საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ფარავნის უღელტეხილზე გზა ღიაა – რატომ იტყუება გზების დეპარტამენტი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:55 - 09 იანვარი 2017 hits 9929

წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი, რომლითაც ქვემო ქართლი და სამცხე–ჯავახეთი ერთმანეთს უკავშირდება, საავტომობილო გზების დეპარტამენტს 2 დეკემბრიდან ჩაკეტილად აქვს გამოცხადებული. გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე მომხმარებლებს პასუხობენ, რომ ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ნარდევანი–ფარავნის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. იგივე ინფორმაციაა განთავსებული დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც.

ბორჯომი–ახალციხე–ასპინძა–ახალქალაქის გავლით თბილისიდან ნინოწმინდამდე 295 კილომეტრია და ზამთარში ამ მანძილის დაფარვას დაახლოებით 6 საათი სჭირდება. ფარავნის უღელტეხილის გავლით კი თბილისიდან ნინოწმინდამდე მანძილი 115 კილომეტრით მცირდება და შესაბამისად, ამ მანძილის გასავლელად მაქსიმუმ 4 საათია საჭირო.

8 იანვარს, ვიდრე „მთის ამბების“ ჟურნალისტების ჯგუფი ნინოწმინდაში წავიდოდით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, ნამდვილად დაკეტილი იყო თუ არა ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი. ოპერატორმა გვითხრა, რომ ნარდევანი ფარავნის გზა დაკეტილია.
თბილისიდან ნინოწმინდაში ჩასასვლელად 6 საათი დაგვჭირდა. ბორჯომის ხეობასა და ასპინძა–ახალქალაქის მონაკვეთზე გზა ალაგ–ალაგ მოყინული იყო და მანქანა სრიალებდა. ნინოწმინდაში გადაღების დასრულების შემდეგ ჩვენი ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც მთიან რეგიონებში მოგზაურობის დიდი გამოცდილება აქვთ, დაიჟინეს, რომ ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი ღია იქნებოდა და თბილისში ამ გზით დავბრუნებულიყავით. ნინოწმინდიდან ფოკის მიმართულებით გზაზე საპატრულო პოლიციის მანქანა შეგვხვდა, მაგრამ არაფერი უთქვამთ. გზის პირას მდებარე საღამოს ტბა ნაწილობრივ გაყინული იყო, ფარავანი კი მთლიანად. ტბაზე ავტომობილებით მოძრაობდნენ და შუა ტბაში, ალაგ–ალაგ, მეთევზეებს ყინული ჰქონდათ ამოჭრილი თევზის დასაჭერად.

უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცტექნიკაც შეგვხვდა, გზას თოვლისგან წმენდნენ. გვითხრეს, რომ გზა ღია იყო. უპრობლემოდ ვიმგზავრეთ.

რატომ აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთს ჩაკეტილად, მაშინ, როცა გზა ღიაა, მოძრაობა კი თავისუფალი, დეპარტამენტის პრესსამსახურმა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთან ამირან უშხვანთან დაგვაკავშირა.

„ფარავნის უღელტეხილზე გზა იმიტომ გვაქვს ჩაკეტილი, რომ საშიშია იქ მოძრაობა, შეიძლება უცებ ატყდეს ქარბუქი, ხილვადობა გაძნელდეს ან შეუძლებელი გახდეს და ტრაგედია დატრიალდეს. ასე გვაქვს ჩაკეტილი გოდერძის უღელტეხილიც და გაზაფხულზე, ამინდები რომ გაუმჯობესდება, გავხსნით ორივეს.

- ასე სახიფათო თუ არის გადაადგილება, მაინც მოძრაობენ ავტომობილები.

- ეგ უკვე პოლიციის საქმეა. ჩვენ აღარ გვეხება.

- საუღელტეხილო მონაკვეთზე სპეცტექნიკაც შეგვხვდა, გზას წმენდნენ. თუ მოძრაობა აკრძალულია, რატომ იწმინდება?

- სადაც სოფლებია იქ ვწმენდთ გზას. ნინოწმინდიდან ფოკას ჩათვლით.

- მე გითხარით, რომ სპეცტექნიკა შეგვხვდა არა ნინოწმინდიდან ფოკამდე, არამედ ფოკას შემდეგ, წალკისკენ, საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის ნაპირებს წმენდნენ თოვლისგან. რატომ ხარჯავთ მაშინ გაწმენდაში საბიუჯეტო რესურსებს, თუ გზის ეს მონაკვეთი აპრილამდე ჩაკეტილი უნდა იყოს და მოძრაობა აკრძალული. სინამდვილეში გზა ღიაა და ამინდის გაუარესებაზე თუ არის რაიმე რისკები დამოკიდებული, ამის გამო აპრილამდე გზაზე აკრძალვა უნდა გქონდეთ დაწესებული?

- არ გინდათ ეს რიჟა ბაზარი (ყვირის).

- ბატონო ამირან, არ გინდათ ეს ტერმინოლოგია, თქვენ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი ხართ.

- რამდენი კითხვის დასმას ბედავს ეს მაიმუნი. (ტელეფონი გათიშა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, საპატრულო პოლიცია მხოლოდ მაშინ ზღუდავს ან კრძალავს ავტოტრანსპორტის მოძრაობას, როდესაც თოვს, ძლიერი ქარბუქია ან ხილვადობა შეზღუდულია. „შესაბამის ინფორმაციას და მითითებებს ვიღებთ საგზაო სამსახურებიდან. უკვე რამდენიმე დღეა, განსაკუთრებით დღისით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვები არ გვაქვს“, – განაცხადეს სამინისტროში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში