საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სამინისტრო მყინვარული ხეობების კვლევის შედეგებს მალავს - „მთის ამბებმა“ სასამართლოს მიმართა

19:10 - 26 იანვარი 2026 hits 440
მყინვარი ბუბა / ფოტო © Mtisambebi.ge
ახალი ამბები
მყინვარი ბუბა / ფოტო © Mtisambebi.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „მთის ამბებს“ უარი უთხრა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცნობასა და მიწოდებაზე. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით და ორჰუსის კონვენციით საჯაროა, რის გამოც „მთის ამბებმა“ სასამართლოს მიმართა.

სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარულ ზონებსა და „ცხელ წერტილებში“ საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისათვის შვეიცარიული კომპანია GEOTEST AG შოვის ტრაგედიის შემდეგ დაიქირავა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად შოვის ტრაგედიას 33 ადამიანი ემსხვერპლა.

შვეიცარიულ კომპანიას 2024-2025 წლებში კვლევებისთვის დაახლოებით 4 მილიონი ლარი გადაუხადეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 16 იანვრის პრეს-რელიზის თანახმად, კვლევის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საფრთხეები 22 მყინვარულ ხეობაში შეფასდა. „დადგენილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც გარკვეული გამოწვევები არსებობს და სადაც აუცილებელია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებისა და შესაბამისი დანადგარების განთავსება. პროცესი უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების პრეზენტაცია 16 იანვარს გაიმართა. ივანიშვილის მთავრობის წევრებს კვლევის შედეგები GEOTEST AG-ის ექსპერტმა დანიელ ტობლერმა გააცნო.

„მთის ამბები“ მყინვარული ხეობების კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის გადმოცემას გასული წლის 8 დეკემბრიდან ითხოვს. გამოცემის რედაქტორის გელა მთივლიშვილის თქმით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის დაბლოკვის გამო, „მთის ამბები“ საჩივრით ორჰუსის კონვენციის სამდივნოსაც მიმართავს. ორჰუსის კონვენცია (კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ) საქართველოში ძალაშია 2000 წლიდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებაა. სააგენტოდან საჯარო ინფორმაციის მოპოვება განსაკუთრებით მას შემდეგ გაძნელდა, რაც მის უფროსად ENKA Renewables-ის, ნამახვანი ჰესის მთავრობასთან ურთიერთობების ყოფილი დირექტორი ელენე ღუბიანური დაინიშნა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში