამდე ვერ მოხდება მისი აღდგენა. კიდევ გვყავს ხუთადგილიანი შვეულმფრენი, მაგრამ ის გადაზიდვებისთვის არ გამოდგება“.

რაც შეეხება კომპანია „ავიასერვისს“, მისი ვერტმფრენებიც ავღანეთსა და სამხრეთ სუდანში დაფრინავს კომერციული გადაყვანა-გადაზიდვებისთვის.

ერთადერთი ვარიანტი, საახალწლოდ შატილიდან და არხოტიდან მგზავრებისა და ტვირთის ტრანსპორტირებისთვის, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია. რეისის შესრულებაზე გადაწყვეტილება შს მინისტრმა უნდა მიიღოს.

პირიქითა ხევსურეთის საზღვრისპირა სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი მუდმივი მცხოვრებლები რამდენიმე წელია ითხოვენ, რომ ზამთრის თვეებში, როცა საავტომობილო გზა ჩაკეტილია, თვეში ერთხელ მაინც, თბილისი-შატილის მიმართულებით სამოქალაქო ფრენა შესრულდეს, რომელსაც ბიუჯეტი დააფინანსებს.

გიორგი გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კი თქვა, რომ ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო ფრენებს ყოველკვირეულად ასრულებს, თუმცა თუშეთის გზის ჩაკეტვის შემდეგ, პირველი რეისი მხოლოდ 19 დეკემბერს, სამშაბათს შესრულდა. ქვემო ალვნიდან თუშეთში ვერტმფრენს 1 ადგილობრივი და საგზაო კომპანიის 2 თანამშრომელი გაჰყვა. ბარიდან თუშეთში დარჩენილებს ოჯახის წევრებმა ძირითადად საკვები პროდუქტები გაუგზავნეს. თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის თქმით, მარტის შუა რიცხვებამდე, საგაზაფხულო და ტურიზმის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებამდე, ვერტმფრენზე მოთხოვნა სავარაუდოდ არც გაიზრდება.

პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილმა ყურადღება გაამახვილა მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში სახანძრო-სამაშველო დახმარების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც.

„მარტო დუშეთის მუნიციპალიტეტია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დიდი და მთელ მუნიციპალიტეტში, სახანძრო სამაშველო სამსახური ერთ ადგილას არის ბაზირებული. ფაქტობრივად, მთიულეთი, ფასანაური, გუდამაყარი, ფშავი, ხევსურეთი სახანძრო-სამაშველო დახმარების გარეშეა დარჩენილი. სამი სახლი დაგვეწვა. სანამ მანქანა დუშეთიდან შემთხვევის ადგილამდე ავიდა, არაფერი აღარ დარჩა. წარმოიდგინეთ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთი სახანძრო სამაშველო სამსახური რომ იყოს და 5 რაიონს ემსახურებოდეს. შეუძლებელია ამ სერვისის მიწოდება. ამიტომაც იქნებ დაგვეხმაროთ ამ საკითხში“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, გათვალისწინებულია თანხები სახანძრო მიმართულებით ავტოტრანსპორტის განახლებისთვის. მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში სამაშველო სამსახურის განყოფილების გახსნის შესაძლებლობაზე გახარიას არაფერი უთქვამს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში