„ვიდეო რგოლის მთავარი მესიჯია „შეანელე დრო რაჭაში.“ ჩვენი მიზანია, რომ ამ კლიპის ნახვის შემდეგ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩნდეს რაჭის მონახულების სურვილი. ვიდეო რგოლი მხოლოდ ამბროლაურზე არ არის გადაღებული, ის მთელ რაჭას ეძღვნება. აქ ნამდვილად არის ადგილები, რომლებიც ტურისტებს არ უნდა გამორჩეთ,“ - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში ამბროლაურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერი, ნათია ლუხუტაშვილი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაჭაში 60-მდე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის: ნიკორწმინდის ტაძარი, ტოლის და წულუკიძეების ციხე, მალისციხის კოშკი სოფელ ჟოშხაში, წმინდა ბარბარეს ეკლესია სოფელ გორისუბანში, ონის სინაგოგა… გარდა ამისა, რაჭა ცნობილია ულამაზესი ბუნებით და მინერალური, სამკურნალო წყლებით.
„ტურისტები მოსანახულებლად ძირითადად ისეთ ადგილებს ირჩევენ, სადაც ბუნებაც არის და ისტორიული ძეგლებიც. ამბროლაურში ყველაზე პოპულარული 4 ტურისტული მარშრუტია: სადმელი-რიცეულას ტურისტული ბილიკი, ზემო კრიხი-მდინარე კრიხულას სათავე, ჭელიში-საყინულე-მდინარე შარეულას სათავე და ხოტევი-სხარტალი-ზემო თლუღი. ოთხივე მარშრუტზე არის საპიკნიკე ადგილები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 22 ტურისტულ მარშრუტს ამზადებს. ვიზიტორებს სვანეთში გადასვლა რაჭის სამი წერტილიდან შეეძლებათ: ღებიდან, რიცეულის ხეობიდან და ურავიდან. მაისიდან აქტიურ ტურისტულ სეზონს ველოდებით,“ - აცხადებს ლუხუტაშვილი.
საიმიჯო კლიპის მომზადებაზე 9000 ლარი დაიხარჯა. ვიდეო რგოლის ქრონომეტრაჟი 1 წუთი და 17 წამია. კლიპში გამოყენებულია „მგზავრების“ მუსიკა. ვიდეო რგოლის გადაღება გასულ წელს დაიწყო და 2017 წლის თებერვალში დასრულდა. როგორც ამბროლაურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, მალე სარეკლამო რგოლის ინგლისურენოვანი ვერსიაც გამოვა, რომელიც უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი.
ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის 60-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს. საოჯახო სასტუმროში ღამისთევის ფასი 15-20 ლარიდან იწყება და 100 ლარს აღწევს.
2017 წლის 14 იანვარს ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა. ნატახტარი-ამბროლაურისა და ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით ავიარეისები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება. რეისზე ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 50 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი, ჩვილებისთვის - უფასო.