საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

16 სექტემბერს პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:08 - 14 სექტემბერი 2024 hits 2301

ორშაბათს, 16 სექტემბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან შუქრუთელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებსაც მანგანუმის მოპოვების შედეგად სახლები ენგრევათ, 14 მარტიდან უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან.

პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინოს და დაზარალებულ ოჯახებს სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადოს.

სანაცვლოდ, კომპანია ყველა რესურსს იყენებს პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციისა და ჩაგვრისთვის - უჩივის პოლიციაში, პროკურატურაში, სასამართლოში. კომპანიის მოთხოვნით, ადგილობრივმა სასამართლომ დაზარალებულებს მაღაროებთან პროტესტი აუკრძალა; აქციის 3 მონაწილე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს და გირაო შეუფარდეს; „ჯორჯიან მანგანეზი“ ითხოვს, იმ ადამიანებს, ვის სახლებსაც მადნის მოპოვების შედეგად ანგრევს, 5,5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროთ კომპანიის სასარგებლოდ. ამავე დროს, დაყადაღდეს მათი უძრავი ქონება და პირველივე მოთხოვნისთანავე, 4 წლით, კომპანიას გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზარალებულებმა სახლები და სათავსოები თვითონ უნდა დაშალონ, ტერიტორია ნანგრევებისგანაც გაასუფთაონ და მანგანუმის გამოსატანად ან ამოსაღებად კომპანიას გადასცენ; 24 აგვისტოს, საგანგებოდ მობილიზებულმა პირებმა ჩაშალეს შუქრუთელების მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი მსვლელობა ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის სოფელში და აქციის არცერთი მონაწილე ჭორვილაში არ შეუშვეს. პოლიციამ არ დაიცვა შეკრების მონაწილეთა გამოხატვის უფლება. ოცდაათიოდე ქალს ჭორვილაში რომ ვერ შეეღწია, ოპერაციას იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა ცხაკაია და მისი მოადგილე კოკა მაისურაძე ხელმძღვანელობდნენ. პოლიციელები სოფელში შემსვლელ მანქანებს სათითაოდ ამოწმებდნენ; „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამსახურიდან პროტესტის ყველა მონაწილე დაითხოვა.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეთა ნაწილს კომპენსაცია სრულად აქვს მიღებული. კომპანია უკანონოდ ავრცელებს მათ პერსონალურ მონაცემებს. სინამდვილეში, აქციაში ის ადამიანებიც მონაწილეობენ, ვისაც არაფერი აქვთ მიღებული ან მხოლოდ თანხის ნაწილი ჩაერიცხათ ავანსის სახით.

11 სექტემბრიდან შუქრუთის მცხოვრებლები აქციას მართავენ თბილისში, პარლამენტთან, სადაც პოლიცია მათ უზღუდავს შეკრებისა და აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას და კარვის დადგმის საშუალებას არ აძლევს. არადა, აქციის 6 მონაწილე 1-ელი სექტემბრიდან შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“). 2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ ოფიციალურად სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში