საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები - მესტიის მერია მაინერების მფლობელებს მიმართავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:17 - 12 ნოემბერი 2024 hits 953

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში „კატასტროფულად გაზრდილი“ ელექტროენერგიის მოხმარების გამო, მაინერების მფრლობელებს მოუწოდებს, გამორთონ ე.წ. ბიტკოინის აპარატები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება.

„კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო, ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე ტრანსფორმატორი გათიშულია. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ. ბიტკოინის აპარატები! გთხოვთ, გაიაზროთ, რომ თქვენს პირად ინტრერესებს ეწირება დანარჩენი მოსახლეობის - თქვენი მეზობლების, თქვენი ნათესავების, თქვენი მეგობრების კეთილდღეობა. მსგავსი დატვირთვის გაგრძელების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნულია მესტიის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“ მესტიის საკრებულოს წევრის, ვიკა ფილფანის თქმით, რამდენჯერაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა გამრიცხველიანების საკითხი წამოჭრეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში ხალხს უთხრეს, რომ ოპოზიცია მათთვის ელექტროენერგიის გადასახადის შემოღებას ითხოვს.

„მერიის განცხადების გამო კრიპტოვალუტის წარმოებას არავინ შეწყვეტს. მაინინგის საწარმოებს სჭირდებათ დამხმარე ფაზაც, რასაც „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ შეუთანხმებლად ვერავინ იზამს. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

მერამდენე წელია მესტიის მერია მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და პრობლემის მოგვარებას ადამიანების კეთილსინდისიერებას ანდობს. ხელისუფლებას ეშინია გამრიცხველიანებაზე საუბრის, რადგან მიაჩნიათ, რომ მომხრეებს დაკარგავენ.

სვანეთში ბუნებრივი აირი არ არის. ხალხი შეშით ან ელექტროენერგიით თბება და დენის გარეშე ზამთრის გატანა ძალიან რთულია“, - ამბობს ვიკა ფილფანი.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის გადასახადი უნდა გადაიხადონ სასტუმროებმა. ასეთი კი ზემო სვანეთში 200-ზე მეტია. ვიკა ფილფანი ხაზს უსვამს, რომ ტურიზმი ყველაზე ნაკლებად მესტიის ქვედა ზონის სოფლებშია განვითარებული, მათ შორის, ხაიშსა და ჭუბერში. სამაგიეროდ, სწორედ ამ სოფლებშია დიდი რაოდენობით ხის საამქრო და სახერხი.

„იქ თავის რჩენის ერთადერთი საშუალება ხე-ტყეა.

არის სეგმენტი, რომელიც გარიგებაშია ხელისუფლებასთან და რეგულაციების გვერდის ავლით საამქროებს შეუზღუდავად ამუშავებენ. გამოსავალს გამრიცხველიანებაში ვხედავთ.

შესაძლებელი გახდება ჭარბი მოხმარების აბონენტების, მათ შორის, მაინერების მფლობელების, სასტუმროების, სახერხების იდენტიფიცირება და მათთვის გადასახადის დაწესება“, - აღნიშნავს ფილფანი.

სიცხადისთვის, 2022 წლის დეკემბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატებოდა საქართველოს 17 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიერ იგივე პერიოდში მოხმარებულ ელექტროენერგიას - კერძოდ, ყაზბეგის, ონის, თიანეთის, ხულოს, დმანისის, ამბროლაურის, ჩოხატაურის, დედოფლისწყაროს, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, ქედის, შუახევის, ცაგერის, ლენტეხის, ვანის, ჩხროწყუს და აბაშის რაიონებს.

2021 წლის 30 დეკემბერს, ორკვირიანი უშუქობის შემდეგ, მესტიაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სვანებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. მაინერებს გამორთავდნენ. ფიცის გამტეხი დაიწყევლა. დაფიცების მიუხედავად სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირდა.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ჩივის, რომ კრიპტოვალუტის ფერმების გამოვლენას და ელექტროენერგიის დატაცების საფუძვლიან აღრიცხვას ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს - არ აძლევენ მათსავე საკუთრებაში არსებულ ტრანსფორმატორებზე მრიცხველების დაყენების საშუალებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მინუციპალიტეტის სრულ გამრიცხველიანებაზე, მათ თანამშრომლებს ფიზიკურადაც ემუქრებიან, თუმცა ამაზე არც ადგილობრივი პოლიცია და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას არ ახდენენ.

პოლიცია მაინერების ამოღების საქმეში რამდენჯერმე ჩაერთო. 2020 წლის დეკემბერში, მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მესტიის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ დამხმარე ფართში კრიპტოვალუტის იმხელა ფერმა აღმოაჩინა, რომელიც 4-5 სოფლის სამყოფ ელექტროენერგიას მოიხმარდა. 2020 წლის დეკემბერში, 600 მაინერი ამოიღეს სოფელ იდლიანიდან, სოფელ ხაიშიდან კი - 2 000-მდე. გამოძიება ენერგორესურსების სარგებლობის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

„მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ნების საკითხია, - „უნდა დაიწყოს, უშგულიდან იდლიანამდე, ყველა სოფლისა თუ სახლის სრული რევიზია. უნდა გავყვეთ სადენებს, რომლებიც კრიპტოვალუტის ფერმებამდე მიგვიყვანს და უნდა გამოვლინდეს კრიპტოვალუტის შედეგად ენერგიის უკანონო მიტაცების ფაქტები.“

კიდევ ერთ გამოსავალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და სპეციალისტები გამრიცხველიანებასა და ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე ლიმიტის დაწესებაში ხედავენ, რაც ამ დრომდე არ გაკეთდა.

ზემო სვანეთში მოსახლეობისთვის დენი უფასოა ენგურჰესისა და სხვა ჰესების მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ.

საქსტატის მონაცემებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 2024 წლის იანვრის მდგომარეობით 9200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან სოციალურ დახმარებას იღებს 2088 ოჯახი, 7663 ადამიანი.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგისტრირებული ჰყავდა 8955 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 5428 ამომრჩეველმა. ცესკოს მონაცემებით, 3893-მა (72,5%) ხმა „ქართული ოცნებას“ მისცა. 40 საარჩევნო უბნიდან 14-ში მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში