საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„გაგვწყვეტენ და თავი მაინც ვისისხლოთ“ - სვანები ანტისაბჭოთა მოძრაობის სათავეებთან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:00 - 25 თებერვალი 2022 hits 33805

25 თებერვალი, 2022 - კრემლის სამიზნე კიევია, რომელიც დილიდან იბომბება. რუსეთის „ველიკო-დერჟავული“ ვნებებისგან თავს ახლა უკრაინა იცავს.

25 თებერვალი, 1921 - „თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა“ - სერგო ორჯონიკიძე დამოუკიდებელი საქართველოს დამარცხებას ლენინსა და სტალინს უპატაკებს.

რუსეთ-საქართველოს ხუთკვირიანი ომი 1921 წლის 17 მარტამდე გაგრძელდა, თუმცა ომის წაგებით წინააღმდეგობის მუხტი არ განელებულა. ქვეყანას ანტისაბჭოთა მოძრაობის ტალღა მოედო. რუსული ოკუპაციისა და წითელარმიელთა ჩექმის წინააღმდეგ ამბოხებების სერია სვანეთიდან დაიწყო. სვანები იყვნენ უკანასკნელი აჯანყებულებიც, ვისი დამარცხებითაც საბჭოთა ხელისუფლებამ საბოლოოდ მოაქცია საქართველო 70-წლიან ტყვეობაში.

სვანების ამბოხი

1921 წლის ოქტომბერი - ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი, სიტყვიერი და დიპლომატიური გზებით წინააღმდეგობის უშედეგობა მოთმინების ფიალას ავსებს. სვანები იარაღდებიან და პარტიზანულ ბრძოლას იწყებენ.

ნესტორ გარდაფხაძე, ბიძინა პირველი, მოსესტრო დადეშქელიანი რაზმებს კრებენ. ამ ადამიანებზე, ისევე, როგორც რუსებთან შეიარაღებული წინააღმდეგობის ამ პირველ ტალღებზე, ჯერ კიდევ ცოტა ვიცით. ვიცით ის, რომ 28 ოქტომბერს, სოფელ მულახში, სამაზრო რევოლუციური კომიტეტის შენობას თავს ესხმიან და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და რუსული ჯარის ნაწილებს დევნიან. რაზმების რაოდენობა იზრდება, საბჭოთა ხელისუფლება შფოთავს, რომ ასობით ადამიანი ემატება აჯანყებულთა რიგებს და მათი მიზნებიც უფრო ამბიციური ხდება - შეუძლიათ იერიში ცაგერსა და ქუთაისზე მიიტანონ.

წითელი ჯარიდან სვანებს წერილი მისდით, იარაღი ჩაგვაბარეთ და „ქალები საცვალგახდილები დაგვახვედრეთო“. „გაგვწყვეტენ და თავი მაინც ვისისხლოთ“, - პასუხობენ სვანები.

80 მეომარი რუსის ჯარს მიუდგომელ კლდეებზე უსაფრდება, ცეცხლს უხსნის და უკან დახევას აიძულებს. ჩეკა იუწყება, რომ სახეზეა ანტისაბჭოთა აჯანყება და მის მხარეს გადავიდნენ სვანეთის მაზრის პირველი უბნის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე სამსონ ქალდანი და მილიციის დიდი ნაწილი.

1922 წლის იანვარში სვანეთი ალყაშია. აჯანყებულები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე მიდიან, გზის გახსნას და წითელარმიელთა სვანეთიდან გაყვანას ითხოვენ. მთავრობა დაპირებებით პროტესტს ანელებს, თუმცა საბოლოოდ, ეს დაპირებები არ სრულდება.

ბიძინა პირველი ბავშვებთან ერთად. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო. ნესტორ გარდაფხაძე მეუღლესთან ერთად. საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო 

1922 წლის მარტში სვანეთში აგორდა წინააღმდეგობის ახალი ტალღა, რომელიც ცაგერსაც მისწვდა. ცეკაში აჯანყებულთა სამაგალითოდ დასჯა დაიგეგმა. „ყველაზე დაუნდობელი გზებით აღიკვეთოს სვანეთში ბანდების ამბოხი!“ - დაავალა 1922 წლის 16 მარტს პოლიტბიურომ პ. აღნიაშვილს და მისი მეთაურობით სვანეთში ექსპედიცია გაგზავნა. ცეკას დადგენილებაში აღნიაშვილის სახელი არ ჩანს, თუმცა სავარაუდოდ, ეს წითელი გენერალი პეტრე აღნიაშვილია, რომელიც 1916 წლიდან კომპარტიის წევრი და აფხაზეთის ბოლშევიკური აჯანყების ხელმძღვანელი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას აღნიაშვილი 1919-ში დაუპატიმრებია კიდეც. პეტრე აღნიაშვილს ჯერ არმიაში, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ეკავა, თუმცა წითელი გენერლის აღმასვლა მხოლოდ „დიდ წმენდამდე“ გაგრძელდა. 1937 წელს მას ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობა, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის მიზნით შექმნილი „სამხედრო ტერორისტული ცენტრის“ მეთაურობა და დახვრეტას მიუსაჯეს.  

მანამდე კი, სვანეთში აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილმა ჯგუფმა მისია უსისხლოდ დაასრულა. აჯანყებულებსა და საბჭოთა მთავრობას შორის კიდევ ერთი შეთანხმება შედგა - განიარაღება და ჩაბარება, სანაცვლოდ კი აჯანყების ლიდერთა უსაფრთხოება და სვანეთის რევოლუციური კომიტეტის შექმნა. ამ კომიტეტში, ადგილობრივთა თხოვნით, ამბოხებულთა ერთ-ერთი მეთაური, ნესტორ გარდაფხაძეც უნდა შესულიყო.  

სვანები ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით განაიარაღეს და წინააღმდეგობა დროებით გაანეიტრალეს, თუმცა აჯანყება ამით არ დასრულებულა და არც მის მეთაურებს აუღიათ ხელი განზრახვაზე.

შეფიცულები და ხევსურეთის აჯანყება

1922 წლის აღდგომას ტყეში ხვდება პოლკოვნიკი ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ის და მისი თანამებრძოლები ხევისბერ დიმიტრი ჭინჭარაულს, ზედმეტსახელად ბაბოს, მასპინძლობენ.

„ვითომდა მოყვრულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც. თქვენ, რაზმელებო, უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ეს არის ჩვენი მთავარი მტერი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ”, - მიუმართავს ბაბოს ქაქუცას რაზმელებისთვის, იხსენებს თავის მოგონებებში ალექსანდრე სულხანიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი. ასე ქცეულა ქაქუცას რაზმი შეფიცულთა რაზმად.

ჩოლოყაშვილის შეიარაღებული მოძრაობის ეს ეტაპი დუშეთის მთელ მაზრას მოიცავს და პიკს ხევსურეთში აღწევს, ისტორიაშიც ხევსურეთის აჯანყების სახელით შედის.

ხევსურეთისკენ მიმავალი ჩოლოყაშვილის რაზმი მაღაროსკარში, ვაჟა-ფშაველას დაარსებულ სკოლაში გაჩერებულა. აქ აკითხავდნენ შეფიცულებს ფშავლები და მათ რიგებს უერთდებოდნენ. აჯანყებას თანაუგრძნობდა ვაჟა-ფშაველას უფროსი შვილი, სამხედრო ოფიცერი ლევან რაზიკაშვილი. რაზმის რიგებში ჩაწერილთა შორის იყო მიხა ხელაშვილი, ახალგაზრდა პოეტი, რომელიც შეფიცულებს სიკვდილამდე აღარ ჩამოშორებია.

„ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოჰქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართველთ შვილები, თითო ლომების დარია“.

ეს მიხა ხელაშვილის ერთ-ერთი ლექსის ფრაგმენტია, ლექსი ქაქუცა ჩოლოყაშვილსა და დუშეთ-ხევსურეთის აჯანყებას ეძღვნება.

აჯანყება, სავარაუდოდ, 6 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. არაერთ შეტაკებაში მოპოვებული გამარჯვების მიუხედავად, გეგმა გაცხადდა, პარტიულმა შეუთანხმებლობამაც თავისი ქნა და საბოლოოდ მთის ეს აჯანყებაც დამარცხდა.

დამარცხდა, მაგრამ ბრძოლა არც ამით შეწყვეტილა.

ხევსური მებრძოლები, 1920-იანი წლები. საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო. 

ხევსურების ამბოხი, ერთი წლით ადრე სვანების გამოსვლასთან ერთად, ნიადაგს ამზადებდა 1924 წლის აგვისტოსთვის - სრულიად ქართული ჯანყის კულმინაციისთვის.

„მთიელთა ტრადიციული ყოფა ერთი მხრივ კვებავდა წინააღმდეგობას, შეურიგებლობას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, არსებული სოციალური სტრუქტურის მიმართ უკურეაქციას. ამ ტრადიციული ყოფის სხვა ელემენტი კი, შუღლი, მტრობა და მოსისხლეობა სხვადასხვა ხეობებს, ხალხებს შორის, პირიქით, რეჟიმის გამარჯვებას უწყობდა ხელს. მაგალითად, როდესაც ჩოლოყაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ საერთო წინააღმდეგობის ფარგლებში კავშირი დაემყარებინათ ჩეჩნეთ-ინგუშეთის ძალებთან, დაღესტნელ მებრძოლებთან და კავკასიონის გავლით მისი კურიერები ამ მისიის შესრულებას ცდილობდნენ, იყო ინციდენტი, როცა თუშებმა გადაუჭრეს გზა ჩოლოყაშვილის კურიერებს და შეტაკება ჰქონდათ მათთან. 24-შიც განმეორდა იგივე, როდესაც თუშეთის რაზმები რეჟიმის მხარეს აღმოჩნდნენ. ხევსურები ანტისაბჭოთა მოძრაობაში იყვნენ, ხევსურებსა და თუშებს გართულებული ურთიერთობა ჰქონდათ და სავარაუდოდ, ეს იყო ბიძგი, რასაც სათავისოდ იყენებდა საბჭოთა ხელისუფლება. მებრძოლი ხასიათი და პატრიოტიზმი ერთი მხრივ და მეორე მხრივ შუღლი, რაც ასევე დამახასიათებელია ამ საზოგადოებებისთვის, ძალიან ასუსტებდა საერთო ეროვნულ მოძრაობას“, - გვიყვება ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი.

1924

1924 წლის აჯანყება საყოველთაო შეიარაღებულ აჯანყებად იყო ჩაფიქრებული. ეს იქნებოდა ქართველთა წინააღმდეგობის კულმინაცია, რომელიც გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. თუმცა შეუთანხმებლობის, კომუნიკაციის სირთულის, არაკოორდინირებულობისა და გარკვეული ტაქტიკური შეცდომების გამოც, რომლებსაც მოგვიანებით ისტორია გააანალიზებს, საბჭოთა ხელისუფლებას არ გასჭირვებია, მოწინააღმდეგეთა ყველა სიძნელე, შეცდომა და ღალატი სათავისოდ გამოეყენებინა.

არაერთხელ გადადებული აჯანყების ნატანჯი გეგმის სისრულეში მოყვანა აგვისტოს ბოლოს დაიწყო. მცირე გამარჯვებები და მარცხები ერთმანეთს ენაცვლებოდა. ქაქუცა და მისი რაზმელები ბოლო ბრძოლებს მართავდნენ, თუმცა ხედავდნენ, რომ აჯანყებას წარმატება აღარ ელოდა. „მსგავსად კელა ნაჭაში მომწყვდეული დათვისა, რომელიც არაფერს არ ერიდება, სადაც კი დავეცით, ტყავი გავაძრეთ კომუნისტებს“, - იგონებს ალექსანდრე სულხანიშვილი.

ჩოლოყაშვილის რაზმები 1924 წლის სექტემბრის დასაწყისში უკვე დამარცხებულები იყვნენ, მეამბოხეთა ხელში მხოლოდ სამეგრელო და სვანეთი რჩებოდა.

ბიძინა პირველი, ეგნატე გაბლიანი, ძმები დადეშქელიანები სიტუაციას მთლიანად აკონტროლებდნენ. ქვემო სვანეთში აჯანყებულთა პოზიციებს მალაქია ონიანი, გრიგოლ კვასტიანი ამაგრებდნენ. მათთვის წინააღმდეგობის გამწევები ცოტანიც იყვნენ, სუსტებიც და არც დროული დახმარების იმედი ჰქონდათ. ლეჩხუმს იყვნენ მიმდგარი, როცა სვანებმა გაიგეს, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყება სხვა მხარეებში უკვე ჩაახშო. ცაგერში რუსის ჯართან შეტაკების შემდეგ, ისევ სვანეთში დაიხიეს. ზემო და ქვემო სვანებს მეგრელმა მებრძოლებმა აუწყეს, რომ ამასობაში უკვე სასტიკი რეპრესიები იყო დაწყებული და „დამკომი“ აჯანყებულებს წინააღმდეგობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

დახვრეტა, გადასახლება, ემიგრაცია

სვანეთში შესულმა რუსის ჯარმა რამდენიმე სახლი ააფეთქა, მათ შორის, ეგნატე გაბლიანის სახლი. დააპატიმრეს და ადგილზე დახვრიტეს აჯანყების რამდენიმე გამორჩეული მონაწილე.

საბჭოთა რეჟიმმა 1924 წელსვე დახვრიტა მაიორი ნესტორ გარდაფხაძე, თუმცა ხელში მაინც ვერ ჩაიგდეს აჯანყების მხარდამჭერთა სია, რომელიც გარდაფხაძეს ებარა. მასთან ერთად დახვრიტეს სამეგრელოს ამბოხის მეთაურები, მუშნი და ოთარ დადიანები. 

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრს, ბიძინა პირველს 1925 წელს ბრალი საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 61-ე მუხლით წაუყენეს -  „იმ ორგანიზაციის წევრობა, რომლის მიზანიც იყო შეიარაღებული აჯანყების გზით მუშურ-გლეხური სახელმწიფოს დამხობა და უცხო სახელმწიფოებთან ან მის წარმომადგენლებთან ურთიერთობა საქართველოში ინტერვენციის განსახორციელებლად“. ბიძინა პირველი გადაასახლეს რუსეთში, კუიბიშევში, სადაც ის 1930 წელს, ნესტორ გარდაფხაძის ქალიშვილზე დაქორწინდა. გადასახლებიდან 1935 წელს დაბრუნდა, თუმცა 1938-ში "ანტისაბჭოთა ძირგამომთხრელი" საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ გაასამართლეს და დახვრიტეს.

არ ვიცით, რა ბედი ეწია სვანეთის აჯანყების კიდევ ერთ მოთავეს, თავად მოსესტრო დადეშქელიანს. მასზე თითქმის არაფერია ცნობილი.

ბოლშევიკებმა სასტიკად იძიეს შური ხევსურეთის აჯანყების მონაწილეებსა და მხარდამჭერებზეც, ვისაც მისწვდნენ. ბევრი დახვრიტეს ჯერ კიდევ 1923 წელს, მათ შორის, ქაქუცას მეგობარი, ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი.

ლევანი ხევსურეთის აჯანყების დროს მაღაროსკარის მილიციას ხელმძღვანელობდა და არათუ უმოქმედობას ამჟღავნებდა შეფიცულების მიმართ, არამედ თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა კიდეც. ამავე წელს დახვრიტეს ჩოლოყაშვილის მოკავშირე ბევრი სამხედრო პირი და მოხელე.

ეროვნული არქივის ფოტო, რომელზეც ვაჟა-ფშაველა შვილთან, ლევან რაზიკაშვილთან ერთადაა. მოგვიანებით, ფოტოდან ლევანი ამოშალეს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, შეფიცულებთან ერთად, ემიგრაციაში წასვლის მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო. მას არ შეერთებია მიხა ხელაშვილი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება რამდენიმე თვეში, აგენტებად მოქცეული მისივე მეგობრების ხელით გაუსწორდა.

ვინც 20-იან წლებში არ დაუსჯიათ, ან ვერ მოიხელთეს, დიდი ტერორის ფაზაში, 30-იან წლებში, „ყველაზე დაუნდობელი გზებით გაუსწორდნენ“. საბჭოთა რეჟიმმა 1921-1924 წლების აჯანყებების ათასობით მებრძოლი, მათი გულშემატკივარი და ოჯახის წევრი დახოცა და გადაასახლა.

1936 წელს მოტყუებით დაიჭირეს დუშეთ-ხევსურეთის აჯანყების მთავარი მონაწილეები, ლიქოკელები, რომლებიც პროვოკატორის ანკესს წამოეგნენ. რეჟიმის აგენტმა მათ თავი შეასაღა ამერიკელ მოგზაურად და ჟურნალისტად, რომელსაც ხევსურების რწმენით, შეეძლო მათი წერილი ამერიკის პრეზიდენტისთვის გადაეცა. ამ წერილში, ბოლშევიკებით შეწუხებული ლიქოკელები ამერიკას შველას სთხოვდნენ. მათი ნაწილი სიკვდილით დასაჯეს, ნაწილი გადასახლებაში დაიღუპა.

„შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეგიონებში საბჭოთა რეპრესიები მაინც უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე სვანეთში. საბჭოთა ხელისუფლება ერთგვარად უფრთხოდა სვანებს. მათ ხომ კარგად ახსოვდათ, რომ 1921 წელს თავისუფლებისათვის ბრძოლის დროშა პირველად სწორედ სვანებმა ააფრიალეს“, - გვეუბნება ისტორიკოსი ლევან ჯიქია, რომლის სადოქტორო ნაშრომიც „1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში“ ჩვენი სტატიის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა 1924 წლის აჯანყების შემდეგაც გრძელდებოდა, თუმცა მასშტაბური სახე ამ ბრძოლას აღარ მიუღია.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, მთა თავშესაფრად იქცა ხალხისთვის, ვინც ამ ომის ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შანსს ხედავდა. წოვა-თუშებმა შექმნეს ორგანიზაცია „სამანი“, რომელსაც, სხვა კავკასიელ ხალხებთან ერთად აჯანყების გზით, საბჭოთა რეჟიმის დამარცხებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის იმედი ჰქონდა. ისევ ამაოდ. საბჭოთა მთავრობამ „სამანი“ გაანადგურა, ზოგი გადმოიბირა, ვისაც ვერაფერი მოუხერხა, თავები მოჰკვეთა და საგანგებოდ შეკრებილ თუშებს მიუყარა.

ინდივიდუალური პროტესტის ისტორიები ამინდს ვეღარ ცვლიდა. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებამ წინააღმდეგობა თითქმის მთლიანად მიანელა. დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა.

101 წლის შემდეგ

1921 წლის ოკუპაციის შეფასება ისტორიკოსს და საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, 2022 წლის 24 თებერვალს ვთხოვეთ. რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წავიდოდა.

„როდესაც 20-იან წლებში დიდი მობილიზება და წინააღმდეგობა გვქონდა საქართველოში, პოლიტიკური ლიდერები მკაფიოდ ხედავდნენ სცენარებს, როგორ დაეცემოდა საოკუპაციო რეჟიმი და ტოტალიტარული სახელმწიფო. ორი სცენარი იყო: ან საერთაშორისო კონფლიქტში ჩართვა, რომელიც მას დაასუსტებდა და ჩამოშლიდა, ან შიდა კრიზისი. ორივე სცენარი გათამაშდა, მაგრამ დროის გამოანგარიშება მათ არ შეეძლოთ. დრო გადის და ახალი რეალობები ჩნდება, მაგრამ ძირითადი სქემები და მექანიზმები იგივე რჩება, მათ შორის, იგივეა მსგავსი სახელმწიფოების ქცევის, ოკუპაციის ლოგიკა, მეთოდოლოგია. ჩვენ პრაქტიკული ცოდნა გვაქვს, რომელიც გვასწავლის, რა არის ჩვენი ამოცანა, როგორც სახელმწიფოსი, მოქალაქეების, რას გავუფრთხილდეთ, რის გადარჩენაზე ვიზრუნოთ, რა მეთოდებით, რომ არ მოხდეს ის, რაც ერთხელ უკვე დაგვემართა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ არსებობის 70 წლის შედეგად. დიდი დროა 70 წელი, რაც აძლევს რეჟიმს საშუალებას შეცვალოს მენტალიტეტი, ღირებულებები, დაამახინჯოს კოლექტიური მეხსიერება. და თუნდაც რეჟიმი დაეცეს, შედეგად გათავისუფლებული საზოგადოება ამ თავისუფლებას ფაქტობრივად უუნარო ხვდება, არ შეუძლია შექმნას ალტერნატივა, აღადგინოს ის, რაც გაუნადგურა საოკუპაციო რეჟიმმა - დემოკრატიული, დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობა. ესაა ამ ისტორიის გაკვეთილი, ამას უნდა ეყრდნობოდეს ჩვენი ცოდნა და შესაბამისად თავდაჯერებულობაც, რომ შესაძლებელია, ადრე თუ გვიან, გაუმკლავდე რეჟიმს, რომელიც არასდროსაა მარადიული.“

ნინო ბაიდაური

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი/ფოტოგრაფი. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგია. აშუქებს ადამიანის უფლებების, უმცირესობების და სოციალურ თემებს, ამზადებს ფოტორეპორტაჟებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში