საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

აღიარეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და დაგვიბრუნეთ თრუსოს, გუდოს და სხვა ოსური ხეობები - კოკოითი ივანიშვილს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:18 - 17 სექტემბერი 2024 hits 1423

საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომელიც მშვიდობის და საომარი მოქმედებების არგანახლების გარანტიაა და ამავდროულად, დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული თრუსოს, გუდოს და სხვა ოსური ხეობების დაბრუნების საკითხი“, - ასე გამოეხმაურა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითი „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ბოდიშის მოხდის შესახებ.

„ივანიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც ასეთი თამამი განცხადება გააკეთა. ჩვენ ცალსახად მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას და ტენდენციას, რომელიც მიმართულია ყველა არსებული უთანხმოების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. საკითხავია, რამდენად გულწრფელია ეს ყველაფერი და არის თუ არა ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური ტრიუკები.

ივანიშვილის განცხადების არსში ახალი არაფერია. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი ქვეშევრდომები საერთაშორისო კრიმინალები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: რატომ სურს „ქართული ოცნების“ ლიდერ ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მხოლოდ ოსებისთვის? აფხაზები? საქართველომ ნაკლები ტრაგედია და ტკივილი მოუტანა ჩვენს აფხაზ და-ძმებს?

რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ 2008 წლის მოვლენებზე? ჩვენ კარგად ვიცით და პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას, არ დაგვვიწყებია 1920 წლის გენოციდი, ოსი ინტელიგენციისა და ოსეთის გამოჩენილი მოღვაწეების განადგურება, ჟორდანიას, გამსახურდიას და მათი მიმდევრების შოვინიზმი“, - განაცხადა კოკოითმა.

მისი თქმით, ყველაფრის სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაბრალების მცდელობა „წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელურია“, რადგან „პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ საქართველოს“. 

„მსოფლიოში არსებული დაძაბული სიტუაციიდან და შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მცდელობებიდან გამომდინარე, წამოიწყონ ომის რუსეთის საზღვრების გარშემო, „სამხრეთ ოსეთი“ მზადაა რუსეთთან ერთად იბრძოლოს მშვიდობისთვის, რათა თავიდან აიცილოს ომის ახალი კერა სამხრეთ კავკასიაში. კოკოითის განცხადებით, „საქართველოსთან მშვიდობა“ რუსეთის პირობებს უნდა ეფუძნებოდეს.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება. ოსეთი და აფხაზეთი უნდა იქცნენ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ ფორპოსტებად, რუსეთის საიმედო საყრდენად. სხვა გზები ჩვენი ხალხებისთვის მიუღებელია.

რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, შესაძლოა ეს მომავალი არც გვქონდეს“, - განაცხადა კოკოითმა.

ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს, გორში, ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში