საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებზე მასალების წაშლა დაევალა

13:47 - 28 მარტი 2025 hits 982

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სამართალდამრღვევად ცნო შუქრუთის პროტესტის მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ დამუშავებისა და გავრცელებისთვის. სამსახურმა კომპანია 6000 ლარით დააჯარიმა და გამოქვეყნებული ინფორმაციის წაშლა დაავალა. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ საპროტესტო აქციას, გასული წლის 13 მარტიდან მართავენ. მანგანუმის მიწისქვეშა მოპოვების გამო მათი საცხოვრებელი სახლები ინგრევა, „ჯორჯიან მანგანეზი“ კი, რომელიც ლიცენზიას ფლობს, დაზარალებული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს კომპენსაციას არ უხდის. ექვსთვიანი პროტესტის შემდეგ შუქრუთელებმა თბილისში, პარლამენტთან გადმოინაცვლეს, აქციის მონაწილეებმა პირი ამოიკერეს და შიმშილობდნენ.

სწორედ ამ პერიოდში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორმა „Chiatura Management Company“-მ შუქრუთის პროტესტის რამდენიმე მონაწილის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტოსურათი, საბანკო ანგარიშის ნომერი, ჩარიცხული თანხა) გაავრცელა. შუქრუთელების ადვოკატის, ვლადიმერ ქუთათელაძის თქმით, კომპანიამ ამით პროტესტის დისკრედიტაცია და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის კონფლიქტის გაღვივება სცადა, თითქოს დაზარალებულებს კომპენსაცია მიღებული აქვთ. სინამდვილეში, თანხის ნაწილი მხოლოდ რამდენიმე ოჯახისთვის აქვთ გადახდილი, ისიც ხანგრძლივი პროტესტის შედეგად.

შუქრუთის პროტესტის მონაწილეებმა კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში უჩივლეს. მათი მტკიცებით, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისთან“ არანაირი შეხება არ ჰქონიათ, ხოლო მონაცემები კომპანიას უკანონოდ გადასცეს შპს „მაღაროელმა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, სრულად გაიზიარა მომჩივნების არგუმენტები და დაადგინა, რომ კომპანიას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა დაზარალებულთა მონაცემების ასეთი სახით გასაჯაროებისთვის.

გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ აფერხებდა საქმის შესწავლას, არ პასუხობდა სამსახურის წერილებს ან მიზანმიმართულად არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიდა.

შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ უკანონოდ გამოქვეყნებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ წაშლა დაევალა, მაგრამ კომპანია ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებს. პირიქით, 14 მარტს, კვლავ უკანონოდ გაავრცელა შუქრუთის პროტესტის რამდენიმე მონაწილის პერსონალური მონაცემები, რაზეც მოქალაქეებმა სამსახურს ახალი საჩივრით მიმართეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში