გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2017-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 21 632 მ2 ფართობის 12 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 800 ათას ლარს აღემატება.
„გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მიწის ნაკვეთების მიტაცებას, ძირითადად, მთიულეთში, ქვეშეთი-კობის გზის მიმდებარედ ედავებიან. ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცებით, ნაკვეთები მამაპაპისეულია და კერძო საკუთრებად ბოლო პერიოდში იმიტომ დაირეგისტრირეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან წართმევის საფრთხე გაჩნდა.
„მთის ამბებისთვის“ ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს დაყადაღებული, რაც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წლის 29 სექტემბერს შესული ცვლილებების თანახმად, ქონებას ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე, ქონებაზე ყადაღის დადების ვადა 12 თვეა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, 2025 წლის აპრილიდან, „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს.