საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შოვში 33 გარდაცვლილიდან 5-ის ოჯახმა არ აიღო „ქართული ოცნების“ 20-ათასლარიანი დახმარება

19:29 - 03 აგვისტო 2026 hits 623

„მთის ამბების“ მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, შოვის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი 33 ადამიანიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დახმარება 28 გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მიიღეს - თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით.

„5 გარდაცვლილის ოჯახის წევრს, მიუხედავად სამინისტროს წარმომადგენლების მათთან კომუნიკაციისა, ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებაზე არ მოუმართავს“, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს წერილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 15 სექტემბერს თქვა, რომ შოვის კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები ფულად დახმარებას მიიღებდნენ.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შოვის ტრაგედიიდან დღეს სამი წელი გავიდა. კატასტროფის შედეგად დაღუპული 33 ადამიანიდან ერთი ბავშვის ცხედარი ვერ იპოვეს.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამაზე ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და წარსულში მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში არც საევაკუაციო გეგმა, არც საინფორმაციო დაფა და არც რაიმე ფირნიში არსებობდა. 

ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი.

სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები და ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ.

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს და არ გამოუყენებიათ დრონები.

არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა. 

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, გამოძიება 128-ე (განსაცდელში მიტოვება) და 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა) მუხლებითაც წარმართულიყო, რაც პროკურატურამ არ დააკმაყოფილა.

ტრაგედიიდან სამი წლის თავზეც პროკურატურას არავინ ჰყავს პასუხისგებაში მიცემული.

„მაშინ მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები, სამაშველო სამსახური იყო თავიდან ბოლომდე ჩართული, შსს იყო მთლიანად მობილიზებული, ჩართული იყო სხვადასხვა უწყება და ამაზე იყო კონცენტრირებული თითოეული სახელმწიფო უწყება და ასეთ დროს, პარალელურ რეჟიმში, ჩვენ გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები. ეს არის უბრალოდ დასანანი და ეს არის ის მაგალითი, რაზეც ვიღაცებმა რაღაცები უნდა ისწავლონ“, - თქვა დღეს, ტრაგედიიდან სამი წლის თავზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.

შოვის ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარულ ზონებსა და „ცხელ წერტილებში“ საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG დაიქირავა. კომპანიას 2024-2025 წლებში კვლევებისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გადაუხადეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა.

„მთის ამბები“ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გადმოცემას გასული წლის 8 დეკემბრიდან ითხოვს. ეს ინფორმაცია კანონით საჯაროა, თუმცა სამინისტრო მას მალავს. „მთის ამბებმა“ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა კანონით გათვალისწინებული ყველა ვადის გასვლის მიუხედავად, სასამართლო სარჩელს არ იხილავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში