საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბიძინა გუჯაბიძის საქართველოს ამბავი

15:51 - 25 აპრილი 2026 hits 897

საბჭოთა პერიოდში მთამსვლელობა თავისუფალი ხალხის თავშესაფარი იყო. ეს იყო გაქცევა საბჭოთა კავშირიდან... მთაში ჩვენ მართლა თავისუფლები ვიყავით“.

ლეგენდარული მთამსვლელი, სამთო ინჟინერი და გეოლოგი ბიძინა გუჯაბიძე დღეს იქ დგას, სადაც თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის. კაცი, რომელსაც 120-ზე მეტი ასვლა აქვს მყინვარწვერზე, ორჯერ აქვს დალაშქრული ევერესტი და არაერთხელ - მსოფლიოს უმაღლესი და რთული მწვერვალები, მიიჩნევს, რომ დღეს მისი ადგილი რუსთაველის გამზირზეა.

 

თავისუფლებისალპინიზმი

ბიძინასთვის მთა მხოლოდ სიმაღლე არ არის, ის ღირსების საზომია. მისი თქმით, მთამსვლელობა ყოველთვის იყო განათლებული და თავისუფლებისმოყვარე ადამიანების საქმე. დღეს კი, როცა ქვეყანა ისტორიული არჩევანის წინაშეა, ის ისევ წინა ხაზზეა.

შეუძლებელია ამდენი უკანონობა და უსამართლობა აიტანო. შეუძლებელია შეეგუო იმას, რომ მთელი ქვეყანა ერთი კაცისა და მისი მონების ჭკუაზე მოეწყოს. რამდენი ახალგაზრდა და უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ დაპატიმრებული ქვეყნის სიყვარულისთვის - ტყვედ ჰყავთ აყვანილი და ჩვენ გველოდებიან. იქ მე უნდა ვიყო, შენ უნდა იყო, ჩემი შვილები უნდა იყვნენ... რამ უნდა გამაჩეროს სახლში?“

რუსთაველზე დგომის გამო ბიძინას უკვე ხუთი ჯარიმა აქვს - ჯამში 25 000 ლარი, თუმცა ეს მისთვის მხოლოდ იმის დასტურია, რომ რეჟიმს სიცოცხლე უმოკლდება.

 

უშბა, ევერესტი და 15 ტაძრის ჯვარი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალები აქვს დალაშქრული, მისი გულისსწორი მაინც უშბაა. ბიძინა გუჯაბიძის მთამსვლელური ცხოვრება 1979 წლიდან იწყება - გურული ბიჭისგან, რომელიც მთაში ჯერ კიდევ მე-8 კლასში, მწყემსად წავიდა.

მისი კვალი მხოლოდ მწვერვალებზე არ დარჩენილა. ბიძინა გუჯაბიძემ საკუთარი ხელით აღმართა ჯვრები 15-მდე ტაძარზე, მათ შორის მეტეხსა და სამებაზე.

„1987 წელი იყო. მეტეხში მაშინ თეატრი ფუნქციონირებდა. გუმბათზე ჯვარი უნდა დამედგა, მანამდე იქ მხოლოდ წვეტიანი მეხამრიდი იდგა. შიგნით, გუმბათის წვერზე, განათებისთვის ჯაჭვიც უნდა დაგვეკიდა. მახსოვს, პატრიარქი შემოვიდა და დამინახა, როგორ ავდიოდი გუმბათზე თოკით. სკამი ითხოვა, ქვემოთ დაჯდა და იქიდან მგულშემატკივრობდა“.

 

ბრძოლა მომავლისთვის

„ქართული ოცნების“ რეპრესიები ლეგენდარულ მთამსვლელს არა მხოლოდ ჯარიმებით, არამედ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვითაც შეეხო. „სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოფნის“ საბაბით მას პროექტები დაუბლოკეს. რამდენიმე დღის წინ კი აცნობეს, რომ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში, რომელიც პირველი პროფესიული სასწავლებელია ამიერკავკასიაში და რომლის სულისჩამდგმელიც თავად არის - ახალგაზრდებთან მუშაობის დრო 75%-ით შეუმცირეს.

ბიძინა გუჯაბიძე მაინც არ ჩერდება და მომავალზე ფიქრობს. დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპულ მთის ქვეყნებზე ნაკლები არ იქნება, თუმცა იცის, რომ ამას დიდი შრომა სჭირდება. მე შეიძლება ვერ მოვესწრო, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები ნამდვილად იცხოვრებენ თავისუფალ და ნორმალურ ქვეყანაში,“ - ამბობს ის.

მთამსვლელი, რომელიც ოდესღაც 300 არაგველობაში ყოფნაზე ოცნებობდა, დღეს ფიქრობს, რომ ბრძოლის საკუთარი დრო და ეპოქა შეხვდა და ეს „მაგარია“. წინ კიდევ ბევრი დასალაშქრი ადგილია - ანტარქტიდა, პაკისტანის კლდოვანი მარშრუტები და ახალი რვაათასიანები. მანამდე კი, მისი მთავარი მწვერვალი საქართველოს თავისუფლებაა, რომლისთვისაც ის დღესაც ისეთივე ჟინით იბრძვის, როგორც თავისი პირველი ასვლებისას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში