საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორ ცდილობენ შუქრუთელების პროტესტის ჩახშობას - ინტერვიუ ადვოკატთან დავის დეტალებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:49 - 16 სექტემბერი 2024 hits 11331
ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე
ახალი ამბები
ადვოკატი ვლადიმერ ქუთათელაძე

6 დღე და ღამეა ჭიათურის სოფელ შუქრუთიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ სახლებსა და კარ-მიდამოს უნგრევთ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დგანან. კაცები, ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები - ღია ცის ქვეშ ათებენენ და აღამებენ. აქციის ხუთ მონაწილეს 1-ელი სექტემბრიდან პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას იმიტომ მიმართეს, რომ ხელისუფლების ყურადღება მიექციათ. შუქრუთელების პროტესტს პრემიერ-მინისტრი ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ ორგანიზატორებს კომპანიისგან ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული.

სინამდვილეში, აქციის მონაწილეებიდან რამდენ დაზარალებულ ოჯახს აქვს თანხა ჩარიცხული და არის თუ არა ეს კომპენსაცია? რატომ არის კაბალური შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილთან დადებული მემორანდუმი და ხელშეკრულებები - დავის დეტალებზე ვესაუბრეთ სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრის იურისტს, ვლადიმერ ქუთათელაძეს, რომელიც შუქრუთელების ინტერესებს იცავს.

- მას შემდეგ, რაც პროტესტის 183-ე დღეს დაზარალებული შუქრუთელები ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდნენ და ახლა აქციას პარლამენტთანაც მართავენ, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“, სამთავრობო არხებითა და სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს რამდენიმე მათგანისთვის წინა წლებში თანხის ჩარიცხვის დოკუმენტებს და ამბობს, რომ კომპენსაცია სრულად აქვთ გადახდილი. მეტიც, არაერთხელ თქვეს, რომ აქციის მონაწილეები კომპანიას აშანტაჟებენ და თანხას მეორედ ითხოვენ. სინამდვილეში, იმ 33 ოჯახიდან, ვინც აქციას მართავს, რა ვიცით, რამდენს აქვს თანხა ჩარიცხული. აქვე უნდა გკითხოთ, რა კომპანიაა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ და რა კავშირი აქვს მას „ჯორჯიან მანგანეზთან“?

აქციის მონაწილეებიდან 18 ოჯახს, მანგანუმის მოპოვების შედეგად მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ არცერთი თეთრი არ აქვს მიღებული. რამდენიმე ოჯახისთვის მიზერული თანხა აქვთ ჩარიცხული.

მხოლოდ 6 ადამიანისთვის აქვთ გადახდილი შედარებით სოლიდური ანაზღაურება. დოკუმენტების შესწავლის შედეგად, ამ ექვსიდან ერთზე, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადახდილი თანხა არის ავანსი. თანხის გადახდის ქვითრების საჯაროდ გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთ დაზარალებულს, ჯუმბერ ცუცქირიძეს, გაუმაძღარს, რადიკალს უწოდებენ, მათ შორის, კომპანიის ფეისბუკგვერდზე მობილიზებული მოქალაქეებიც, რომლებიც შესაძლოა, ჭიათურაში ნამყოფებიც არ არიან და საერთოდ არ იციან, იქ რა ჯოჯოხეთია.

შპს „მაღაროელს“, რომლის დამფუძნებელიც „ჯორჯიან მანგანეზია“, ჯუმბერ ცუცქირიძისთვის თანხა გადახდილი აქვს 4 ნაწილად, 2021-2022 წლებში - 10 ათასი, 20 ათასი, 50 ათასი და 5 ათასი. მხარეებს შორის გაფორმებულია საკომპენსაციო თანხის ნაწილის ავანსად გაცემის შესახებ წერილობითი შეთანხმება. ოთხივე გადახდა არის ავანსი, რომელიც უნდა გამოაკლდეს საერთო თანხას, რაც ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე დადგინდება.

ასეთი შეფასება კი არ ჩატარებულა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ხომ სწორედ ეს არის - „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზიანი შეაფასებინოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განსახლების კრიტერიუმებით და დაზარალებულებს ამის შემდეგ გადაუხადოს სამართლიანი კომპენსაცია.

რაც შეეხება შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, „ჯორჯიან მანგანეზს“, რომელიც ჭიათურისა და საჩხერის ტერიტორიებზე, 16 430 ჰექტარზე, 2007 წლიდან ფლობს მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას, 40 წლით, ასეთი პრაქტიკა აქვს - მასთან დაკავშირებულია ბევრი კომპანია სხვადასხვა გაურკვეველი ვალდებულებით, რაც სრულიად გაუმჭვირვალეა. ხშირად ეს ქვეკონტრაქტორები ისე მოქმედებენ მოსახლეობასთან, თითქოს ისინი ფლობდნენ ლიცენზიას. ეს ყველაფერი (დაყოფა, ახალი კომპანიების გაჩენა და ა.შ.) დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზში“, 2017 წელს, ხელისუფლების მოთხოვნით, სპეციალური სახელმწიფო მმართველი დაინიშნა. თუმცა, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ სრულიად ახალია, 2024 წლის თებერვალშია დაფუძნებული და მისი დირექტორი უკრაინის მოქალაქე მაქსიმ მაზურენკოა. კომპანიის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი კი 2021 წელს რეგისტრირებული სს „ნიუ გრუპია“. ჩვენი ინფორმაციით, მაქსიმ მაზურენკო „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველაზე მსხვილი მესაკუთრის, უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კალომოისკის ნდობით აღჭურვილი პირია. რა სამართლებრივ ურთიერთობაშია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შპს „ჯორჯიან მანგანეზთან“, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით არ დგინდება. საჩხერის სასამართლოში აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, სამივე საქმეზე მოსარჩელე და დაზარალებულად ცნობილი შპს „მაღაროელია“.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ უკანონოდ დაამუშავა და გაავრცელა აქციის მონაწილე ხუთი დაზარალებულის შესახებ პერსონალური მონაცემები. კომპანიამ გაავრცელა მხოლოდ ქვითრები, რაც აწყობდა აქციის მონაწილეთა დისკრედიტრაციისთვის და არ გაავრცელა ხელშეკრულებები, რომელიც უკიდურესად კაბალურია. პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებისა და გავრცელების ფაქტზე, ჩვენ უკვე მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

- „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები ყველა ამ გადახდის საფუძვლად, მცირეა ის თუ სოლიდური, უთითებენ მემორანდუმს. რა დოკუმენტია ეს?

- ურთიერთგაგების მემორანდუმი დათარიღებულია 2020 წლის 1-ელი ივნისით და მისი ხელმომწერი მხარეები არიან შპს „შუქრუთი +“ (შპს „მაღაროელის“ ძველი სახელწოდება), დანართი ერთზე ხელმომწერი პირები და მათთან ერთად „მესაკუთრეები“. 

უშუალოდ მემორანდუმზე დაზარალებულ მოქალაქეებს ხელი არ მოუწერიათ. მათ ეს დოკუმენტი არც გააცნეს. დაზარალებულების მიერ ჩვენთვის მოცემული ახსნა-განმარტებებით, კომპანიის წარმომადგენლები შუქრუთის მცხოვრებლებთან ცარიელი ფურცლებით მივიდნენ და უთხრეს, რომ თუ მათ (მოსახლეობას) კომპენსაციის მიღება სურდათ, ფურცელზე ხელი უნდა მოეწერათ.

ამ დროისთვის სულ მცირე 30 ოჯახის უფლებებს ვიცავთ და მემორანდუმი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებიდან არავის ჰქონდა. კომპანიამ ეს დოკუმენტი დაურთო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელებს.

მემორანდუმს თან ერთვის ხელმოწერები, რომელიც დათარიღებულია დანართი 23-ით. მემორანდუმის მიხედვით კი, მხარე (მხარეები) შეიძლება იყვნენ მხოლოდ დანართი 1-ით განსაზღვრული პირები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მემორანდუმის ტექსტის შესაბამისად, დანართზე (ცარიელ ფურცელზე) ხელს აწერინებდნენ ნებისმიერ პირს, მიუხედავად იმისა, რომ ზიანისთვის კომპენსაცია მხოლოდ მესაკუთრეებს მიეცემოდათ.

მემორანდუმი არ მოიცავს რაიმე სახის კონკრეტულ ჩანაწერს დაზარალებულ პირებზე, ქონებაზე, მიყენებულ ზიანზე, კომპენსაციის ოდენობასა თუ გადახდის პირობებზე. 1.4 პუნქტი ადგენს, რომ თითოეულ მესაკუთრესთან დამატებით უნდა გაფორმდეს ინდივიდუალური შეთანხმება, რომლითაც კომპენსაციის პირობები დეტალურად განისაზღვრება.

მემორანდუმის ძირითადი მიზანია მოსახლეობის შებოჭვა, რათა კომპანიას შეუფერხებლად გაეგრძელებინა მუშაობა, რაც იწვევდა და იწვევს დასახლებული პუნქტებისთვის, კერძო საკუთრებისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას.

მემორანდუმი მთლიანად ცალმხრივია და მხოლოდ შპს „შუქრუთი +“-ის ინტერესებზეა მორგებული. თითქმის ყოველი მეორე მუხლი ისეთ პირობებს ადგენს, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კაბალურია. მესაკუთრეებს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რაც მათთვის ზიანის მომტანია და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

ყველა პუნქტზე რომ არ შევჩერდეთ, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ.

მაგალითად, მეორანდუმის 4.2. პუნქტის თანახმად, მემორანდუმის მოქმედების განმავლობაში, მისი ხელმომწერი ერთი პირიც კი, თუ რამე სახით ხელს შეუშლის კომპანიას, ამ უკანასკნელს უფლება ეძლევა, ყველა მესაკუთრეს შეუჩეროს გადახდა და ყველა ხელმომწერი მესაკუთრისგან უკან დაიბრუნოს უკვე გადახდილი თანხები.

კომპანია მოსახლეობას ფაქტობრივად უზღუდავს ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვას, ასევე, შემოაქვს კოლექტიური პასუხისმგებლობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

მემორანდუმში ეს ჩანაწერები მითუფრო აბსურდულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ 1.1. პუნქტის თანახმად, ანაზღაურება ეძლევა მხოლოდ „მესაკუთრეს“, ხოლო დანართზე ხელს აწერს ნებისმიერი პირი, რომელიც მემორანდუმის დარღვევის შემთხვევაში, არაფერს დაკარგავს.

მემორანდუმის 4.4. პუნქტის თანახმად, თუ შპს „შუქრუთი+“, მემორანდუმის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში, ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტს სამთო-მოპოვებით საქმიანობას, ის და შპს „ჯორჯიან მანგანეზიც“ თავისუფლდებიან დაზარალებული მოსახლეობისთვის ყველანაირი კომპენსაციის გაცემის ვალდებულებისგან. მემორანდუმის მოქმედების ვადა კი 15 წელია.

მკითხველისთვის კიდევ უფრო გასაგებად რომ განვმარტო, ამ პუნქტებიდან გამომდინარე, შპს „შუქრუთი +“-ს (ამჟამად შპს „მაღაროელი“) შეუძლია 14 წლისა და 11 თვის განმავლობაში გადათხაროს მთელი შუქრუთი, მილიონები იშოვოს, შემდეგ ნებისმიერი მიზეზით შეწყვიტოს საქმიანობა და გამოდის, რომ რადგანაც 15 წელი ვერ იმუშავა, მისი საქმიანობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ლარის გადახდაც არ ევალება.

მემორანდუმში ასეთი ჩანაწერები კიდევ უფრო აბსურდულია, რადგან შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და შპს „შუქრუთი +“-ს შორის უბრალოდ მომსახურების (ნარდობის) ხელშეკრულებები ფორმდებოდა და ისიც ერთი წლით. მომსახურების ხელშეკრულება კი საკანონმდებლო რეგულირებიდან გამომდინარე,  შემკვეთის მოთხოვნით, ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს.

მემორანდუმი არის კაბალური, მასზე არსებული ხელმოწერები გაკეთებულია მოტყუებით ან გაყალბებით და არ შეიძლება ამ დოკუმენტს რაიმე ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

- 2021 წელს, შუქრუთის მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, შპს „მაღაროელმა“ და შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ რამდენიმე ოჯახთან შეთანხმება გააფორმეს. დაარღვიეს თუ არა კომპანიებმა ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები?

- შპს „ჯორჯიან მანგანეზს“, შპს „მაღაროელსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება გაფორმდა 2021 წლის 9 ივნისს, ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ. ამ შეთანხმებაში მემორანდუმი ნახსენებიც კი არ არის.

სწორედ ეს შეთანხმებაა მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგანაც პირველად მოხდა, რომ დაზარალებული მოსახლეობა და კომპანიები (შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, შპს „მაღაროელი“) ზიანის ერთიან, სამართლიან შეფასებაზე შეთანხმდნენ. ასევე, პირველი შემთხვევა იყო, როცა შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ შეთანხმებაში მხარედ განისაზღვრა.

შეთანხმების თანახმად, დოკუმენტზე ხელმოწერიდან სამ სამუშაო დღეში, მხარეებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსთვის უნდა მიემართათ დასკვნის მომზადების მოთხოვნით.

ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას უნდა ეპასუხა შემდეგი კითხვებზე:

  • ქონების რა ნაწილია დაზიანებული ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვის მომენტისთვის, რომელი დაზიანებაც ჰიპოთეტურად შესაძლებელია (ალბათობის დაბალი სტანდარტით) გამოწვეული იყოს სოფელ შუქრუთში და მის მიმდებარედ განხორციელებული მანგანუმის მადნის სამთო მოპოვებითი საქმიანობით;
  • ზიანის არსებობის შემთხვევაში, განისაზღვროს რა არის დაზიანებული ქონების ყველა შესაბამისი ნაწილის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯები;
  • იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დაზიანების აღმოფხვრა, განისაზღვროს ასეთი დაზიანების მქონე ფუნქციურად ანალოგიური ქონების შექმნისათვის საჭირო ხარჯი, რაც მოიცავს შენობა - ნაგებობას, მიწისა და ნარგავების ზიანს.

ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის ყველა ხარჯი კომპანიებს უნდა გადაეხადათ.

შეთანხმება პრაქტიკულად მესამე დღესვე დაირღვა, როდესაც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს არა მხარეებმა, არამედ მხოლოდ კომპანიებმა. შესაბამისად, მოსახლეობას დღემდე არ მიუწვდება ხელი ექსპერტიზის დასკვნაზე. დაზარალებულებმა ისიც კი არ იციან, არსებობს ასეთი დასკვნა თუ არ არსებობს. ექსპერტიზის ბიურომ მათ უარი უთხრა ინფორმაციის გაცემაზე, რადგან დამკვეთს არ წარმოადგენენ.

კომპანია თავიდანვე ფიქრობდა, შესაძლებელი გაეხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა კომპენსირების ერთადერთი გზა არ ყოფილიყო. ამიტომაც, შეთანხმებაში ჩაწერა ზიანის ანაზღაურების მეორე ფორმა, რაც ითვალისწინებს ზიანის გადახდას თავისივე შემფასებლის მიერ დადებული დასკვნის საფუძველზე. დაზარალებულს კომპენსაციის მისაღებად ერთ-ერთი გზა უნდა აერჩია.

მიმდინარე აქციის მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან ასეთი კონტრაქტიც არ არსებობს, მათი სახლები კი დაზიანებულია და ინგრევა.

შუქრუთის ზოგიერთ მცხოვრებთან გაფორმებულია სხვა სახის ხელშეკრულებებიც.

მოსახლე, რომელიც კომპანიას კონკრეტული ზიანის აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართავდა, მაგალითად, კედლის დაბზარვის გამო, მასთან ფორმდებოდა „შეთანხმება მორიგებაზე“; კომპანიის შემფასებელი ზიანს აფასებდა და დაზარალებულს დაზიანების გამოსასწორებლად თანხას ურიცხავდნენ.

ასეთი კონტრაქტები ერთ-ერთი ყველაზე კაბალურია, რადგანაც შეთანხმების 3.1. მუხლის თანახმად, გადახდილი თანხა ითვლებოდა როგორც მიყენებული, უკვე არსებული ზიანის, ასევე, ნებისმიერი სამომავლო ზიანის კომპენსაციად და მესაკუთრე კარგავდა პრეტენზიის წაყენების უფლებას. ასეთი შეთანხმებებით დაზარალებულ მოსახლეობას, უმეტესად 2-დან 10 ათას ლარამდე უხდიდნენ.

თუ დაზარალებული მთელი ქონებისათვის მიყენებული ზიანის შეფასებას და ანაზღაურებას მოითხოვდა, მასთან აფორმებდნენ „ავანსად გაცემის თაობაზე შეთანხმებას“. ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა.

ეს შეთანხმებაც კაბალურ პირობებს შეიცავს. მაგალითად, 5.3 პუნქტის თანახმად, ავანსი ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ კომპანია შეწყვეტს საქმიანობას და/ან ქონება არ მოხვდება ჩამოქცევის ზოლში.

ვის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავთ, არცერთ მათგანს ხელშეკრულების ასლი, სამწუხაროდ, არ ჰქონდა.

- ვიცით, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები აქციის მონაწილეებს სასამართლოშიც უჩივიან. სულ რამდენი სარჩელია შესული და მოკლედ, რომ გვითხრათ, რას ითხოვს მათგან კომპანია. აქციაში მონაწილეობის გამო გათავისუფლებულმა პირებმაც თუ მიმართეს სასამართლოს?

- აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ჯერ-ჯერობით სასამართლოში 2 სარჩელია შეტანილი. მიმაჩნია, რომ ეს სარჩელები სასამართლოს წარმოებაშიც არ უნდა მიეღო. შპს „მაღაროელის“ მიერ დაყენებული მოთხოვნები სრულიად გაუგებარი და აბსურდულია.

პირველი სარჩელით, რომლითაც კომპანიამ სასამართლოს, 20 ადამიანის წინააღმდეგ, 2024 წლის მარტში მიმართა, ფაქტობრივად ითხოვს, მათ აეკრძალოთ პროტესტის გამოხატვა მათსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზეც. ასევე, ითხოვენ, რომ ეზოები, სადაც პროტესტის მონაწილეთა სახლები დგას, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, 4 წლის ვადით გადაეცეს კომპანიას მანგანუმის მოსაპოვებლად.

მეორე სარჩელით, რომელიც სასამართლოში აგვისტოში წარადგინეს, კომპანია 30 მოქალაქეს 5.5 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ედავება. ამ სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ფაქტობრივად მოთხოვნილი იყო პროტესტის აკრძალვა მაღაროებთან, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამავე სარჩელზე, კომპანია ახლა პროტესტის მონაწილეთა ქონების დაყადაღებასაც ითხოვს. კონკრეტულად ამაზე სასამართლოს ჯერ განჩინება მიღებული არ აქვს.

რაც შეეხება აქციაში მონაწილეობის გამო გათავისუფლებულ მაღაროელებს, სულ 5 პირი დაითხოვეს. ამ დროისთვის უკანონოდ გათავისუფლების ბრძანება ერთმა პირმა გაასაჩივრა. სარჩელი სასამართლოს წარმოებაში აქვს მიღებული და ვითხოვთ, რომ პროცესი მალე ჩაინიშნოს.

ამასთან, აქციის სამი მონაწილე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებაშია ბრალდებული. მათ გირაო აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა 11 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში