საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„საქნახშირის“ განცხადებით, აფეთქება მეშახტეების ბრალეულობით მოხდა

19:02 - 08 თებერვალი 2022 hits 5198

„საქნახშირის“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, 30 იანვარს, ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა, მეშახტეების ბრალეულობით მოხდა. კომპანიის განმარტებით, ასეთია მათ მიერვე შექმნილი სპეციალური კომისიის კვლევის პირველადი შედეგები.

ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების შესახებ სტანდარტი. ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას - უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია აღებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე, არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება.  

კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ N8 ველში +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია).

სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, რომელიც მითითებულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პასპორტში.

მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე 1%-ზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთხოების სტანდარტების სრული დარღვევაა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

„საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სოცკი განმარტავს, რომ საქმის დეტალების კვლევა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისი უწყებები და კომპანიის სპეციალური კომისია საბოლოო დასკვნას თვის ბოლოს გააკეთებენ.

„შუალედური შედეგებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ადგილზე დაირღვა ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები. სპეციალისტები სწავლობენ, თუ კონკრეტულად რომელმა უფლებამოსილმა პირებმა დაარღვიეს სამუშაოების ჩატარების წესები და რატომ არ იქნა გაკონტროლებული ადგილზე უსაფრთხოების ნორმები. ასევე, მეთანის მაღალი კონცენტრაციის მიუხედავად, რატომ გაიცა აფეთქების ნებართვა. ეს დეტალები კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდება.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც „საქნახშირის“ მართვა ჩვენმა გუნდმა ჩაიბარა, მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სისტემების მაღალ დონეზე გამართვა წარმოადგენდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ და ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სამი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია მძიმე შემთხვევებს. შახტების განვითარების გეგმაც სწორედ უსაფრთხოებაზე გაძლიერებული აქცენტით ხორციელდება. ტექნიკურად, შახტი სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დასაქმებულებმა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში იმუშაონ. მეორე, ყველაზე მნიშნველოვანი საკითხი თანამშრომლების მხრიდან უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებაა, რაზეც „საქნახშირი“ აუცილებლად იმუშავებს. ამ პროცესში კი, თითოეული თანამშრომლის ჩართულობა იქნება საჭირო, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველანაირი რისკი, რამაც შეიძლება ჩვენი დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას“.

მინდელის შახტში 30 იანვარს მომხდარი აფეთქებისას დაშავებულები დღემდე დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შრომის ინსპექციის სამსახურის პირველადი შეფასებითაც, მინდელის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში