შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში მესტიაში 200-ზე მეტი ე.წ. მაინერი ამოიღეს, რომლებიც ელექტროენერგიას უკანონოდ მოიხმარდნენ.
BM.ge-სთან ინტერვიუში ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ენერგიის უკონტროლო მოხმარება დამღუპველია. „რაღაცა ბუშტი იბერება, იბერება და ბოლოს გასკდება - ყველაფერს აქვს ზღვარი, რაღაცა არ შეიძლება, რაღაცა შეიძლება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა.
მისი თქმით, საკითხის გადაწყვეტაში სოზარ სუბართან ერთად არის ჩართული:
„მე, ვიქტორ ჯაფარიძე, გამრიცხველიანების წინააღმდეგი ვერ ვიქნები. არ მომწონს ის ადამიანები, ვინც სვანეთს ვნებენ...
არ შეიძლება - ზამთარში დენი ითიშება, არის პრობლემები, ტრანსფორმატორები ფეთქდება, „ენერგო-პრო“ ვერაფერს აკეთებს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა, იმიტომ, რომ ცოტა რთულია კაპიტალდაბანდება, როცა დენი უფასოა“.
ვინაიდან მესტია გაზიფიცირებული არ არის, ჯაფარიძე ინიციატივით გამოდის, რომ სახელმწიფომ „დამაბალანსებელი მიდგომა“ შეიმუშაოს. კერძოდ, სვანეთში მოქმედი სასტუმროებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი ისე დაკომპენსირდეს, რომ მათ გათბობისთვის იგივე ხარჯის გაღება მოუწიოთ, რასაც თბილისსა თუ ზუგდიდში გაზით სარგებლობისას გადაიხდიდნენ.
ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა „რამდენიმე ვარიანტს დადებს, რათა სვანეთი არ ჩაბნელდეს“.
„ბატონმა ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ძალიან სწორად თქვეს, რომ რაღაც დონეზე [ტარიფი] აუცილებლად დაკომპენსირდება. ახლა ზუსტ რეცეპტს ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინებენ სოციალურად დაუცველებს... დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აუცილებლად გაითვალისწინებს მოსახლეობის აზრს, რომ მის ყოფა-ცხოვრებას ზედმეტად პრობლემები არ შეუქმნას. [...] მაგალითად, გეტყვით, რომ სასტუმრო დენზეა დაერთებული და დენზე ფუნქციონირებს. პირობითად 10-ნომრიანი სასტუმრო იყოს. თბილისში გაზით ხდება გათბობა და რადგან სვანეთში ალტერნატივა არ არსებობს, შესაბამისი, ალბათ, დამაბალანსებელი მიდგომა უნდა იყოს, რომ რაც გაზის ფასია, იგივე გადაიხადოს [დენშიც], რომ განსხვავებულიც არ იყოს, რომ თბილისში, ზუგდიდში რასაც იხდის სასტუმრო, იგივე გადაიხადოს ვთქვათ ჩვენთანაც.
მე და სოზარი აუცილებლად ვიქნებით ჩართული, რომ მოსახლეობა ასე პირისპირ არ დარჩეს... ასე პირდაპირ ჩაჭერი და დამთავრდა, ეგრე არ იქნება. ჩაჭრის თემა იქნება იქ, სადაც არის მაინერების ადგილსამყოფელი და მაინერები ჩართული“, - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ „ასე უმოწყალოდ დენის ხარჯვა აუტანელია“.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ბოლო აღწერის მიხედვით, 9 979 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 7 942 (79,59%) სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. პარალელურად, რეგიონში მასშტაბურად ვითარდება კრიპტომაინინგი. ადგილობრივების ვარაუდით, უფასო ენერგიას უმეტესად გავლენიანი პირები იტაცებენ. 2025 წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 133 მილიონ კილოვატ-საათს მიაღწია, მაშინ როცა მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 10 მილიონი კილოვატ-საათია.
ზემო სვანეთში „ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის აღსაკვეთად და გამრიცხველიანების დასაწყებად“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაცრი ზომები 1-ელ ივნისს დააანონსა. ეს გადაწყვეტილება და სპეცრაზმის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები დროში დაემთხვა ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის გააქტიურებას, რასაც ხაიშის თემის მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
მესტიის მუნიციპალიტეტისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება 2003 წლის 2 ივნისს, ედუარდ შევარდნაძის N160 განკარგულებით განისაზღვრა, რაც მაღალმთიანი სტატუსით იყო გამყარებული. თუმცა, ადგილობრივები და გარემოს დამცველები მიუთითებენ, რომ ეს შეღავათი ასევე კომპენსაციას წარმოადგენს ენგურჰესის მშენებლობის გამო მიღებული ეკოლოგიური ზიანისა და კლიმატის ცვლილებისთვის, რადგან ენგურჰესმა ზემო სვანეთის ტერიტორიის ნაწილი დატბორა.